|
|
"სარბიელი"
ახალი კალჩოპოლი?
გიორგი კაკაბაძე
იტალიაში ახალი სკანდალი აგორდა. ბერგამოს "ატალანტასა" და სერია ი-ში გავარდნილი "ლივორნოს" ფეხბურთელებს გასულ სეზონში ურთიერთშეხვედრების ჩაწყობაში ედებათ ბრალი. 2007 წლის 23 დეკემბერს "ლივორნო" - "ატალანტა" 1:1 დასრულდა, ხოლო 2008 წლის 4 მაისს ბერგამოული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დამთავრდა. მთავარი დამნაშავეები "ლივორნოს" ყოფილი კაპიტანი დავიდე ბალერი და ატალანტელი ჯანპაოლო ბელინი არიან. ისინი გარიგების მოთავეებად და მთავარ შემსრულებლებად ითვლებიან. კიდევ სამ ლივორნოელს - ალესანდრო გამბერინის, ემანუელე და ანტონიო ფილიპინებს კი იმაში ედებათ ბრალი, რომ ამ ამბის შესახებ ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ დამალეს და სადაც საჭირო იყო არ აცნობეს. "მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს კლუბს არაფრის ეშინია, რადგან დამნაშავენი არ ვართ. გამოძიების დასრულებას მშვიდად უნდა დაველოდოთ, მჯერა, ყველაფერი მალე გაირკვევა" - განაცხადა "ლივორნოს" პრეზიდენტმა ალდო სპინელიმ. "ატალანტას" მწვრთნელი ლუიჯი დელ ნერი: "ნამდვილად არ მგონია, რომ ფეხბურთელებს შორის რაიმე გარიგება ყოფილიყო. ჩვენ ტრადიციულად ყველა მატჩში მოსაგებად ვთამაშობდით". "ნებისმიერი სასამართლოს წინაშე წარვდგები და ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ. 25-წლიანი კარიერის მანძილზე ისეთი რამ არასდროს გამიკეთებია, რაც წესებს და კანონებს ეწინააღმდეგება. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ატეხილი მითქმა-მოთქმის გამო" - აღნიშნა 39 წლის ბალერიმ, რომელიც ახლა სერია ს--ს ბინადარ "კომოში" ირიცხება.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |