"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

ფავორიტების ბოლო სიტყვა

ისე მოხდა, რომ პარასკევ საღამოსთვის 95-ე "ტურ დე ფრანსის" მონაწილე გუნდების ოფიციალური განაცხადები ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი. სწორედ ამ მიზეზით ეგრეც ვერ დავამთავრეთ წლევანდელი "ტურის" მონაწილე გუნდების წარდგენა. არადა, იმ ველოგუნდებს შორის, რომელთა შესახებაც "ტურის" დაწყებამდე არ გვისაუბრია, ფავორიტების - ალეხანდრო ვალვერდეს, კედელ ევანსის, დამიანო კუნეგოს გუნდებიც იყვნენ. ამიტომაც დღეს გთავაზობთ იმ გუნდების განაცხადებს, რომელთა ზუსტი შემადგენლობებიც სულ ბოლო მომენტში გახდა ცნობილი და ამავდროულად, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ წლევანდელი "ტურ დე ფრანსის" მონაწილე გუნდებს, მათ ლიდერებსა და ხელმძღვანელებს.

ლოტო (ბელგია)

ამ ბელგიური გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა ავსტრალიელები არიან - კედელ ევანსი და თანამედროვე პელოტონის ერთ-ერთი საუკთესო სპრინტერი რობი მაკივენი. უკრაინელი იაროსლავ პოპოვიჩის საზით, ევანსს უაღრესად ძლიერი თანაშემწე ჰყავს.

ამ სამეულის გარდა გუნდში ერთი იტალიელია, დარიო ნოჩიონი, დანარჩენები კი ბელგიელები არიან - მარიო აერტსი, კრისტოფ ბრანდტი, ლეიფ ჰოსტე, იოჰან ვან ზუმერენი და ვიმ ვანსევანანტი.

კაის დეპარნი (ესპანეთი)

ამ გუნდში ირიცხება ის ერთადერთი კაცი, ვისაც წლევანდელი რბოლის მონაწილეებიდან "ტური" მოუგია. 2006 წელს, ფლოიდ ლენდისის დისკვალიფიკაციის შემდეგ, ჩემპიონად ოსკარ პერეირო სიო გამოცხადდა. მაგრამ, მიუხედავად ამ მაღალი სტატუსისა, პერეირო სიო გუნდის მეორე ნომერია და ვალვერდეს გრეგარობისთვის არის განწირული.

სატურდეფრანსო განაცხადში ვერ მოხვდა უაღრესად ძლიერი რუსი, შარშანდელი "შვეიცარიის ტურის" გამარჯვებული ვლადიმირ კარპეცი. ვალვერდესა და პერეირო სიოს გარდა, გუნდში კიდევ ხუთი ესპანელია - დავიდ აროიო, ვისენტე გარსია აკოსტა, ხოსე გუტიერესი, დავიდ ლოპეს გარსია და ლუის ლეონ სანჩესი, რომლებსაც კომპანიონობას ფრანგები, არნო კოიო და ნიკოლა პორტალი გაუწევენ.

ლამპრე (იტალია)

"ჯირო დიტალიას" ძველმა ჩემპიონმა დამიანო კუნეგომ წლეულს მთელი აქცენტი "ტურზე" გააკეთა და ტყუილად არ ითვლება ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად.

ყვითელი მაისურასთვის ბრძოლაში კუნეგოს დახმარებას თანამემამულენი - ალესანდრო ბალანი, მატეო ბონო, მარსიო ბრუზეგინი, მარკო მარძანო, მასიმილიანო მორი, დანიელე რიჩი, პაოლო ტირალონგო და პოლონელი სილვესტერ ჟმუდი გაუწევვენ.

ფპ2კ (საფრანგეთი)

გუნდის ლიდერი ფრანგი სირილ დესელი იქნება, რომელმაც "აგრიტუბელში" გადასული კრისტოფ მოროს ადგილი დაიკავა. თუმც, რბოლის მსვლელობისას გუნდი, შეიძლება, რუს ვლადიმირ ეფიმკინზე, ანაც სლოვენიელ ტადეი ვალჟავეცზე გადაეწყოს. ამათ გარდა განაცხადში არიან: ესპანელი ხოსე ლუის არიეტა, შვეიცარიელი მარტინ ელმიგერი და ფრანგები - კრისტოფ რიბლონი, სტეფან ჟუბერი, იონ გადრე და ჰუბერტ დიუპონი.

აგრიტუბელი (საფრანგეთი)

ბოლო ათწლეულის საუკეთესო ფრანგი მრბოლი კრისტოფ მორო კიდევ ერთხელ, ამჯერად "აგრიტუბელის" სახელით შეეცდება, მასპინძელთათვის 1985 წლის, ანუ ბერნარ ინოს ბოლო ტრიუმფის შემდეგ დაუპყრობელი საჩემპიონო მწვერვალის დაპყრობას, თუმც გამოვთქვამთ ვარაუდს და ვიტყვით, რომ მოროს ველოსიპედმა უკვე ჩაიარა.

ვეტერან ფრანგს გვერდით თანამემამულენი - ფრედი ბიშო, ჯიმი კასპერი, რომან ფეილუ, ნიკოლა ჟალაბერი, დევიდ ლელეი, ჟოფრეი ლექუატრე, ნიკოლა ვოგონდი და ესპანელი ედუარდო გონსალო რამირესი დაუდგებიან.

კრედიტ აგრიკოლი

(საფრანგეთი)

"კრედიტ აგრიკოლს" მძლავრი უნივერსალი არ ჰყავს, ამიტომაც აქცენტს სპრინტერულ ეტაპებსა და ნორვეგიელ ტორ ჰუსჰოვდზე გააკეთებს. სწორედ ჰუსჰოვდი ითვლება ამ ფრანგული გუნდის ლიდერად.

ნორვეგიელის გარდა გუნდში ირიცხებიან რუსი ალექსანდრ ბოჩაროვი,, ყაზახი დმიტრი ფოფონოვი, ავსტრალიელები - საიმონ ჯერენსი, მარკ რენშოუ და ფრანგები - რემი პურიოლი, კრისტოფ ლე მეველი, ჯ!იმი ენჟელვენი და ვილიამ ბონე.

ბუჟ ტელეკომი (საფრანგეთი)

"ბუჟ ტელეკომის" ლიდერი ტომას ვოლკერია. მის გარდა გუნდში კიდევ ოთხი ფრანგია - პიერიკ ფედრიგო, ლორან ლეფევრი, ჟერომ პინო და მეტიო სპრიკი, რომელთაც კომპანიონობას შვეიცარიელი იოჰან შჰოპი, ესპანელი ხავიერ ფლორენსიო, რუსი იური ტროფიმოვი და ჰოლანდიელი შტეფ კლემენტი გაუწევენ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com