"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

ჟიტუს ათმა დინი გააოცა

ბაჩო სვანიძე

ავსტრალია 40:10 საფრანგეთი

ავსტრალია: 4ლ: ჰეინესი, ჰორვილი, კროსი (2); 4 გ: ჟიტუ; 4ს: ჟიტუ

საფრანგეთი: 1ლ: ტინდიუ; 1გ: იაშვილი; 1ს: ტინდიუ

სამი ერის მესამე მშვენება ავსტრალია პირველ წრეში უქმობდა. ოზები მეორე წრეშიც იუქმებენ და სანამ სამ ერზე ომში ჩაებმებიან, იქამდე ტესტებით ხურდებიან.

ავსტრალიამ მეორე თამაში მოუგო სამხრეთულ ტურნეზე მყოფ საფრანგეთს. ოღონდ თუ წინა კვირას ასე თუ ისე დაინდო, ამჯერად მეტოქეს არ "მოეფერა" და მათ შორის ბოლო 13 დაპირისპირებაში სარეკორდო სხვაობით დაამარცხა.

ნამატჩევს ფრანგთა მწვრთნელმა მარკ ლივრმონმა დაიჩივლა, საფრანგეთის ჩემპიონატის პლეი ოფის გადამკიდე რაზმი ძლივს შევაკოწიწე, ახლა თავის მართლება კი არა, სამომავლოდ ახალი გუნდის კეთება უფრო გვმართებსო. საფრანგეთის ჩემპიონატი ათი დღის წინ კი დასრულდა, მაგრამ იმ დროისთვის "მამლები" უკვე სამხრეთში მიფრინავდნენ და მოწინავე ოთხი კლუბის სულ ნარჩევი ბიჭები ვერ დაიმატეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ავსტრალიელი მეტ ჟიტუ გახდა, რომელიც მშვენივრად მოერგო ათი ნომრის პოზიციას. ჟიტუ ისე ათამაშდა, თავისიანებს, ეგებ სტივენ ლარკემი მალევე დაავიწყდეთ. ჟიტუმ მწვრთნელ რობი დინს ათქმევინა, ამ დონის ათი ნომერი ბოლო წლებში არ გამოჩენილაო.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com