|
|
"სარბიელი"
სასაცილო სისულელე: ლისაბონელი ქირურგები და 13 სექტემბერი
პაპუნა კედია
მართალი გითხრათ, კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენა-არდარჩენის შესახებ ყოველდღე წერა ჩვენც გვარიანად მოგვბეზრდა, მაგრამ რაკი ეს თემა მთელი ევროპისთვის მსჯელობის საგანია, ვერც ჩვენ გავექცევით, მით უფრო, რომ დღე ისე არ გავა, რაღაც სიახლე არ ითქვას. აი, მაგალითად, გასულ უქმეებზე ესპანურმა გაზეთმა "მარკამ" დაწერა, რომ ფიცი-მტკიცის და მკერდში მუშტების ცემის მიუხედავად, პორტუგალიელი ვარსკვლავი მადრიდის "რეალში" გადასვლის ზღურბლზეა. "მარკას" განცხადებით (არადა, ეს გაზეთი "რეალის" რუპორად ითვლება), ამ საქმეს წინ ვეღარაფერი აღუდგება და ისიც კი ითქვა, რომ დღეს "რეალის" და "იუნაიტედის" შეფები სადღაც შვეიცარიაში უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. "მარკას" ცნობით, მადრიდული კლუბი მანჩესტერულს 70 მილიონ გირვანქას სთავაზობს, მანჩესტერული კი, რამდენადაც ცნობილია, 83 მილიონს ითხოვს. ერთი სიტყვით, დიდი გაუგებრობაა, რასაც ზედ ინგლისის ჩემპიონის პრეს-ატაშის მორიგი განცხადება დაერთო. განცხადება, ცხადია, ძველებური ჟღერადობის არის: "ესპანურ პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სიმართლის ნამცეციც არ არის. ეს ცნობა სასაცილო და სულელურია. ამდაგვარი ინფორმაციების მოსმენა, მართალი გითხრათ, უკვე ყელში ამოგვივიდა. კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვასთან დაკავშირებით არავისთან არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ. უბრალოდ, კრიშტიანუ რონალდუ არ იყიდება და სულ ეს არის". როგორც ინგლისური ბანაკი იტყობინება, პრობლემა სხვა რამ არის, კერძოდ კი რონალდუს კოჭის ოპერაცია. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ოპერაცია ამ კვირაში უნდა გაიკეთოს, რის შემდეგაც ორთვიანი უქმობა მოუწევს. "სარბიელის" მკითხველისთვის ცნობილია, რომ რონალდუს ოპერაციის ამბავი როგორც პორტუგალიელ, ასევე მანჩესტერელ ექიმებთან არის შეთანხმებული. ორივე მხარე თანახმაა, რომ ფეხბურთელს კოჭზე ქირურგიული ჩარევა სჭირდება, თუმცა სად გაკეთდება ოპერაცია, ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ გახლავთ. მეორე მხრივ, ახლავე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ რონალდუ ოპერაციისთვის ინგლისში არ ჩავა, ასე რომ, ვარსკვლავს ლისაბონელი ექიმები მიხედავენ. ასე და ამგვარად, თუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩება, მას პრემიერლიგის ოთხი ტურის გამოტოვება მოუწევს. როგორც ამბობენ, ეს ინგლისის ჩემპიონთა მწვრთნელისთვის, ალექს ფერგიუსონისთვის დიდი დარტყმა იქნება, რადგან 13 სექტემბერს "მანჩესტერ იუნაიტედს" "ლივერპულთან" აქვს სათამაშო. მარჯვენა კოჭის პრობლემების გამო რონალდუ მარტის მერე ტკივილს ებრძოდა და ისე თამაშობდა, თუმცა ამის მიუხედავად მან მაინც მოახერხა პრემიერლიგაში, ინგლისურ თასებსა და ჩემპიონთა ლიგაში 42 გოლის გატანა. შეგახსენებთ, რომ გასული კვირის ბოლოს ინგლისურმა ტაბლოიდებმა რონალდუს დას, ელმას მიაკითხეს, რათა მისგან შეეტყოთ რას აპირებს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი და პასუხი ფერგიუსონის გულის გასახარელი მიიღეს: "კრიშტიანუს "მანჩესტერ იუნაიტედში" სურს დარჩენა" - განაცხადა ელმამ, თუმცა მერე უქმეები დადგა და "მარკამ" სხვა რაღაც გამოაქვეყნა...
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |