|
|
"სარბიელი"
ვალვერდე ეგრევე გაყვითლდა
შაბათს საფრანგეთის უკიდურეს დასავლეთში, ბრეტანის ნახევარკუნძულზე რიგით 95-ე "ტურ დე ფრანსი" დაიწყო. 1966 წლის შემდეგ პირველად, "ტური" ინდივიდუალური პროლოგით კი არა, ჩვეულებრივი ჯგუფური რბოლით გაიხსნა და 180-კაციანმა ველოქარავანმა ბრესტიდან პლუმელეკამდე 197,5 კილომეტრი გაიარა. ეტაპი ბარის იყო, მაგრამ ზედ ფინიშის წინ მცირე, ასე ერთკილომეტრიანი აღმართი იყო ასავლელი და მთავარი ამბები, სწორედ ამ აღმართში მოხდა. მანამდე იყო გაქცევის რამდენიმე მცდელობა, მაგრამ პელოტონმა ყველა წინ წასული ჩაყლაპა. სულ ბოლოს ფრანგმა რომან ფეილუმ და გერმანელმა შტეფან შუმახერმა წამოიწყეს იერიში, მაგრამ ძირითადი ჯგუფი მათაც დაეწია და როდესაც ფინიშამდე 500 მეტრიღა რჩებოდა, წინ ამერიკული "კოლუმბიას" ლუქსემბურგელი ლიდერი კიმ კირხენი გავარდა. გავარდა და თითქოს მოიგო კიდეც ეტაპი, მაგრამ ამ დროს სცენაზე ალეხანდრო ვალვერდე გამოჩნდა. ესპანელი უნივერსალი რბოლის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია და მთებში სიარულის გარდა, მას ასეთი, სპრინტერული აჩქარებებიც ეხერხება, რისი წყალობითაც ერთდღიანი კლასიკური რბოლებიც არაერთხელ მოუგია. ვალვერდე კირხენს ფინიშამდე 100 მეტრით ადრე დაეწია და ამის შემხედვარე ლუქსემბურგელმა საერთოდ ჩაიქნია ხელი, ესპანელმა კი სპრინტერული ეტაპებისთვის მეტად კომფორტული, ერთწამიანი უპირატესობით იმარჯვა, ეტაპის მომგების სარგო საბონუსე წამებიც ჩაიწერა და ფინიშის შემდეგ ლიდერის ყვითელი მაისურა მოირგო. ვალვერდეს ალბათ ურჩევნია, რომ ეს მაისურა 27 ივლისს, პარიზში ეცვას, მაგრამ ასეთი დასაწყისის შემდეგ არც ის გაგვიკვირდეს, თუ ესპანელი ამ მაისურას ბოლომდე აღარც გაიხდის. ფინიშამდე 9 კილომეტრით ადრე კი კარგა გვარიანი დრამა დატრიალდა. შარშანდელი "ტურის" საუკეთესო სამთო მრბოლი, ბრიტანული "ბარლვორლდის" კოლუმბიელი ლიდერი ხუან მაურისიო სოლერი ერთბაშად ტკივილებისგან გაწამებული შეჩერდა და შემდეგ, თანაგუნდელების დახმარებით, ძლივსღა უწია ფინიშს ვალვერდესთან სამწუთიანი ჩამორჩენით. გუშინდელი, მეორე ეტაპი, რომელიც ისევ ბრეტანში ჩატარდა და აურეისა და სენტ ბრის შორის 164,5 კილომეტრზე იყო გაჭიმული, "კრედიტ აგრიკოლის" ნორვეგიელმა ლიდერმა ტორ ჰუსჰოვდმა საფინიშო სპურტით მოიგო, აჯობა რა "კოლუმბიას" მრბოლებს, კირხენსა და ჯერალდ ციოლეკს. ვალვერდემ ფინიშს მოწინავე ჯგუფში, მეთორმეტემ უწია და ლიდერობა შეინარჩუნა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |