"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

ნადალი ბალახზეც რაფაელოა: უიმბლდონის ვირუსი: ისევ ვინუსი უუუუხ, რა ფინალი იყო!

გუშინ უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე ისეთი მატჩი გაიმართა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ემახსოვრებათ და რომელიც აუცილებლად დაიკავებს ადგილს ჩოგბურთის ისტორიაში. უიმბლდონზე რა არ უნახავთ და როგორი ბატალიების მომსწრენი არ გამხდარან, მაგრამ გუშინდელმა შეხვედრამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, რადგანაც ასეთი მაღალი დონის ჩოგბურთისთვის, თანაც თითქმის 5 საათის განმავლობაში, დიდი ხანია არავის უცქერია.

ეს მართლაც ორი ტიტანის ჯახი იყო, ორი ზეადამიანის დაპირისპირება, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს და ყველაფერი ჩადეს მიზნის მისაღწევად. ეს იყო ორი უდიდესი ნებისყოფის, უძლიერესი სულისკვეთებისა და საოცარი ბრძოლისუნარიანობის მქონე მეჩოგნის ჯახი, რომელშიც ერთმაც და მეორემაც გამძლეობისა და გამარჯვებისკენ სწრაფვის სასწაული მაგალითი აჩვენეს.

სიმართლე რომ ითქვას, ძნელია იმ ემოციური მუხტიდან გამოსვლა, რაც ამ მატჩმა ჩოგბურთის ყველა ჭეშმარიტ მაყურებელს შესძინა. ორივე ჩოგბურთელმა იმდენი იომა, რომ კორტზე შეკრებილ გულშემატკივარს წასაგებად არც ერთი არ ემეტებოდა და მატჩის მიწურულისკენ ვეღარ აერჩია, რომლის მხარე დაეჭირა.

მატჩი უკეთესად ნადალმა დაიწყო. ესპანელი გაცილებით დაკვირვებით თამაშობდა და თავის შანსებს უფრო ფაქიზადაც იყენებდა. ფედერერს კი, ეტყობა ჯერაც მწარედ ახსოვდა "როლან გროსის" ფინალში ერთი თვის წინ ნაწვნევი მარცხი და ამიტომ თავიდან შეეცადა, ესპანელს უკანა ხაზიდან თამაშში გაჯიბრებოდა. შვეიცარიელი მალევე მიხვდა ჩანაფიქრის სისულელეს და მატჩის რიტმის შეცვლა სცადა, მაგრამ უკვე გვიან იყო - ესპანელს ხელთ ეპყრა უპირატესობა და აკი პირველი ორი სეტიც დამაჯერებლად მოიგო.

აქ მართლაც ცოტა თუ მოიძებნებოდა ისეთი, რომელიც ფედერერის წარმატებაზე გახვრეტილ გროშს მაინც დადებდა - აი, ნადალს რომ ჰქონოდა ორი სეტი წაგებული, მისი ბრძოლისუნარიანიობის პატრონისგან ყველაფერი იქნებოდა მოსალოდნელი.

მაგრამ სწორედ ამ დროს ალპელს სულზე მოუსწრო წვიმამ, რომლის გამო თამაში დაახლოებით საათნახევრით შეწყდა. ამ დროში შვეიცარიელმა ძალებიც აღიდგინა და თან გასახდელში სწორი დარიგებებიც მიიღო. შედეგად, "მხიარულმა როჯერმა" შეძლო თამაშის გაძლიერება და ზედიზდ ორი სეტი ტაიბრეიკებზე მოიგო.

ისე, ნადალს მეოთხე პარტიაში უნდა მოეთავებინა საქმე, როდესაც ტაიბრეიკზე მას ორი მატჩპოინტი ჰქონდა. თუმც რკინის ნერვების მქონე ესპანელიც კი შედრკა და ხელიდან გაუშვა თავისი შანსი.

აქამდეც ხომ უმაღლესი დონის ჩოგბურთი მიდიოდა, გადამწყვეტ სეტში კი საერთოდ ფანტასტიური ჩოგნაობა გაჩაღდა, რომელშიც არც ერთი არ აპირებდა გოჯის დათმობასაც კი. ამასობაში კი ლონდონში დაღამდა კიდეც და უკვე მატჩის ორშაბათზე გადატანაზე დაიწყეს ლაპარაკი, როცა ნადალმა მაინც გატეხა უკვე გვარიანად დაღლილი მეტოქე, ჯერ ბრეიკი გააკეთა, შემდეგ კი საკუთარ მოწოდებაზეც იყოჩაღა და...

მერე კი ნადალს მალიორკიდან ჩამოსული მთელი სანათესაო ეხვეოდა. ეგ კი არა, რაფას გამარჯვება ესპანეთის კრონპრინცმაც მიულოცა. დანარჩენებს არც ფედერერი ჩამორჩა, რომელმაც ჩვეული ჯენტლმენობა გამოიჩინა და ნადალს ზეიმი არ ჩაუშხამა.

კახა ლომაშვილი

* *

რაფაელ ნადალი

დაიბადა 1986 წლის 3 ივნისს მანაკორში (მალიორკა, ესპანეთი). ესპანეთის მოქალაქე. ცხოვრობს მანაკორში. სიმაღლე 185 სმ. წონა 85 კგ. პროფესიონალია 2001 წლიდან. კარიერის მანძილზე მოპოვებული აქვს ერთეულთა 29 (მათ შორის 5 დიდი სლემის: როლან გაროსი - 2005-08; უიმბლდონი - 2008) და წყვილთა 4 ტიტული. ჩატარებული 382 მატჩიდან 309 მოიგო და 73 წააგო. საპრიზოებით გამოიმუშავა 19 მილიონი დოლარი. კარიერის უმაღლესი ადგილი რეიტინგში - 2 (პირველად 2005 წლის 25 ივლისს).

ნადალი უიმბლდონ-2008-ზე

| წრე: ნადალი - ანდრეას ბეკი (გერმანია) 6:4 6:4 7:6

|| წრე: ნადალი - ერნესტ გულბისი (ლატვია)

5:7 6:2 7:6 6:3

||| წრე: ნადალი - ნიკოლას კიფერი (27, გერმანია)

7:6 6:2 6:3

|| წრე: ნადალი - მიხაილ იუჟნი (17, რუსეთი) 6:3 6:3 6:1

1ჰ4 ფინალი: ნადალი - ენდი მიურეი (12, ბრიტანეთი)

6:3 6:2 6:4

1ჰ2 ფინალი: ნადალი - რაინერ შუტლერი (გერმანია)

6:1 7:6 6:4

ფინალი: ნადალი - როჯერ ფედერერი (1, შვეიცარია)

6:4 6:4 6:7 6:7 9:7

ვინუს უილიამსმა შაბათს თავისი მეხუთე უიმბლდონი და მეშვიდე სლემტიტული მოიგო, მაგრამ სიხარული არაფრით გამოუხატავს - არც ტრადიცული ერთ ადგილზე ცქმუტვით, არც ჩვეული ირონიული ღიმილითა და არც მატჩისშემდგომი აღფრთოვანებული კომენტარებით. ამით ვინუსმა საკუთარი და დაინდო, რომელსაც ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, როგორც იქნა, მაინც მოერია.

სლემტურნირების ფინალებში ეს უკვე რიგით მეშვიდე უილიამსური ჯახი გაიმართა. გუშინდლადმე ამ შიდაოჯახურ ბატალიებში უმცროს სერენას გვარიანი უპირატესობა ჰქონდა, რადგანაც 5:1 მიჰყავდა - რაც ვინუსმა 2001 წელს აშშ-ს ღია პირველობის ფინალში დაამარცხა, მას შემდეგ უმცროს დაიკოს ვერაფრით გამკლავებოდა. მათ შორის აქ, უიმბლდონზეც, სადაც ვინუსმა ორჯერ, 2002 და 2003 წლებში, ტიტული სერენას დაუთმო.

ამიტომაც თქვა ნამატჩევს უფროსმა შავდამ:

"რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი გახლდით და ჭკუაზეც არ ვიყავი სიხარულისგან, მაგრამ კარგად ვიცოდი სერენა რასაც გრძნობდა - მე ხომ მის ადგილას არა ერთხელ ვყოფილვარ და ამიტომაც ვეცადე, თავი მაქსიმალურად შემეკავებინა".

აი, სერენას კი აშკარად ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა და მიუხედავად იმისა, რომ ტიტული ოჯახში დარჩა, მაინც უჭირდა მარცხის მონელება. უმცროსი და მართლაც დაგეშილი იყო ჩემპიონობაზე და როგორც შემდეგ აღიარა, მატჩის წინ წაგება აზრადაც არ გაუვლია:

"ეს იოლი არ იყო, მაგრამ ვცდილობდი ვინუსისთვის, როგორც უცხოსთვის, ისე მეყურებინა. კორტზე უნდა დაგვევიწყებინა, რომ დები ვიყავით".

ჩვენში დარჩეს და ეს ორივეს ძალიან კარგად გამოუვიდა. დები ქულების ასაღებად არაფერს, მათ შორის ერთმანეთისთვის ბურთის მორტყმასაც არ ერიდებოდნენ. ეს კი, როცა საქმე უილიამსებთან გაქვს, არცთუ უხიფათოა ჯანმრთელობისთვის, რადგანაც ორივე ისეთი ძალით უხათქუნებს, რომ მეტოქის გვარაიანდ დაზარალება შეუძლია. ასე მაგალითად, ერთ მომენტში სერენამ ბადესთან გასული ვინუსისთვის ჭკუის სწავლება მოინდომა და პირდაპირ სახეში დაუმიზნა, თუმც ამ უკანასკნელმა არათუ შეძლო თავის დაცვა, არამედ ისე დაუხვედრა ჩოგანი, რომ ქულა თავად აიღო. შემდეგ არც ვინუსი დარჩა ვალში და მეორე სეტის შუაწელიდან ჩაწოდებისას პირდაპირ სერენას უმიზნებდა.

მთლიანობაში კი თანაბარი ორთაბრძოლა იყო, რომელშიც თითქოს ყოველთვის წინ სერენა იყო, მაგრამ ვინუსი მაინც ახერხებდა მატჩის ჩარხის სათავისოდ შეტრიალებას. სტატისტიკაც თითქოს უმცროსი დის სასარგებლოდ მეტყველებს - სერენამ მეტი ეისი მოაწოდა (9:4), მეტი გათამაშება მოიგო (32:27) და ნაკლები შეცდომა დაუშვა (11:13). მაგრამ ვინუსი ერთ მაჩვენებელში იყო უკეთესი და ყველაფერიც ამან გადაწყვიტა - მან უკეთესად გამოიყენა თავისი შანსები და 7 ბრეიკ პოინტიდან 4-ჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, მაშინ როცა სერენამ 13-დან მხოლოდ 2-ჯერ იხეირა.

თუმც ვინუსისთვის მთავარი ის იყო, რომ უმცროს დას ძალისმიერ თამაშში არ ჩამორჩა, რაც სერენასთვის ნამდვილ სიურპიზად იქცა. სხვათა შორის, უფროსმა დამ ფინალში ტურნირის ისტორიაში ყველაზე ძლიერი მოწოდება შეასრულა - ვინუსმა 207,6 კმჰსთ-ით გაისროლა ბურთი და თავისივე რეკორდი გააუმჯობესა.

ფინალიდან რამდენიმე საათში კი დები ერთად გავიდნენ კორტზე წყვილთა ფინალის სათამაშოდ და საცოდავი სამანტა სტოსურისა და ლიზა რეიმონდის დუეტი უსასტიკესად გაბრდღვნეს. შავდებისთვის ეს წყვილში მოგებული მესამე უილმბლდონი, მთლიანობაში კი მეშვიდე სლემტიტულია.

ასე რომ უილიამსთა კლანმა ლონდონში გვარიანად შეივსი ჯიბეები - მთლიანობაში 2,5 მილიონი დოლარი მოხვეტა და ოკეანისგაღმეთში გაუტია.

კახა ლომაშვილი

ვინუს უილიამსი

დაიბადა 1980 წლს 17 ივნისს ლინვუდში (აშშ, კალიფორნიის შტატი), აშშ-ის მოქალაქე. ცხოვრობს პალმ ბიჩში (აშშ, მაიამის შტატი). სიმაღლე 185 სმ, წონა 72,5 კგ. პროფესიონალია 1994 წლიდან. კარიერის მანძილზე მოპოვებული აქვს ერთეულთა 37 (მათ შორის, 7 დიდი სლემის: უიმბლდონი - 2000-01, 2005, 2007-08; გთ წზუტ - 2000-01) და წყვილთა 11 ტიტული. ჩატარებული 594 მატჩიდან 478 მოიგო და 116 წააგო. საპრიზოების სახით გამოიმუშავა 19,5 მილიონი დოლარი. უმაღლესი ადგილი რეიტინგში - 1 (პირველად 2002 წლის 25 თებერვალს).

ვინუს უილიამსი უიმბლდონ-2008-ზე

| წრე: ვ. უილიამსი - ნაომი კავედეი (ბრიტანეთი) 7:6 6:1

|| წრე: ვ. უილიამსი - ენ კეტავონგი (ბრიტანეთი) 7:5 6:2

||| წრე: ვ. უილიამსი - მარი მარტინეს სანჩესი (ესპანეთი) 6:3 6:4

1ჰ4 ფინალი: ვ. უილიამსი - ტამარინ ტანასუგარნი (ტაილანდი) 6:4 6:3

1ჰ2 ფინალი: ვ. უილიამსი - ელენა დემენტიევა (5, რუსეთი) 6:1 7:6

ფინალი: ვ. უილიამსი - სერენა უილიამსი (6, აშშ) 7:5 6:4



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com