"სარბიელი"
# 156
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2008 წელი

ჟამი ფიქრისა

კობა ინასარიძე

"ამერის" ფეხბურთელებმა, კლუბს ჩვენი სახელფასო დავალიანება აქვსო და, გუშინწინ ვარჯიში იუარეს, ასე ვთქვათ, ბოიკოტი გამოაცხადეს. "ამერის" გლდანის სტადიონზე გუშინწინ მხოლოდ გუნდის მწვრთნელები და პერსონალი იყვნენ, ფეხბურთელები კი არ გამოჩენილან. მოგვიანებით ფეხბურთელებს ჩვენ დავუკავშირდით და შექმნილ ვითარებაზე კომენტარი ვთხოვეთ - უშედეგოდ. მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა თქვა, რომ ბენზინის ფულიც არ გვაქვს და ვიდრე ხელფასები არ დარიგდება, ვარჯიშზე ლაპარაკიც ზედმეტიაო.

ეს გუშინწინდელი ამბებია და "ამერს" არც გუშინ უვარჯიშია... რა ხდება "ამერში", რატომ შეიქმნა ფინანსური პრობლემები საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და მოწესრიგებულ გუნდში, რა პერსპექტივაა - აი, ამ და სხვა კითხვებით გუშინ "ამერის" პრეზიდენტ ზურაბ ფოცხვერიასა და მთავარ მწვრთნელ გიორგი ჩიხრაძეს მივმართეთ...

- რატომ იუარეს ვარჯიში ფეხბურთელებმა.

- ხელფასების დაგვიანების გამო - გვითხრა ზურაბ ფოცხვერიამ - ტექნიკური მიზეზები იყო და დავალიანებაც ამან გამოიწვია.

- გუნდს არც დღეს უვარჯიშია.

- არა, გუშინდელი ამბების შემდეგ დღევანდელი ვარჯიშიც არ დანიშნულა.

- ფეხბურთელებს არ შეხვედრიხართ.

- პირადად არა.

- ამჟამად რას აპირებთ.

- ვფიქრობთ.

- როდის გამოსწორდება ვითარება.

- ნაწილობრივ უკვე გამოსწორებულია და მალე ყველაფერი მოგვარდება. გვსურს, რომ გუნდმა მზადება რაც შეიძლება მალე განაახლოს.

- ჩაშლილი ვარჯიშებისთვის ფეხბურთელებს საჯარიმო სანქციები თუ ელით.

- სანქციებზეც ვფიქრობთ.

- ფინანსურის გარდა არის "ამერში" სხვა პრობლემებიც.

- ბევრი ისეთი რამაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული, რომ დანაწევრება არ ღირს, კომპლექსური საკითხია.

"ამერის" პრეზიდენტის შემდეგ გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი ჩიხრაძეს შესაძლო ცვლილებებზე ვკითხეთ და იმ შეხვედრის თაობაზეც, რომელიც მას გუშინ ფეხბურთელებთან ჰქონდა...

- ცხადია, ცვლილებები გამორიცხული არ არის, ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ. რამდენიმე ფეხბურთელია ჩვენთან გასინჯვაზე და შეიძლება, კიდევ მოვიდნენ, რამდენიმეც უკვე წავიდა. მოკლედ, როგორც ყოველთვის, ცვლილებები გუნდის შენების თანმდევი პროცესია.

- გავიგეთ, რომ ჩაშლილი ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელებს შეხვდით. თუ საიდუმლო არ არის, რა ითქვა.

- ფეხბურთელების ერთ ჯგუფს მართლაც შევხვდი და გუნდში შექმნილ ვითარებაზე ვისაუბრეთ. ფეხბურთელებთან კონტრაქტი გვაქვს და ახლა უკვე გადაწყვეტილებების მიღება კლუბზეა დამოკიდებული.

აი, ასეთი ამბებია სადღეისოდ "ამერში". ვნახოთ, რა იქნება დღეს და ხვალ...



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com