|
|
"სარბიელი"
ვაი გაის
ვანო კობიაშვილი
შაბათს მომცრო ამერიკულ ქალაქ იუჯინში მოხდა ის, რის დანახვაზეც ნახევარ თუ არა, მეოთხედ ამერიკას ოხვრა აღმოხდა. აშშ-ის ოლიმპიური გუნდის შესარჩევ ტურნირში ბედმა უმტყუნა ქვეყნის ერთ-ერთ უკაშკაშეს მძლეოსანს ტაისონ გაის. მსოფლიოს ჩემპიონმა 100 და 200 მეტრ სირბილში რამდენიმე დღის წინ მოიგო 100 მეტრი და ამ უპრესტიჟულეს სახეობაში პეკინის საგზური დაიბევა. ყველა იმედოვნებდა... არა, ყველას სწამდა, რომ გაი 200 მეტრსაც ასევე დამაჯერებლად მოიგებდა და ოლიმპიური ოქროსთვის ამ სახეობაშიც იბრძოლებდა, მაგრამ საკვალიფიკაციო გარბენში ფინიშამდე 30-ოდ მეტრით ადრე ჩემპიონი წაბორძიკდა და დაეცა. ცხადია, ყველას ძალიან დასწყდა გული, მაგრამ კაი ბიჭობის გამო მას არავინ ჩასვამს გუნდში, მის ადგილს სხვანი დაიკავებენ, გაი კი ამერიკაშივე გამოეთიშა ოლიმპიურ ბრძოლას იმ სახეობაში, რომელიც მისთვის უფრო ჩვეული და მშობლიური იყო. "საშინლად იმედგაცრუებული ვარ" - ეს სიტყვები ძლივს დასცდა გათეთრებამდე პირშეკრულ შავ-შავ გაის. მოგვიანებით მას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარეს და მისი ხელისმომკიდენი ცოტა დამშვიდდნენ. გაი გადაურჩა სერიოზულად დაშავებას, მხოლოდ ბარძაყის კუნთი დაეჭიმა. სერიოზული სულ სხვა დანაკლისია, მაგრამ რაღას იზამს, 100 მეტრიღა რჩება ოლიმპიურ სარბიელად, სადაც ორ ფეხმარდ იამაიკელთან - უსაინ ბოლტთან და ასაფა პაუელთან შეჯიბრში გაარკვევს ოქროს მფლობელის ვინაობას. 200 მეტრზე ჩემიონობისთვის სხვა ამერიკელები იბრძოლებენ. სხვათა შორის, ამერიკას ამ სახეობაში კიდევ არაერთი სწრაფი მორბენალი ჰყავს. გაის გარეშე გამართული ნახევარფინალების ერთ გარბენში ერთბაშად სამი კაცი ჩამოსცდა 20,10 წამიან ნიშნულს - როდნი მარტინი (20,04), ვოლეს სპირმონი (20,05) და უოლტერ დიქსი (20,09). მეორე ნახევარფინალი კი 20,21 შედეგით მოიგო წინა ოლიმპიადის ოქროს მედალოსანმა შონ კროუფორდმა. ფინალშიც ალბათ ეს ოთხეული იბრძოლებს 200 მეტრის სამი ოლიმპიური საგზურისთვის.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |