|
|
"სარბიელი"
რიბეირუმ რობინიო აურია
ვაჟა ხუციშვილი
რობინიო რაღაცას ხლართავს და "რეალის" სპორტული დირექტორი პრედრაგ მიატოვიჩი ამის გამო გაბრაზებულა. ფეხბურთელის აგენტი ვაგნერ რიბეირუ "ჩელსის" რეალელთა ზურგს უკან ეჩურჩულება ტრანსფერზე და მადრიდულ კლუბში ბრაზილიელი უკვე აითვალწუნეს. სეზონის დასრულების შემდეგ რობინიო მშვიდად გაემგზავრა სამშობლოში, იქ კი რაღაც ჭია შეუჩნდა და სხვა კლუბებში გადასვლაზე ლაპარაკი დაიწყო. აფორიაქებული "რეალი" ნერვიულობს, რადგან ეს ზურგსუკანა საუბრები სულ უფრო და უფრო მატულობს და ამის მოთავე ვაგნერ რიბეირუა. "ას"-ი წერს, რომ აგენტის მიზანი ფეხბურთელის კონტრაქტის გადახედვა და ჯამაგირის მომატებაა. პრედრაგ მიატოვიჩმა საპასუხო სვლა არ დააყოვნა, გუნდის ამრევი და უკმაყოფილო ფეხბურთელები არ გვჭირდებაო. გვარი არ დაუსახელებია, მაგრამ გასაგებად მიანიშნა რობინიოზე. "ას"-ი, ვარაუდით, თუ "რეალი" კრიშტიანუ რონალდუს ყიდვას მაინც მოახერხებს, რობინიოს გუნდში აღარ გააჩერებენ. ბრაზილიელის ფასი კი 45 მილიონი ევროა. პრედრაგ მიატოვიჩს უთქვამს: "რობინიოსგან ასეთი საქციელი მიკვირს, შეეძლო მოსულიყო და პირისპირ გვესაუბრა. ეღიარებინა, რომ მისის აგენტი მაისში "ჩელსის" წარმომადგენელს შეხვდა. მოვუსმენდი, მის პრობლემას გავიგებდით და მოვაგვარებდით". ფეხბურთელი კი ბრაზილიაში, იქაური მედიის ფურცლებიდან "რეალს" მესიჯებს უგზავნის. მაგალითად, ერთ-ერთ გაზეთს უთხარა: "მე "მანჩესტერი" და "ჩელსი" მეპატიჟებიან. თუ რომელიმესთან მოვრიგდები, "რეალიდან" წასვლის პრობლემა არ მექნება". მადრიდში კი ასეთ ვარიანტს განიხილავენ: თუ "ჩელსი" 45 მილიონ ევროს გადაიხდის რობინიოში, ეს ფული კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერს წაადგება. "რეალში" დარჩენის შემთხვევაში კი ბრაზილიელი გუნდს აგვისტოს ბოლოს შეუერთდება. მან ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები ითამაშა, ახლა შვებულებაშია და მერე ოლიმპიადაზე მიემგზავრება.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |