"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

ჰემილტონი, როგორც თევზი წყალში

კახა ლომაძე

დავიწყოთ ბოლოდან: დიდი ბრიტანეთის დიდი პრიზის შემდეგ გენერალური კლასიფიკაციის სათავეში ერთბაშად სამი პილოტია - ფერარელებს, ფელიპე მასასა და კიმი რაიკონენს კომპანიას მაკლარენელი ლუის ჰემილტონი უწევს და ამ სამეულს ოდენ ორი ქულით ჩამორჩება "იქც-ზაუბერის" რობერტ კუბიცა, რომელიც ორი ეტაპის წინ, სულაც პირველი იყო.

ახლა ორიოდე დღით უკან გადავინაცვლოთ და გავიხსენოთ, რომ სინოპტიკოსებმა შაბათისთვის, ანუ კვალიფიკაციისთვის გარანტირებულად წვიმა ივარაუდეს, ხოლო კვირისთვის, ანუ რბოლისთვსი ავდრის ალბათობა 75 პროცენტად შეაფასეს.

პირიქით მოხდა - შაბათსაც არეული ამინდი იყო, ძლიერი ქარი უბერავდა, მაგრამ არ გაწვიმებულა, ხოლო კვირას რბოლის დაწყებისთანავე დასცხო და გვარიანად აურ-დაურია დათვრები გუნდებსა და პილოტებს.

კვალიფიკაცია, კარიერაში პირველად, "მაკლარენ-მერსედესის" ფინელმა პილოტმა ჰეიკი კოვალაინენმა მოიგო და ეს იყო "მაკლარენის" ისტორიაში 136-ე, ხოლო "მერსედესისთვის" 65-ე პოული.

ფინალზე არანაკლებ გახარებული იყო მეორე შედეგის მქონე მარკ ვებერი. "რედ ბულის" და მისი ავსტრალიელი პილოტის პროგრესი აშკარაა და სილვერსტოუნის ზესწრაფ ტრეკზე კვალიფიკაციაში დაკავებული მეორე ადგილი ამის კიდევ ერთი დადასტურებაა.

მეორე სასტარტო რიგში ფავორიტები - რაიკონენი და ჰემილტონი დადგნენ, მესამეში - "იქც-ზაუბერის" ნიკ ჰაიდფელდი და ორგზის ჩემპიონი რენოელი ფერნანდო ალონსო, მეოთხეში - ალონსოს ბრაზილიელი თანაგუნდელი ნელსონ პიკე და ჰოი, საოცრებავ - "ტორო როსოს" გერმანელი მძღოლი სებასტიან ფეტელი, რომელმაც მასა და კუბიცა მოიტოვა უკან.

მასას მეცხრე ადგილი "ფერარის" მექანიკოსების ბრალი იყო, რომლებსაც პიტ-სტოპზე პრობლემები შეექმნათ და ბრაზილიელმა სწრაფ წრეზე წასვლა ვეღარ შეძლო.

თუმცა, დაიწყო რბოლა, დაიწყო წვიმა და დიდი მნიშვნელობა უკვე აღარ ჰქონდა, ვის რა სასტარტო პოზიცია ეკავა.

ჰემილტონმა დიდებული სტარტი აიღო, ეგრევე გაუსწრო რაიკონენსა და ვებერს და ცოტა დააკლდა და თანაგუნდელსაც უკან მოიტოვებდა.

კოვალაინენისა და ჰემილტონის უმძაფრესი ბრბოლა წყალში კიდევ რამდენიმე წრეს გაგრძელდა და და მერე ბრიტანელმა მაინც გაუსწრო ფინელს.

ჰემილტონის უკან კი კოშმარი ტრიალებდა. პირველი შოტლანდიელი ვეტერანი დევიდ კულტჰარდი გავარდა, მას ეგრევე მიჰყვა ფეტელი. შემდეგ ვებერი მოსრიალდა და ერთბაშად ბოლოში აღმოჩნდა. ამასობაში მასას მასკარადიც დაიწყო - ლამის ყოველ მეორე წრეზე ბრაზილიელი ტრასიდან გადადიოდა, თუმც დაბრუნებას ახერხებდა და პელოტონის კუდში მყოფი ახალისებდა მაყურებელს.

პირველი პიტ-სტოპებისთვის კოვალაინენი რაიკონენმაც ჩაყლაპა. მსოფლიოს ჩემპიონმა მაგრად მოუმატა, ზედიზედ მეექვსედ (!) უსწრაფესი წრე მიითვალა და თითქმის ჰემილტონთან ერთად შეუხვია ბოქსებისკენ. თითქმის არ ითვლება, გამოსვლისას წინ მაინც ინგლისელი აღმოჩნდა და თანაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, "ფერარის" შტაბი აშკარად შეცდა საბურავების შერჩევაში - ეტყობა იფიქრეს, წვიმა გადაიღებსო, არადა ხელმეორედ დასცხო და მასას კოშმარი ხომ გაგრძელდა. რაიკონენმაც ერთბაშად აურია და ისევ ბოქსებისკენ გაეშურა, იქიდან დაბრუნებული კი ათეულშიც აღარ იყო.

ყველა მოცურდა, ყველას რაღაც დაემართა, თვით ჰემილტონსაც კი, მაგრამ ის, უკვე ძალზე წინ იყო და ინგლისელმა მრბოლმა უზარმაზარი უპირატესობით იმარჯვა მშობლიური ქომაგების თვალწინ. თანაც, ნუ დავივიწყებთ, რომ ამ თვენახევრის წინ ლუისმა მონტე კარლოშიც საშინელ წვიმაში მოიგო და გამოდის, რომ პირველ ფორმულას ახალი "წვიმის კაცი" გამოუჩნდა.

სეზონის დაწყებამდე. პირველ რიგში სამი რბოლის მოგებაზე ვოცნებობდიო - თქვა ამას წინათ ჰემილტონმა - სასტარტო ეტაპის, მონაკოს დიდი პრიზის და, რა თქმა უნდა, მშობლიური რბოლისო. სამივე მოიგო და ბოლო ორ ეტაპზე უქულოდ დარჩენის შემდეგ მომრავლებული კრიტიკოსები დაადუმა.

კვლავ სეზონის მეცხრე რბოლაში მეშვიდედ, პოდიუმზეა "იქც-ზაუბერის" პილოტი. ამჯერად ჰაიდფელდი იყო მეორე და მესამეზე კი ალალი იყოს, ვეტერანი ბრაზილიელი რუბენს ბარიკელო გავიდა, ვისთვისაც გუშინდელი შეჯიბრი კარიერაში 261-ე დიდი პრიზი და 257 რბოლა იყო (ოთხ შემთხვევაში ბარიკელო დიდი პრიზის მონაწილეთა შორის კი იყო, მაგრამ რბოლაში ვერ გავიდა).

არადა, რუბინიომ სტარტი მე-16 პოზიციიდან აიღო, მაგრამ "ჰონდას" დიდოსტატი შეფის, როს ბრაუნის მიერ დიდებულად შერჩეული ტაქტიკის და საბურავების წყალობით უზარმაზარი ნახტომი გააკეთა და თავისი გუნდისთვის სეზონში პირველი, ხოლო საკუთარ კარიერაში 62-ე პოდიუმი მოიპოვა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com