|
|
"სარბიელი"
ლოკომოტივი 10 გოლს გაუშვებდა: როგორ გავხდით ეტცელას დასაცინი
ზოგადად, დაცინვას კაცი არ მოუკლავს, მაგრამ... ლუქსემბურგელი სტუდენტი, შეთავსებით ფეხბურთელი რომ დაგცინებს, გული კი უნდა მოგიკვდეს. იმიტომ უნდა მოგიკვდეს, რომ იმ ლუქსემბურგელ სტუდენტ-მოყვარულს, პრინციპში, ტყუილი არ უთქვამს. და რა თქვა ამისთანა ლუქსემბურგული "ეტცელას" სტუდენტ-მოყვარულმა ფეხბურთელმა. რა და, გაკვრით ახსენა, ინტერტოტოს თასის მეორე ეტაპზე რუსულმა "სატურნმა" ჩვენ შვიდი გოლი რომ გაგვიტანა, ქართულ "ლოკომოტივს" ათს მაინც გაუტანდაო. საერთოდ, რა არის, იცით. ვიღაცა რომ რაღაცას იტყვის, ყველაფერს თუ ყურადღება მიაქციე... მაგრამ, მოდი და, ნუ გაგისკდება გული, ლუქსემბურგელი სტუდენტ-მოყვარულის დასაცინი რომ გახდება ქართველი პროფესიონალი ფეხბურთელი. და ეს კიდევ არაფერი. უფრო დიდი სირცხვილი ის არის, რომ გვეუბნებიან, სულაც არ არის სირცხვილიო...
თბილისის "ლოკომოტივის" წამქცევმა, ლუქსემბურგულმა "ეტცელამ" გუშინწინ ინტერტოტოს თასის მეორე ეტაპზე რამენსკოეს "სატურნთან" 0:7 წააგო. რუსი ჟურნალისტები ნამატჩევს "ეტცელას" ფეხბურთელს, შეცვლაზე შესულ დო როსარიოს გაესაუბრნენ... - გასაგებია, რომ თქვენთვის არასასიამოვნოა, მაგრამ გაგვიზიარეთ მატჩის შთაბეჭდილებები... - მეტოქე ერთი თავით ძლიერი იყო, ჩვენც, ფაქტობრივად, შანსი არ გვქონია, თუმც ეს გასაკვირიც არ არის. "სატურნში" პროფესიონალები თამაშობენ, ჩვენ კი მოყვარულები ვართ. თუმცა რუსებთან თამაში მოგვეწონა და ლუქსემბურგში რომ ჩამოვლენ, ბოლომდე შევებრძოლებით. - და ეგებ ფრესაც გამოჰკრათ ხელი... - ეს საერთოდ შესანიშნავი იქნებოდა. ისე, 0:1 თუ წავაგებთ, ნორმალურად ჩავთვლით. - შეგიძლიათ შეადაროთ "სატურნი" და თქვენი წინა მეტოქე, ქართული "ლოკომოტივი". - ამ გუნდებს შორის გიგანტური სხვაობაა. "ლოკომოტივი" "სატურნს" რომ შეხვედროდა, ჩვენზე მეტ გოლს გაუშვებდა - ათს მაინც. - "სატურნის" შემადგენლობაში ვის გამოარჩევდით. - იმ შავკანიან ბიჭს, მარჯვნივ რომ თამაშობდა. ძალიან ბევრი ირბინა. - ეს თქვენი პირველი საერთაშორისო მატჩია. - დიახ, დღეს პირველად ვითამაშე საერთაშორისო დონეზე. - ის სიმართლეა, რომ თქვენი კლუბი ლუქსემბურგის თასის მფლობელია. - "ეტცელას" მოუგია თასი, თუმცა ეს ადრე იყო. გასულ სეზონში მეოთხედფინალიდან გამოვეთიშეთ გათამაშებას, ჩემპიონატში კი მეოთხე ადგილზე გავედით. - "ეტცელა" მოყვარულთა გუნდიაო, ამბობთ და, თქვენი ნამდვილი პროფესია რა არის. - სტუდენტი ვარ. იმედი მაქვს, მომავალში პროფესორი გავხდები. ფრანგული ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ. - გუნდში თუ გყავთ ერთი პროფესიონალი მაინც. - არა. - კიდევ რა პროფესიის ფეხბურთელები თამაშობენ თქვენს გუნდში, იქნებ რომელიმე პოლიციელიცაა. - არა, არა... პოლიციელი არ გვყავს. - ფოსტალიონი. - არც ფოსტალიონი, ბანკირები გვყავს. - თქვენი გუნდის მეკარე რითია დაკავებული. - ექიმია. ასე რომ, თუ ჯანმრთელობის პრობლემები გექნებათ, მას ჩამოაკითხეთ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |