"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

გვინდა ვიყოთ სიმპათიურები: ჩეზარე პრანდელიმ სერია გაარჩია

კოკი კანდელაკი

ჩეზარე პრანდელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო მწვრთნელია იტალიაში. უკვე რამდენი წელია, იგი ფლორენციის "ფიორენტინას" მშვენივრად ათამაშებს და გაცილებით ნაკლები რესურსის მქონე "იები" "მილანის", "ინტერის", "იუვენტუსისა" და "რომას" დარ გრანდებს ეჭიდავებიან - თქვენი აზრით, ვის ექნება მომავალ სეზონში სკუდეტოს მოპოვების ყველაზე უკეთესი შანსი.

- ვთვლი, რომ მთავარი კანდიდატები ახლა "ინტერი" და "იუვენტუსი" არიან.

- ამჟამად, "ინტერის" მთავარი შენაძენი ახალი მწვრთნელი ჟოზე მაურინიუა...

-დიახ, მაურინიუს "ინტერში" მისვლა მართლაც მოვლენაა. ამ ამბავმა პრესაში ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, თითქოს "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ კლუბში მწვრთნელი კი არა, ვარსკვლავური თავდამსხმელი მიიყვანა. ძალიან მაინტერესებს, როგორ გაითავისებს მაურინიუ იტალიურ ფეხბურთს. მჯერა, მას ყველაფერი გამოუვა. ჟოზემ ყოველთვის იცის, რა მიმართულებით უნდა წავიდეს, მაგრამ სერია ფ სახიფათო რამაა. ჩვენი ჩემპიონატი სანახაობრივად დიდად მიმზიდველი არ არის, მაგრამ ძალიან რთულია.

- "ინტერს" ლამპარდის დამატება უნდა...

- საინტერესოა. ადრიანოს დაბრუნებაც მნიშვნელოვანი ფაქტია. ზალატან იბრაჰიმოვიჩი. მეცინება ხოლმე, როცა ვინმე შვედის მაღალ კლასს ეჭვქვეშ აყენებს. იბრა საუკეთესო ფორვარდია მსოფლიო ფეხბურთში.

- "იუვე" "ინტერის" მთავარი კონკურენტი იქნება.

- "ბიანკონერი" დიდ გამარჯვებებს მოწყურებულია. ასე რომ, მომავალ სეზონში ტურინელები კიდევ უფრო სახიფათონი გახდებიან. შეიძლება ტურინელები ძალიან არ ხმაურობენ, მაგრამ ძალიან ჭკვიანურ სატრანფერო პოლიტიკას ატარებენ. ყველაფერი იანვარში დაიწყო, როცა "იუვემ" ბრწყინვალე ნახევარმცველი მოჰამედ სისოკო დაიმატა, ახლა კი ამაური, რომელიც თავდასხმაში დელ პიერო- ტრეზეგეს სუპერწყვილს დაემატა. უფრო სწორად, ამური წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირსა და მეორე ადგილზე გასულს შეუერთდა, ეს მრავლისმეტყველია. ტურინელები შესაძლოა, გოლების მანქანად იქცნენ. "ბებერი ქალბატონი" ამაზე არ ჩერდება და ხაბი ალონსოსთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ასე რომ, "იუვე" "ინტერთან" ახლოსაა.

- მეორე ეშელონის გუნდები რომლები იქნებიან.

- პირველ რიგში, რასაკვირველია, "რომა" უნდა დავასახელოთ. ბოლო წლებში ლუჩანო სპალეტის გუნდისადმი დიდი სიმპათია მაქვს, რადგან იგი ყველაზე მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობს. შემდეგ "მილანი" მოდის. დარწმუნებული ვარ, "როსონერი" უმაღლესი კლასის ფორვარდს იყიდის და ეს ამბავი სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იქნება.

- და "ფიორენტინა".

- ჩვენ სკუდეტოსთვის არ ვიბრძოლებთ, მაგრამ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ. გარდა ამისა, კიდევ ერთი პრიორიტეტი მაქვს.

- რომელი.

- მინდა, რომ "ფიორენტინამ" ყველაზე სიმპათიური გუნდის სახელი დაიმკვიდროს. ბოლო დღეებში "მილანის" ბევრი ფანი ვნახე, რომლებმაც მითხრეს: "ჩეზარე, თქვენი გუნდის გამო, "მილანი" ოთხეულში ვერ მოხვდა, მაგრამ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მაინც გიქომაგებთ". ძალიან კარგი იქნება, თუ ყველასთვის ეგრეთ წოდებული "მეორე გუნდი" გავხდებით. ეს სწრაფვა სიმპათიური და კიდევ უფრო მიმზიდველი გუნდის გაკეთებისა, დამატებით მოტივაციას მაძლევს, რაც მნიშვნელოვანია.

- არცთუ ცოტა კარგი ფეხბურთელი დაიმატეთ. რას ელოდებით ალბერტო ჯილარდინოსგან.

- გოლებს. თან, არა მგონია, ისეთ ფეხბურთელზე ვლაპარაკობდეთ, რომელსაც რეაბილიტაცია სჭირდება და რამე აქვს დასამტკიცებელი. ჯილას ახლავე შეუძლია ბევრი გოლის გატანა.

- ხუან მანუელ ვარგასზე რას იტყვით.

- იგი გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო.

- სტევან იოვეტიჩზე.

- ეს ტალანტია, რომელსაც გახსნა სჭირდება. იგი ახალგაზრდა ფრანჩესკო ტოტის მაგონებს. ოღონდ ეს სიტყვები განსაკუთრებულად არ მიიღოთ და არ გადაამეტოთ, ეს უბრალოდ ჩემი აზრია.

- და დაგვრჩა გუნდის ლიდერი ადრიან მუტუ...

- ის გუნდიდან წასვლას არ აპირებს. ვივარაუდებ, რომ არდადეგების შემდეგ პირველივე ვარჯიშზე პენალტების დარტყმის დახვეწას დაიწყებს, რათა ევრო 2008-ზე გაცუდებული თერთმეტმეტრიანი მალე დაივიწყოს. თუმცა იმ მატჩში მისი მეტოქე ჯანლუიჯი ბუფონი იყო, და რუმინელმა სწორედ ამიტომ ვერ გაიტანა, თორემ ცუდად არ დაურტყამს. მომავალ სეზონში მისგან დაახლოებით 15 გოლს და 6-7 საგოლე გადაცემას ველოდები.

- რიკარდო მონტოლივოს ოლიმპიადაზე წასვლა არ უნდა, რათა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები არ გამოტოვოს...

- არ მინდა, ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის პიერლუიჯი კაზირაგის საქმეში ჩავერიო. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ როცა მან მონტოლივოს გამოძახება გადაწყვიტა, ფეხბურთელის სურვილიც უნდა გაეთვალისწინებინა.

- როგორი სქემით ითამაშებთ მომავალ სეზონში.

- ვფიქრობ, 4-3-1-2. იოვეტიჩი ოდნავ უკან, გამთამაშებლად ითამაშებს, მუტუ და ჯილარდინო კი წინ იქნებიან. ექსპერიმენტები არ მინდა, რადგან ძალიან მალე, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის უმნიშვნელოვანესი მატჩები გველის. ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჯერ არ მოვხვედრილვართ, ამის უფლება უნდა მოვიპოვოთ.

- თქვენი აზრით, რომელი გუნდი იქნება მომავალი სეზონის მოულოდნელობა.

- იმედი მაქვს, "ფიორენტინა". ყურადღებით ვაკვირდები "ნაპოლის".

- მარჩელო ლიპი იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდა...

- იგი ნამდვილად დაბადებულია ეროვნული ნაკრების მწვრთნელობისთვის. ძალიან მწყდება გული რობერტო დონადონიზე, იგი ხომ რთულ პერიოდში კარგად მუშაობდა.

- რა დასკვნა გამოიტანეთ ევრო 2008-სგან.

- გაიმარჯვა გუნდმა, რომელმაც საუკეთესოდ და ყველაზე წარმატებულად შეუხამა თავისი საფეხბურთო კულტურა სხვებისას. ესპანეთი ბრწყინვალედ აკონტროლებდა ბურთს, მისი ფორვარდები კი ძალიან ჰგავდნენ სწრაფ იტალიელ თავდამსხმელებს.

- ვინ არის ევროპის ჩემპიონატის აღმოჩენა.

- რუსები - იური ჟირკოვი და ანდრეი არშავინი, რომელსაც ადრეც კარგად ვიცნობდით, რადგან "ზენიტი" შესწავლილი გვყავდა. გვეგონა, სანკტპეტერბურგელებს უეფას თასის ფინალში შევხვდებოდით.

- ფინალი იტალიელმა ღობერტო როზეტიმ იმსაჯა...

- ეს იყო იტალიური სამსაჯო კორპუსის ჩინებული რევანში. ახლა ძალიან მინდა, როზეტი და ჩვენი სხვა მსაჯები სერია ფ-ს მატჩების საკამათო ეპიზოდებში უკეთ გაერკვნენ ხოლმე.

- რას გულისხმობთ.

- არ უნდა მოითმინონ პროტესტები, სიმულაციები და სხვა მსგავსი რამეები. პირველი, ვინც უნდა დაისაჯნონ, დიდები უნდა იყვნენ და არა პატარები. აქამდე მრავალჯერ გვინახავს, თუ როგორ ურეაქციოდ ტოვებენ არბიტრები დიდი ვარსკვლავების ცუდ საქციელს, თითქოს ვერ დაინახეს, მაგრამ საკმარისია, მსგავსი რამ ნაკლებად ცნობილმა მოთამაშემ გააკეთოს და მყისვე ყვითელ ან წითელ ბარათზე იკრავენ ხელს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com