|
|
"სარბიელი"
შავებმა ჩემპიონი ტალახში აზილეს
ბაჩო სვანიძე
თუ ვინმეს მიგიწვდებათ ხელი ისეთ საკაბელო არხებზე, რომლებიც ზერაგბის ბლომად აჩვენებენ, და ეს მატჩი არ ნახეთ, მაშინ ბევრი დაგიკარგავთ. უეშხიანესმა ახალმა ზელანდიამ და მსოფლიოს ჩემპიონმა სამხრეთ აფრიკამ შაბათს, ჩვენი დროით დილის თორმეტის ნახევარზე ისეთი რაგბი გააჩაღეს, ინტრიგანი უნდა ყოფილიყავი, რამე წუნი გეპოვა. რა უნდა თქვა მატჩზე, რომლის შემხედვარე კაცი იფიქრებდი, ადამიანები კი არა, უცხოპლანეტელები რაგბობენო... ახალმა ზელანდიამ, რომელსაც თორმეტიდან რვა ტურნირი აქვს მოგებული და ახლა მეცხრე ტიტულს უმიზნებს, სამხრეთ აფრიკა ისტუმრა და ძვლებისხრჭიალში ეშხიანი რაგბობით წინა მსოფლიოს თასიდან მოყოლებული პირველი მარცხი აგემა. ველინგტონში საშინელი ავდარი იყო. კოკისპირულად წვიმდა და მოედანიც აიზილა. მოთამაშეები ისე მძიმედ გადაადგილდებოდნენ, რომ თამაში რინგზე მძიმეწონოსანთა ბრძოლას დაემსგავსა, მაგრამ იმიტომ არიან ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა, რომ, ავდრის მიუხედავად, მუღამიანი რაგბი ითამაშონ. გაიბრწყინა მსოფლიოს ჩემპიონმა და საუკეთესო მორაგბემ ბრაიან ჰაბანიმ, რომელმაც პირველ ტაიმში, მძიმე გრუნტის მიუხედავად, ჩვეული სიმსუბუქით გაინავარდა და მასპინძლები ღიმილ-ღიმილით დაალელოვა. იქამდე ანგარიში 9:3 იყო "შავების" სასარგებლოდ და ჰაბანამ ერთ კინკილა ქულამდე მიუახლოვა თავისიანები წინ გაჭრილ მასპინძლებს. მეორე ტაიმში კი ჰაბანას საფირმო ღიმილი შეაშრა. მოედანი კოლიზეუმს დაემსგავსა, ბოჭვა ბოჭვაზე მიდიოდა, დანდობა არ იყო, ლამის კისრის მალებში გადაამტვრიეს ერთმანეთი. ამ დაკა-დაკაში უფრო გამძლეები ახალზელანდიელი მორკინალები გამოდგნენ, რომლებმაც მეტოქის კუნთმაგარი და ბრგე ბიჭები ჩაჩეჩქვეს, თავიანთ ლიდერ დან კარტერს სრული თავისუფლება და ბურთი მისცეს. კარტერმაც ურტყა და ურტყა მეტოქის კარში და თავისიანებს სამი ერის სტარტზე პირველი გამარჯვება მოუპოვა. ცნობისთვის: 1992 წლის აქეთ სამხრეთ აფრიკას ახალ ზელანდიაში არ გაუმარჯვია. "შავებმა" კი 2003 წლიდან მოყოლებული, შინ ზედიზედ 30-ე მატჩი მოიგეს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |