"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

ანას ზედიზედ მეორე

18 წლის ქართველ ჩოგბურთელ ანა ტატიშვილს თავის კარიერაში ასეთი წარმატებული პერიოდი ჯერ არ ჰქონია. სეზონის საკმაოდ სუსტად დაწყების შემდეგ გაზაფხულზე ანამ აშკარად მოუმატა და აპრილ-მაისში, შეა-ის ეგიდით გამართული სამი საკმაოდ პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალს უწია - ჯერ ჯექსონვილში (საპრიზო ფონდი 25000 დოლარის), შემდეგ ინდიან ჰარბორ ბიჩში (25000) და ბოლოს კერსონში (50 000)

ეს თითქოს მოთელვასავით იყო. დადგა ზაფხული და ტატიშვილმა გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწია, ელ პასოს 25-ათასიანი შეჯიბრი მოიგო. ამის შემდეგ ანამ რამდენიმე კვირა შეისვენა და წინა ორშაბათს ბოსტონის მაგარსაფარზე, 50-ათასიან ტურნირზე დაიწყო თამაში.

პირველ წრეში ანამ მასპინძელ მოურინ დიასს აჯობა 6:2 6:1, მეორე წრეში მესამე ნომრად განთესილ უნგრელ მელინდა ჟინკს 5:3-ს რომ უგებდა, მეტოქემ თამაში შეწყვიტა. მეოთხედფინალში ტატიშვილმა 5:7 6:3 6:1 დაამარცხა ოდესღაც უიმბლდონის ნახევარფინალამდე მისული და რეიტინგის მე-18 პოზიციაზე მყოფი ამერიკელი ალექსანდრა სტივენსონი და ნახევარფინალში კი უიოლესად, 6:2 6:2 მოუგო კიდევ ერთ მასპინძელს, პირველ ნომრად განთესილ ჯულია დიტს, ვისაც ცეფ-ს მიმდინარე რეიტინგში 99-ე პოზიცია უკავია.

ამგვარად, ანა ზედიზედ მეორედ გავიდა საკმაოდ წარმომადგენლობითი ტურნირის ფინალში. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელმა წუხელ, 23 წლისა და კლასიფიკაციის 281-ე საფეხურზე მყოფ ტაივანელი ჩინ ვეი ჩანი 2:6 6:1 6:3 დაამარცხა და ელ პასოში მოპოვებულ ტიტულს ბოსტონურიც დაამატა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com