|
|
"სარბიელი"
ბლანკას სულ მაღლა და მაღლა
ვანო კობიაშვილი
იგებს და იგებს ბლანკა ვლასიჩი და უმწემო ქალი სიმაღლეზე მხტომელები ალბათ თავბედს იწყევლიან, თავის დროზე მძლეოსნობის ეს დისციპლინა რომ აირჩიეს და ახლა ქვემოდან უმწეოდ შეჰყურებენ კალიასავით ხორვატს, რომელიც არავის უტოვებს თუნდაც საშუალო ტურნირის მოგების იმედს. ხანდახან მაინც რომ ისვენებდეს და სხვა მხტომელებსაც აძლევდეს რაღაცის მოგების შანსს, ესენი ალბათ მადლობებად დაიღვრებოდნენ, მაგრამ 192-სანტიმეტრიან აშხვართულ ხორვატს დასვენება არ სჭირდება, მას ყველაფერი იოლად გამოსდის და ეძლევა. 24 წლისაა, თავისი ფიზიკური შესაძლებლობების პიკზეა და თუ ფეხი არ მოსტყდა ან, ღმერთმა დაიფარა და, ერთი ტურნირიდან მეორეზე მიმავალი კატასტროფაში არ მოყვა, მისი ხელისშემშლელი არავინ იქნება კარსმომდგარ ოლიმპიადაზე. ამ უქმეებზე მადრიდშიც, რაღა თქმა უნდა, იმარჯვა, რაც მისთვის ზედიზედ 31-ე (!) მოგებული ტურნირი გამოდგა. უკვე ერთი წელია, ვლასიჩს არსად წაუგია. მადრიდშიც ვინ შეუშლიდა ხელს - ესპანელი რუთ ბეიტია-კილა, თუ რუსი ელენა სლესარენკო. მათ ძალიან კარგად იხტუნავეს, შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიტანეს სარბიელიდან, როცა ორივე ასცდა 2 მეტრს და 2,01 იდენტური შედეგით მეორე-მესამე ადგილი გაიყვეს, მაგრამ ესენი ამ "უმნიშვნელო" სიმაღლეზე რომ გაჩერდნენ, ვლასიჩმა ჩვეული სიმსუბუქით გააგრძელა ხტომა, აიღო ჯერ 2,03-მეტრიანი თამასა, შემდეგ კი 2,06 მეტრსაც გადაევლო და თავისივე სეზონის რეკორდი გაიმეორა. ვინ რა უნდა მოუხერხოს. დანარჩენი მსოფლიოს მაქსიმუმი წლეულს მხოლოდ 2,03 მეტრია. ვლასიჩი კი ამ დროს მსოფლიოს ძველთაძველი რეკორდისკენ, 2,09 მეტრის გადაჭარბებისკენ იწევს და ყოველ ტურნირზე სხვათა ერთი-ორი ნახტომით ძლევის შემდეგ საჩვენებელ გამოსვლას აკეთებს - უტევს 2,10 მეტრს. მართალია, მან ეს ფანტასტიკური სიმაღლე ჯერ ვერ დაძლია და ყოველთვის გავის მსუბუქი შეხებით უვარდება თამასა, მაგრამ ყველა გრძნობას, რომ ახალი რეკორდი მწიფდება და სამძლეოსნო სამყაროც სულ უფრო და უფრო დაძაბული ინტერესით ელის ამ ისტორიულ დღეს. შესაბამისად, ხორვატს გამუდმებით უწევს პასუხის გაცემა დაშტამპულ კითხვაზე - "ოლიმპიადაზე ხომ არ აპირებთ რეკორდის მოხსნას." მადრიდში დასმულ ამ კითხვას კი ვლასიჩმა ასე უპასუხა: "ოლიმპიადაზე პირველ რიგში ოქროს მოგება მინდა, მაგრამ დღეს ამაზე ფიქრით თავს არ ვიმძიმებ. ეს ხომ ზედმეტი წნეხია. ჩემი ყოველდღიური საფიქრალი ყოველი შემდეგი ტურნირის მოგებაა. ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ორ მთავარ კონკურენტს შევხვდი, სლესარენკოს და ბეიტიას და ვფიქრობ, ოლიმპიადაზე მათთან მექნება მთავარი ბრძოლა. რაც შეეხება რეკორდს, მე ყოველ ტურნირზე მაქსიმალურად ვინდომებ, ოღონდ თავადაც ხედავთ, ჯერ არაფერი გამომდის. ოლიმპიადაზე კი ვერანაირად ვერ დავგეგმავ რეკორდს. იქ ოქროს დაგეგმვაც კი ძნელია." ვლასიჩმა დაამშვენა მადრიდის ტურნირი, მაგრამ იქ სხვა ვარსკვლავებიც მძლეოსნობდნენ და რამდენიმე კარგი შედეგიც გამოკვეთეს. 800 მეტრზე შეჯიბრებები როგორც კაცთა, ისე ქალთა შორის - მძლეოსნობაში ისეთი პოპულარული ვერაა, როგორც სპრინტერული დისტანციები, მაგრამ ასეა თუ ისე, მაინც ოლიმპიური პროგრამის მუდმივი შემადგენელი ნაწილია და კონკურენცია აქაც შესამჩნევია. მადრიდში კაცთა შორის დიდი ბრძოლა გაიმართა ათენის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსან მბულაენი მულაუძისა (სამხრეთ აფრიკა) და 19 წლის აბრაჰამ ჩეპკირვოკს (უგანდა) შორის. მულაუძიმ ძალიან სწრაფად დაფარა ორი წრიდან პირველი. ის სულ თავში იყო და ალბათ იმ ფიქრებში გარბოდა ბოლო ათეულ მეტრებს, უახლოეს მდევარს ორ წამს მოვუგებ, თუ სამსო, მაგრამ ჯეელი უგანელი წამოეწია და დიდი შეჯიბრება გაუმართა ბოლო 100-მეტრიან სწორზე. საბოლოოდ მაინც სამხრეთაფრიკელმა მოიგო (1 წუთი და 43,64 წამი), მაგრამ ფინიშზე ბოლომდე დახარჯვა დასჭირდა და მხოლოდ 0,08 წამით ადრე შეყო თავი ფინიშის ხაზში, ვიდრე უგანდელმა. რაც შეეხება ქალთა 800 მეტრს, აქაც ათენის ვერცხლის მედალოსანმა იმარჯვა. 30 წლის მაროკოელმა ჰასნა ბენჰასიმ ჩვეული ტაქტიკით ირბინა, ანუ მთელი გზა ჯგუფის მოწინავეთა ზურგსუკან ჩასაფრდა და ბოლო 100 მეტრზე მძლავრი სპრინტი დაარტყა, რითაც შებერებულ მარია მუტოლაც უკან ჩამოიტოვა და ყველა სხვაც. ათი ათასამდე მადრიდელი გულშემატკივრის სპორტულად გართობა კარგად მოახერხეს ბადროს მტყორცნელმა კაცებმაც. რაკი ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით ტყორცნიდნენ ბადროს, ზღაპრული შედეგები არ ყოფილა, მაგრამ ორმა მტყორცნელმა - ლეგენდარულმა ლიტველმა ვირგილიუს ალეკნამ და ესპანელთა ბებერმა ჯილამ მარიო პესტანომ სხვები მაგრად ჩამოიტოვეს და ერთმანეთში გააჩაღეს ბრძოლა. ხალხმაც დიდად გაიხარა, როდესაც პესტანომ 67,01 მეტრზე ტყორცნა ბადრო და სულ რაღაც 1 სანტიმეტრით აჯობა ალეკნას. აჟიტირებულმა ესპანელმა ჟურნალისტებმა გამარჯვებულს რომ ჰკითხეს, ოლიმპიადაზეც ხომ არ აპირებ ლიტველის ძლევასო, მხრები აიჩეჩა - აბა, რა მოგახსენოთ, ალეკნა ალეკნაა, მაგას 70 მეტრს იქით შეუძლია ტყორცნა და პეკინში ძალიან გამიჭირდებაო. გვარიანი შეჯიბრი გაიმართა სიგრძეზე მხტომელ ქალებშიც. აქ 6,97 ისკუპა ბრაზილიელმა მარენ მაგიმ და სულ ორი სანტიმეტრი მოუგო პორტუგალიელ ნაიდე გომეშს. სამაგიეროდ, პორტუგალიელები ასახელა სამხტომელმა კაცმა ნელსონ ევორამ, რომელმაც 17,40 მეტრიანი სამი სკუპით იმარჯვა მადრიდში. ის ხომ მსოფლიო ჩემპიონი გახლავთ და მიუხედავად იმისა, რომ დიდ ტურნირებზე ძვირად სანახავია, მადრიდში გამოსვლითაც აცნობა კონკურენტებს, რომ ოლიმპიადაზე ოქროზე დაგეშილი იქნება. ყველასგან მივიწყებულმა რუსმა ჭოკით მხტომელმა ქალმა სვეტლანა ფეოფანოვამაც შეახსენა სამძლეოსნო სამყაროს თავი, როცა მადრიდში 4,75 მეტრი დაჭოკა. ოღონდ თანამემამულის და მტრად ხატწერილი ელენა ისინბაევას გადამკიდე, ის პეკინში ოქროსთვის საბრძოლველად ნამდვილად ვერ ჩავა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |