"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

ფინალი და ჯანმრთელობა: 24/24 ვერდერი ღიაა

ვაჟა ხუციშვილი

ბრემენის "ვერდერის" მწვრთნელმა თომას შააფმა მწვანე კონტინენტზე დაისვენა. იქიდან დაბრუნებულმა ევროპის ჩემპიონატისგან მიღებულ შთაბეჭდილებაზე და "მუსიკოსების" სამომავლო გეგემებზე ისაუბრა ინტერვიუში, რომელიც "ვერდერის" ვებგვერდზე გამოქვეყნდა

- შვებულება ავსტრალიაში გაატარეთ და ევროპის ჩემპიონატს უყურებდით.

- იქაური დროით მატჩები დილის ხუთი საათისთვის იწყებოდა, მაგრამ არ გამიცდენია. აღმაფრთოვანებელი მომენტებიც იყო და საკვირველიც. რამდენიმე ფავორიტი მეოთხედფინალის შემდეგ დაემშვიდობა ტურნირს.

გერმანიის ნაკრებს ერთი მატჩიც არ მოუგია იოლად და მით უფრო სასიამოვნოა ფინალში მისი გასვლა. ევროპის ჩემპიონატის ვერცხლი დიდად დასაფასებელი შედეგია, ფინალში კი ესპანეთთან აშკარად წააგეს.

- ბევრმა ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი აჩვენა. კმაყოფილი ხართ იმით, რომ "ვერდერი" სწორედ ამ სტილის მიმდევარია.

- სამწუხაროდ, ყველა შემტევი გუნდი ვერ გავიდა ჯგუფიდან, მაგრამ ერთი რამ ცხადია - გულშემატკივარს ეს ძალიან მოსწონს. ჩემპიონატზე არაერთ ნაკრებში შევნიშნე თამაშის ის ელემენტები, რომელსაც "ვერდერი" იყენებს. დარწმუნებული ვარ, ასეთი ფეხბურთი მომავალში აუცილებლად გაამართლებს.

- ვერდერელების თამაშს როგორ შეაფასებთ.

- ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ შეფასების სხვა კრიტერიუმებით ვხელმძღვანელობ. ხშირად ისე ხდება, რომ მატჩისას ვითარება უკიდურესად იძაბება, მე კი სწორედ ამ დროს განსაკუთრებულად ვაკვირდები ჩემს ფეხბურთელებს. მაინტერესებს, შეძლებენ თუ არა მსგავს ვითარებაში აჩვენონ ის, რაც რეალურად ეხერხებათ. მთავარია, რომ ყველა ჯანმრთელი დაბრუნდა.

- გერმანიამ მეოთხედფინალიდან ერთი ფორვარდით ითამაშა. ეს თქვენთვის მისაღებია.

- ამაზე ვმსჯელობთ ხოლმე, მაგრამ საბოლოოდ ვკითხულობთ, გვჭირდება თუ არა ეს ჩვენ. მე უფრო შემტევი ტაქტიკის მომხრე ვარ, როცა ყველას ეძლვა თავის გამოჩენის შანსი.

ზოგი გუნდი ორი, მაგრამ ერთი უკან დახეული ფორვარდით თამაშობს, თუმც ესეც არ ჯდება ჩემს ფილოსოფიაში.

- სეზონის სამზადისზეც ვთქვათ. შარშან გუნდი პირდაპირ წავიდა ნორდირნეიში შეკრებაზე, წლეულს კი ათდღიანი ვარჯიშის შემდეგ გაემგზავრება. რატომ.

- ჯერ ყველა ფეხბურთელი არ დაბრუნებულა და ამიტომ ბრემენში დარჩენა და შეკრებაზე მოგვიანებით წასვლა გადავწყვიტეთ.

- ცოტა ფეხბურთელით მომზადების დაწყებას ალბათ დადებითი მხარეც აქვს...

- აშკარად. ჩვენ ინტენსიურად ვავარჯიშებთ აქ მყოფ მოთამაშეებს. ფიზიკურად მოღონიერების გარდა, თითოეულთან სამუშაოდ ბევრი დრო მრჩება. ამიტომაც მოვიწვიეთ სპეციალისტი ბენჟამინ კუგელი, რომელიც ფეხბურთელებისთვის ინდივიდუალურ მოსამზადებელ პროგრამას ადგენს.

- გუნდის ყოველდღიური ვარჯიშის პროგრამა ამით საგრძნობლად შეიცვლება.

- ჩვენ მუდმივად ვვითარდებით და ვარჯიშების დახვეწას ვცდილობთ. მაინცდამაინც დროს არ ვაზუსტებთ, როდის რა უნდა შეიცვალოს. თუ ვამჩნევ, რომ რაღაც გადასაკეთებელია და ეს გუნდს წაადგება, ვაკეთებთ, ოღონდ ამაზე საჯაროდ თითქმის არასოდეს ვსაუბრობთ.

- წინა სეზონის მსვლელობისას ტრავმის გამო არაერთი ფეხბურთელი გამოგაკლდათ და რთულ ვითარებაში აღმოჩნდით. საგანგებოდ რამე ხომ არ მოიფიქრეთ, რომ ამისგან დაზღვეული იყოთ.

- რა თქმა უნდა, ვფიქრობდით, რამ გამოიწვია ეს ხშირი ტრავმიანობა, მაგრამ იყო ისეთი მომენტებიც, რომელზეც ჩვენ გავლენას ვერ მოვახდენდით. ამჯერად ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი რამ აღარ დაგვემართება.

-რა მიზნები გაქვთ ამ სეზონში.

- ისევ ვითამაშებთ შემტევ ფეხბურთს, ვასიამოვნებთ ქომაგებს და ჩვენც ვისიამოვნებთ. ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის, რადგან ამის რეალური შანსი გვაქვს. ჩვენს კონკურენტებსაც არ სძინავთ და ალბათ ისევ "ბაიერნი" იქნება ფავორიტი.

- "ბაიერნის" უფროსები აცხადებენ, რომ ფეხბურთელებისთვის რვასაათიან სამუშაო დღეს დააწესებენ. თქვენც ხომ არ აპირებთ ასეთი რეჟიმის დანერგვას.

- ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვშრომობთ. ჩემი ფეხბურთელები მუდამ მზად არიან. ახლაც რომ ნახოთ გრაფიკი, თავად შეიტყობთ თუ რამდენ ხანს ატარებენ ისინი ერთად და ეს სრულიად საკმარისია.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com