|
|
"სარბიელი"
მონტოლივო: ჯერ ქვეყანა, მერე კლუბი
კოკი კანდელაკი
"ფიორენტინას" ახალგაზრდა ვარსკვლავს რიკარდო მონტოლივოს ოლიმპიადაზე წასვლა დიდად არ უნდ, რადგან იმ პერიოდში "იებს" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები აქვთ სათამაშო, მაგრამ იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა პიერლუიჯი კაზირაგიმ იგი საპეკინოდ გამოიძახა და მონტოლივომაც გადაიფიქრა - პირველ ადგილზე სამშობლო უნდა დავაყენოო. "ვფიქრობ, ყველა სპორტსმენი ოცნებობს ოლიმპიადაზე თამაშზე. გული მწყდება, რომ ოლიმპიადა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ემთხვევა. ძალიან ცუდია, რომ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებში ჩემს კლუბს ვერ დავეხმარები. თუმცა განუმეორებელი შანსი მეძლევა, ჩინეთში არამარტო იტალია, არამედ "ფიორენტინა" და მთლიანად ფლორენცია წარმოვადგინო" - თქვა მონტოლივომ. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი რობერტო დონადონის წინასწარ განაცხადშიც იყო, და ევრო 2008-ზე მოხვედრის შანსი ჰქონდა, მაგრამ დონადონის საბოლოო სიაში ის ვეღარ მოხვდა. დაბოლოს, "ფიორენტინას" საინტერესო და ცოტა უცნაური გეგმა აქვს მომავალი სეზონისთვის - კლუბმა თითქმის გადაწყვიტა, რომ სერია ფ-ს მატჩებში კაპიტნობა მონტოლივოს მიანდოს, ჩემპიონთა ლიგაში კი კაპიტნის სამკლავურს ადრიან მუტუ შეინარჩუნებს. თუ რამდენად გაამართლებს ეს სიახლე მომავალი გვაჩვენებს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |