"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

კიევური სიო: სიომინმა ასათიანი მოითხოვა

კახა შალამბერიძე

კიევის "დინამოს" მთავარ მწვრთნელ იური სიომინს თავის გუნდში საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველის, მალხაზ ასათიანის ხილვა სურს.

"კიეველები ცენტრალურ მცველს ეძებენ. სიომინის აზრით, ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი ასათიანია. "დინამოს" თავკაცი ქართველ ფეხბურთელს კარგად იცნობს, ვინაიდან "ლოკომოტივში" მუშაობისას ასათიანს ბოლომდე ენდობოდა. ამჟამად, ტრავმების გადატანის შემდეგ, ასათიანს ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ავსტრიულ შეკრებაზე ასათიანმა მოსკოველთა მთავარ მწვრთნელ რაშიდ რახიმოვთან საერთო ენა ვერ გამონახა" - იუწყება პიროვნება, რომლის ვინაობას რუსული "ტვოი დენი" არ ამხელს.

რუსული პრესის ცნობით, სიომინი ასათიანს უკვე დაუკავშირდა და კიევში გადასვლა შესთავაზა...

"კიევის "დინამოს" თავკაცის მხრიდან დიდი ინტერესის მიუხედავად, ასათიანი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. შარშან "ლოკომოტივმა" მასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და ხელფასიც გაუზარდა. ასე რომ, მას გუნდის შეცვლაზე დაფიქრება მოუწევს. რუსულ პრემიერლიგაში ნახევარ სეზონზე მეტი ჩასატარებელია და ქართველ ფეხბურთელს საკუთარი პოტენციალის გამოსავლენად დრო კიდევ აქვს. შესაძლოა, ამ შემთხვევაში, "ლოკომოტივის" სამწვრთნელო შტაბმა ასათიანს ძირითად შემადგენლობაში მუდმივი ადგილი დაუბრუნოს" - აცხადებს ინკოგნიტო.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com