"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

სიონმა ხელები მოიფშვნიტა

ნუკრი ლოლაძე

მამალაძე, ქემოკლიძე, სილაგაძე, ხუბუა, გონჩაროვი, უგრეხელიძე, ალავერდაშვილი, კუსრაშვილი - კიდევ ბევრი იქნებაო...

საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე შიდაქართლურ გუნდებში - რუსთავის "ოლიმპში" და ბოლნისის "სიონში" - დიდი მიდი-მოდია.

მოგეხსენებათ, "სიონის" მთავარ მწვრთნელად ოთარ კორღალიძე დაინიშნა და ახალი თავკაციც საქმეს შეუდგა. გუნდი თბილისში დღეში ორჯერ ვარჯიშობს.

"სიონი" დატოვეს გიგა იაშვილმა, ლაშა ვაშაკიძემ და ბესიკ ქარდავამ. ისიც იცის "სარბიელის" მკითხველმა, რომ "ზესტაფონში" გადავიდნენ კამერუნელები: ერიკ რომეო ჩასემი და ბოიომო ფრიდოლინი.

ქვემოქართლელებს შევსება უფრო ხვავრიელი აქვთ - გადაიბირეს მეკარე ზურაბ მამალაძე, რომელმაც გასული სეზონი აზერბაიჯანულ "გაბალაში" ჩაატარა, ცხინვალის "სპარტაკის" მცველი რევაზ ქემოკლიძე და რუსთავის "ოლიმპის" ნახევარმცველები, ლევან სილაგაძე და გელა ხუბუა.

კიდევ ერთი ახალწვეული თავდამსხმელი ბორის გონჩაროვია, ვისაც ადრეც უთამაშია "სიონში"; გუნდს დაუბრუნდა ვლადიმერ უგრეხელიძე, რომელმაც გასული სეზონი აზერბაიჯანულ "სტანდარდში" გაატარა; თბილისის "ლოკომოტივიდან" მივიდა გიორგი ალავერდაშვილი, ხოლო თბილისის "ვიტ ჯორჯიადან" ფარნაოზ კუსრაშვილი.

როგორც ბოლნისური კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ჯემალ ჭიპაშვილმა გვითხრა, "სიონი" რამდენიმე ფეხბურთელით კიდევ გაძლიერდება.

"სიონმა" ორი ტესტ-მატჩი უკვე გამართა. ორჯერვე "ოლიმპს" გაეჯიბრა და ორივე მარცხიანი გამოდგა - 0:2, 1:2.

ბოლნისელები დღეს კიდევ გამართავენ საკონტროლო მატჩს - აზერბაიჯანულ "ოლიმპიკს" შეხვდებიან. მატჩი თენგიზ სულაქველიძის აკადემიის მოედანზე ჩატარდება და 18 საათზე დაიწყება.

12 ივლისს "სიონი" ასევე აზერბაიჯანულ "სიმურგს" გაეჯიბრება ამხანაგურად. ეს შეხვედრა ბოლნისის "თამაზ სტეფანიაზე" ჩატარდება, სადაც მოედნის გასაახლებელი სამუშაოები მიმდინარეობს და ამ თამაშით მინდვრის ვარგისიანობასაც შეამოწმებენ. 14 ივლისს კი "სიონი" ორკვირიან შეკრებაზე გრიგოლეთში წავა...



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com