|
|
"სარბიელი"
რეკორდებს ტაისონის მუშტმა სდია
ვანო კობიაშვილი
ომაჰაში მიმდინარე აშშ-ს შიდა ჩემპიონატზე მოცურავეებმა ხუთშაბათს ცოტა "დაისვენეს" და პარასკევიდან ისევ შეუდგნენ მსოფლიო რეკორდების მხობას. მაიკლ ფელპსი აბა, რის მაიკლ ფელპსი იქნებოდა, ისიც რომ არ გარეულიყო ამ საქმეში. ცურვაში მსოფლიოს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავმა ამ ტურნირის პირველივე დღეს 400 მეტრ კომპლექსურში ხომ გააუმჯობესა თავისივე რეკორდი, შაბათს კი ზუსტად იგივე გააკეთა 200 მეტრზეც, როცა აუზში გადაშვებიდან 1.54,80 დროში უწია ფინიშს და ძველ (თავისივე) რეკორდს 0,18 წამი მოაჭრა. ფელპსამდე 20 წუთით ადრე 200 მეტრ გულაღმა სტილში ასევე რეკორდი გამოაცხო ზურგზე ცურვის მსოფლიო ვარსკვლავმა აარონ პირსოლმა. მოკლედ, იმ დღეს ომაჰას საცურაო კომპლექსში დიდი ჟრიამული იყო, მაგრამ ასე რეკორდცვენაში, ნუ გაგიკვირდებათ და, დღის გმირი არც ფელპსი გახდა და არც პირსოლი. ხალხი და მათ შორის რეკორდსმენებიც სულ სხვა ვინმეზე საუბრობდნენ და ქება-დიდებას არ აკლებდნენ. რაიან ლოჩტეს ჯერ ერთ სახეობაც არ მოუგია აშშ-ს ამ ჩემპიონატზე, მან ყველა ფინალი წააგო და ვერც ფელპსსა და პირსოლს წაართვა შიდა ოქრო, მაგრამ ის რომ არა, ამ ორიდან ერთიც ვერ შესწვდებოდა რეკორდს. "ბოლო 50 მეტრს რომ შევუდექი, ვიცოდი, რომ მოვიგებდი, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ უკანასკნელ გზაზე ლამის ცუდად გავხდი - გულახდილობდა ფელპსი - ისე მომდევდა, თავი რომ არ მომეკლა, უეჭველად წავაგებდი." "ყოველთვის პატივს ვცემდი რაიანს, ახლა კი ეს გრძნობა გამიორმაგდა - ამბობდა პირსოლი - 20 წუთში ორი ასეთი გაცურვის შემდეგ საერთოდ ფეხზე როგორ დგას.." ფელპსთან 200 კომპლექსურში დუელში რაიან ლოჩტემ 1.55,22 დრო აჩვენა, რაც ყველა დროის მესამე შედეგია და მხოლოდ ფელპსის ძველ და ახალ რეკორდებს ჩამორჩება. პირსოლთან შეჯიბრში კი მან 200 მეტრი ზურგულით 1.54,34 დროში გაცურა და მხოლოდ 0,02 წამით (!!!!) ჩამორჩა გამარჯვებულს. ესეც ყველა დროის მესამე შედეგია. სხვათა შორის, პირსოლმა 200 ზურგულში რეკორდი რომ დაამხო, ის სწორედ ლოჩტესი გახლდათ. ამ უკანასკნელმა კი ერთი წლის წინ, თავის მხრივ პირსოლს წაართვა 5-წლიანი რეკორდი და, ხუმრობით რომ ვთქვათ, ახლაღა "დაუბრუნა". "არა, მართლა ძალიან დავიღალე, რა... 200 კომპლექსურს რომ ვამთავრებდი, ვხვდებოდი, რომ ფელპსს ვეღარ მივწვდებოდი, მაგრამ მაინც ბოლომდე დავიხარჯე. ჰოდა, ლამის აუზში მოვკვდი. ბოლოს წყალში თითებით კედელს ვეძებდი და თავბედს ვიწყევლიდი. რომ ვიპოვე და გავჩერდი, ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს ტაისონს მუცელში მთელი ძალით ჩაერტყას მუშტი - ამბობდა ორჯერ დამარცხებული, თუმც მაინც ასე კმაყოფილი ლოჩტე - მაგრამ მაინც კარგია, რომ ორივე სახეობაში მოვხვდი ოლიმპიურ გუნდში და ჩემს მძლეველებს პეკინშიც შევებრძოლები." ფელპს-პირსოლ-ლოჩტეს "სამკუთხედამდე" ერთი დღით ადრე კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა და სულ ექვს დღეში, არც მეტი, არც ნაკლები, 9 მსოფლიო რეკორდი შეგროვდა. ისევ სასტიკად არ გაუმართლა ამ ცხრა რეკორდიდან ერთ-ერთის ავტორს - ჰეილი მაკგრეგორს. მისი ამბავი პირდაპირ ძველბერძნულ ტრაგედიას ჰგავს და საწყალმა გოგონამ ამ ჩემპიონატის შემდეგ ვინძლო საერთოდ დაანებოს ცურვას თავი. მაკგრეგორიმ 100 მეტრ გულაღმა ცურვის საკვალიფიკაციოში ხომ დაამყარა რეკორდი, რომელიც 5 წუთში წაართვეს, მერე კი ეს ჰეილი 100 გულაღმა ფინალში ჩამორჩა რეკორდის წამრთმევ ნატალი კულინს და მასთან ერთად მარგარიტ ჰოლტერსაც და ოლიმპიური საგზურის გარეშე დარჩა. მაკგრეგორის ოლიმპიადაზე მოხვედრის იმედი მაინც შერჩა - 200 მეტრ ზურგულში უნდა გასულიყო ორ საუკეთესოს შორის, მაგრამ ალბათ ფსიქოლოგიურად ისეთი განადგურებული იყო, რომ აქაც ვერ ივარგა და მესამეზე გასვლით სულ დაიღუპა თავი - ოლიმპიადაზე ოცნებაც ზედმეტია. მას გაასწრო ჰოლცერმაც და 15 წლის "ღლაპმა" ელიზაბეტ ბეიზელმაც კი. რეკორდი კი სწორედ ჰოლცერმა დაამყარა - 2.06,09.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |