"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

ავიამშენი ფარს ამაგრებს

ირაკლი პერტაია

"ავიამშენი" და "ენერჯი-ინვესტი" - ქართულ სატრანსფერო ბაზარზე ჯერჯერობით ეს ორი გუნდი აქტიურობს. ეს არცაა გასაკვირი. ჩვენში ხომ ყოველთვის ასე იყო - თითო-ოროლა გუნდს ჰქონდა საიმისო ფული, რომ მოთამაშეებისთვის ზაფხულშივე შეეთავაზებინა მომხიბვლელი ხელფასები.

ახლახან იყო, რუსთაველებმა "ავიამშენიდან" კოტე ტუღუში რომ გადაიყვანეს, ხოლო "ავიატორებმა" თავის მხრივ, ანატოლი ბოისა შეიმატეს. ამ დღეებში კი თბილისელებმა მორიგ ახალწვეულს უხმეს - მაკაბელი სოსო შერმადინი მომავალ სეზონს "ავიამშენში" გაატარებს.

ლევან მოსეშვილის გუნდმა შერმადინის შემატება იმიტომ გადაწყვიტა, რომ "ავიამშენს" სავარაუდოდ ორი მეფარე დატოვებს. დავით იმნაძეს სხვა კლუბში სურს გადასვლა, რიჩარდ მათიაშვილი კი ახლახან გერმანულ კემპზე იყო და რამდენიმე უცხოური გუნდის შეთავაზებაც მიიღო. მათიაშვილი ალბათ ერთ-ერთ ამოარჩევს და კარიერას ევროპაში გააგრძელებს.

ამასთან, "ავიამშენი" და საერთოდ კალათბურთი დატოვა ლუკა შანიძემ, რომელსაც ფეხის მძიმე ტრავმის გამო გასულ სეზონში თითქმის არ უთამაშია. ტრავმა გასაგებია, მაგრამ შანიძის სათამაშო კარიერის შეწყვეტა იმანაც განაპირობა, რომ მან თურმე კარგი სამსახური იშოვა და ბევრიც არ უფიქრია.

ასე რომ, ავიამშენში დიდი ცვლილებებია. როგორც ვთქვით, გუნდი უკვე დატოვეს ტუღუშმა და შანიძემ, ხოლო მათიაშვილი და იმნაძე წამსვლელთა რიგში არიან. ნამატი კი არცთუ უბარაქოა - სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ანატოლი ბოისა და "მაკაბის" შემადგენლობაში გასული სეზონის ერთ-ერთ მატჩში 72 ქულის მიმთვლელი სოსო შერმადინი.

თავის მხრივ, "მაკაბიც" შეთხელდა. მართალია, გიორგი შერმადინი წლევანდელ დრაფტზე არ დადგა და შესაბამისად ნბა-შიც ვერ გადავიდა, მაგრამ კარიერას რომ უცხოეთში გააგრძელებს, ეს წინდაწინ ცნობილია. ხოლო ახლა გაირკვა, რომ "მაკაბი" მისმა ძმა სოსომაც დატოვა. ჯამლეტ ხუხაშვილი შერმადინის ტრანსფერის წყალობით ალბათ მონახავს ხეირიან მოთამაშეებს გუნდის შესავსებად - გიორგის ხომ უსასყიდლოდ არავინ გაუშვებს უცხოურ გუნდში სათამაშოდ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com