"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

ფენერბაჰჩეს ბებერი ნაწილი

პაპუნა კედია

"ფენერბაჩემ" ახალი მწვრთნელის პრეზენტაცია მოაწყო - მას მერე, რაც ესპანეთის ნაკრებს ევრო 2008-ზე ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა, ერთი კვირაც არ იყო გასული, ლუის არაგონესი უკვე სტამბოლში რომ იყო და ახალ ამპლუას ეზომებოდა.

მოგეხსენებათ, არაგონესი 69 წლის კაცია, რომელთანაც "ფენერმა" შუა ევროპის ჩემპიონატის დღეებში ორწლიანი წინასწარი კონტრაქტი გააფორმა. არაგონესი თურქეთში გასულ ხუთშაბათს ჩავიდა, პრესკონფერენცია კი შაბათს მოაწყო.

"ძალიან მიხარია "ფენერბაჰჩეს" ნაწილი რომ გავხდი - განაცხადა ბერიკაცმა - აქ ამ კლუბისა და წარმატებების ეშხით ვარ ჩამოსული".

პრესკონფერენცია ტელევიზიით პირდაპირ გადაიცემოდა.

გასულ კვირაში ლუის არაგონესმა განმარტა, თუ რატომ დატოვა ესპანეთის ნაკრების თავკაცის პოსტი. მისი თქმით, კონტრაქტის გაგრძელება თავად ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ არ ისურვა, ჩათვალა რა, რომ არაგონესმა თანამდებობაზე უკვე საკმაო ხანი, ოთხი წელიწადი დაჰყო.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2008-ის ჩემპიონობა ესპანელთათვის ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველი წარმატება გახლდათ დიდ ტურნირზე.

"ფენერბაჰჩეში" "ატლეტიკო მადრიდისა" და "ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა ბრაზილიელი ზიკო შეცვალა. ზიკოს ხელში სტამბოლურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს მიაღწია, მაგრამ თურქეთის ჩემპიონობას ვერ შეწვდა, ტიტული თანაქალაქელ "გალათასარაისთან" წააგო და ბრაზილიელიც ამიტომ აღარ დატოვეს თანამდებობაზე.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com