|
|
"სარბიელი"
კრაუჩის ჰარი რამა
პაპუნა კედია
"პორტსმუთი" იმედოვნებს, რომ დღეს საბოლოოდ დაისაკუთრებს პიტერ კრაუჩს. საამისოდ მას "ლივერპულისთვის" 11 მილიონი გირვანქის გადახდა მოუწევს. მოგეხსენებათ, როგორც კი ტანმაღალმა ფორვარდმა განაცხადა, რომ მერსისაიდელთაგან წასვლა აქვს გადაწყვეტილი, "პორტსმუთის" მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა მტკიცედ გადაწყვიტა მისი შეძენა. თავიდან რედნაპმა "ლივერპულს" 9 მილიონი გირვანქა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. ახლა სატრანსფერო თანხა 11 მილიონამდეა გაზრდილი, ოღონდ გადახდის წესი ასეთი იქნება: 9 ერთბაშად და ორიც თანდათან. 26 წლის კრაუჩს ახალი კლუბის პოვნა იმიტომ სურდა, რომ "ლივერპულში" სათადარიგოთა სკამზე მოუხდა ჯდომა, რამაც მისი სანაკრებო კარიერა შეიწირა. აღსანიშნავია, რომ თავიდან ლივერპულელები კრაუჩის "პორტსმუთში" გაშვებას მაინცდამაინც არ ეშურებოდნენ, რამდენადაც იგი "ასტონ ვილასგან" გარეთ ბერის გადმობირების ოპერაციაში ხურდად სჭირდებოდათ. იყო მეორე ვარიანტიც - უნდოდათ კრაუჩის მეშვეობით "ტოტენჰემ ჰოთსპური" მოეხიბლათ და ლონდონელებს მათკენ რობი კინი გამოეშვათ, მაგრამ კრაუჩის ინტერესიც ხომ უნდა გაეთვალისწინებინათ. კერძოდ, ფორვარდი არასდროს მალავდა, რომ იმ კლუბში დაბრუნებაზე ოცნებობდა, რომლის შემადგენლობაშიც ექვსი წლის წინ ერთი სეზონი დაჰყო. კიდევ, კრაუჩის ოცნება კვლავ ჰარი რედნაპის შეგირდობა გახლდათ. ბედის ირონიაა, რომ 2002 წელს "პორტსმუთიდან" "ასტონ ვილაში" ის სწორედ რედნაპმა გაყიდა, მაგრამ 2004-ში ის უკვე "საუთჰემპტონის" თავკაცობისას იყიდა და მის კარიერას ხელი დაატყო. გასულ სეზონში კი კრაუჩი "ლივერპულის" სათადარიგო ფეხბურთელად იქცა, რადგან მერსისაიდელთა ძირითადში ადგილი ესპანელმა ვარსკვლავმა ფერნანდო ტორესმა დაიმკვიდრა. საინტერესოა, რომ მეტწილად სკამზე ჯდომის მიუხედავად კრაუჩმა მაინც მოახერხა პრემიერლიგაში 13 გოლის გატანა. ბუნებრივია, "ლივერპულის" თავკაცი რაფა ბენიტესი კრაუჩის გაყიდვით მონაგებ ფულს ბერის გარდა კიდევ ერთი თავდამსხმელისა და ნახევარმცველის ყიდვის საქმეში დახარჯავს. რამდენადაც ცნობილია, ბენიტესს "ვალენსიადან" დავიდ ვილიას შეძენა სურს. გარდა ამისა, მას ნიუკასლელი გარემარბის, ჯეიმს მილნერის და მიდლსბროელი სტიუარტ დაუნინგის ყიდვაზე უჭირავს თვალი. სხვა ამბავია, რომ ბერის "ასტონ ვილას" შეფები 18 მილიონ გირვანქად აფასებენ და ეს თანხა ბენიტესს ეძვირება. თავად "ვილას" მწვრთნელი მარტინ ონილი კი ბერის გარეშე ცხოვრებისთვის ემზადება, თუმცა მას სხვა პრობლემებიც აქვს. კერძოდ, მისი განკარგულებიდან წავიდნენ ოლოფ მელბერგი, ტომას სორენსენი, სკოტ კერსონი და პატრიკ ბერგერი, მათ კი შეცვა სჭირდება. სხვათა შორის, ამბობენ, რომ "ასტონ ვილადან" შესაძლოა შონ მელოუნიც წავიდეს, კერტის დევისი და სტივენ ოჰალორანი კი ხანგრძლივი მკურნალობის კურსს გადიან. მარტინ ონილი: "მართალია, გასულ სეზონში ჩემმა ფეხბურთელებმა ჩინებულად ითამაშეს, მთელ პრემიერლიგაში ყველაზე მოკლე სკამი გვქონდა და ეს წლეულს აღარ უნდა განმეორდეს. რაც შეეხება გარეთ ბერის, თუ ის ჩვენთან დარჩენას გადაწყვეტს, ჯერ კიდევ იმ ჭკუაზე ვართ, რომ დავიტოვებთ."
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |