|
|
"სარბიელი"
გრიგოლ ცაავამ ბავშვთა ფეხბურთს ხელი მოჰკიდა
ნუკრი ლოლაძე
თბილისის რეგიონში ბავშვთა და მოზარდთა ფეხბურთში გასატარებელი რეფორმების ნუსხა 1. 2008 წლის ივნისში ჩატარდეს საფეხბურთო სკოლების ლიცენზირება. (სკოლებს დაურიგდებათ სალიცენზიო კრიტერიუმები). 2. შეიქმნას ორი ლიგა. პირობითად - "ელიტ-ლიგა", სადაც ითამაშებენ ლიცენზიაგავლილი სკოლები და "თბილისის ლიგა" - არალიცენზირებული სკოლები. ელიტ-ლიგაში შემცირდება სუსტი გუნდების რაოდენობა და, შესაბამისად, აიწევს შეჯიბრის ხარისხი. 3. აუცილებელია, აღსდგეს სასწავლო-სამწვრთნელო პროცესი. ამისათვის საჭიროა 1-კვირიანი სავარჯიშო ციკლი (რაც ჩაშლილი და დავიწყებულია). 4. ცვლილება უნდა მოხდეს ჩემპიონატის ხანგრძლივობაში. ჩემპიონატი დაიწყოს სექტემბერში და გაგრძელდეს ივლისის პირველ რიცხვებამდე. გარდა 1-კვირიანი ციკლის აუცილებლობისა, ივნისში ყველა უმაღლესი ლიგის გუნდს დამთავრებული აქვს ჩემპიონატი და მათ სელექციონერებს ეძლევათ საშუალება, დააკვირდნენ და მოიძიონ ნიჭიერი ფეხბურთელები. 5. ცალკე უნდა ჩატარდეს "თბილისის თასის" გათამაშება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყველა გუნდი (როგორც ლიცენზირებული, ისე არალიცენზირებული). 6. გამარჯვებული გუნდები ითამაშებენ სუპერთასს. 7. უნდა გავითვალისწინოთ უეფას რეკომენდაცია. დიდი ასაკებისთვის - გ-21, გ-19, გ-17 - 40 ოფიციალური თამაში სეზონში, პატარა ასაკებისთვის - გ-16, გ-15 - 30 თამაში. 8. კარდინალური ცვლილება უნდა მოხდეს ჩემპიონატში მონაწილეების გადახდის ფორმებში: დაწესდეს ერთიანი გადახდის სისტემა, ერთ გუნდზე 1 600 ლარი. განაცხადი - 20 ფეხბურთელი, თითოეულს უწევს წელიწადში - 80 ლარი, თვეში 7 ლარამდე. ეს თანხა ეხებათ 1991-დან 1995 წლამდე დაბადებულ ჭაბუკებს. 1996-97-98 წლებში დაბადებულებს 50 ლარი წელიწადში. თვეში 4 ლარი. ეს ასაკები თამაშობენ ნახევარ მოედანზე. თითოეულ ფეხბურთელზე კლუბი ვალდებულია, მითითებული ბანკის ანგარიშზე ჩარიცხოს ან შეიტანოს 80 ლარი, რის საფუძველზეც თფფ გასცემს მოთამაშის ბარათს. ამ ცვლილებებით შევებრძოლებით გადახდის იმ მახინჯ ფორმებს, რაც დღეს საფეხბურთო სკოლებში ხდება. 9. მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ მწვრთნელთა განათლებას. დიდ ასაკებში აუცილებლად მოვითხოვოთ ი კატეგორიის ლიცენზიები. გამკაცრდეს გამოცდები. საუკეთესო მწვრთნელები კვალიფიკაციის ასამაღლებლად გავაგზავნოთ ევროპის წამყვან კლუბებში სტაჟირებაზე. 10. გადაზრდილებზე დავაწესოთ უმკაცრესი ზომები. დამრღვევ მწვრთნელს მიეცეს დისკვალიფიკაცია 2 წლით პირველ შემთხვევაში - გასაჩივრების უფლებით (სააპელაციო კომიტეტში). განმეორების შემთხვევაში აეკრძალოს საფეხბურთო კლუბებში მუშაობა. 11. ყველა საფეხბურთო სკოლამ სეზონის წინ წარმოადგინოს წლიური გეგმა, სადაც აღრიცხული უნდა იყოს იმ წლის ყველა მოსალოდნელი ტურნირი. მკაცრი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ე.წ. "კომერციულ" ტურნირებს, რომელიც არ იქნება შეთანხმებული თფფ-სთან. ყველა დამრღვევი საფეხბურთო სკოლა ვამხილოთ და ხმამაღლა ვთქვათ ნამდვილი მიზეზი და ინტერესი. 12. მერიასთან მჭიდრო ურთიერთობით განვაახლოთ კავშირები დაძმობილებულ ქალაქებთან. ჩავრთოთ მერიის სპორტის სამსახური. 2009 წლის ზაფხულის ტურნირებისთვის წელსვე მოხდეს შეთანხმება. 13. ყველა ასაკს უნდა ჰყავდეს სპონსორი. ვეცადოთ, უფროსი სამი ასაკის ჩემპიონები გავუშვათ საზღვარგარეთ ტურნირზე. 14. ლიცენზირებული სკოლის ფეხბურთელის სატრანსფერო ფიქსირებული გადასახადი განსხვავდებოდეს არალიცენზირებულისგან (წელიწადში 2 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში; არალიცენზირებული 1 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში). თანხები უნდა მოხვდეს სპეც-ანგარიშზე, საიდანაც 5 პროცენტი დარჩება ფედერაციას, რომელსაც ისევ მოახმარს ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას. 15. უმაღლესი ლიგის მსაჯებისთვის აუცილებელი უნდა იყოს ბავშვთა ლიგაში გარკვეული რაოდენობის თამაშების მსაჯობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ვერ მიიღებენ უმაღლეს ლიგაში მსაჯობის უფლებას. ეს ნოვაცია პრესტიჟს შემატებს ჭაბუკთა ჩემპიონატს. 16. თფფ-ს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1 ხელოვნურსაფარიანი (სტანდარტული ზომის 105ჩ68) მოედანი. 17. გაზეთ "ოლიმპში" კვირაში ერთხელ იქნება ჩანართი - თბილისის ფეხბურთი. 18. გაიხსნას თფფ-ის ოფიციალური ვებგვერდი ინტერნეტში.
გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გრიგოლ ცაავამ, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ნიკა დოლიძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა უჩა უგულავამ პრესკონფერენცია გამართეს... გრიგოლ ცაავა: "ჩვენი მთავარი მიზანი თბილისში საფეხბურთო მეურნეობის განვითარებაა, ბავშვთა საფეხბურთო სკოლებს უნდა მივხედოთ. ერთობლივად შევიმუშავეთ პროექტი და სანამ აღმასკომი ამას დაამტკიცებს, მასში შენიშვნებსაც გავითვალისწინებთ". ნიკა დოლიძე: "ამ თვენახევარში შემოვიარეთ თბილისის საფეხბურთო სკოლები, რომლებიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაშია დარეგისტრირებული. დავიწყეთ ამ სკოლების ლიცენზირება, მაგრამ სამწუხაროდ, 29 სკოლიდან მხოლოდ შვიდმა მიიღო ლიცენზია, ექვს სკოლას პირობითი ლიცენზია მივეცით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბავშვთა საფეხბურთო სკოლებისთვის 270 ათასი დოლარი გამოყო. სკოლებში მწვრთნელთა განათლების მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა. ეს დიდი ღრმული უნდა ამოვავსოთ. კულუარულად ყოველთვის იყო საუბარი ბავშვთა ფეხბურთში არსებულ კორუფციაზე, თუმც ხმამაღლა ამას არავინ ამბობდა. ავადმყოფმა თუ ექიმს არ უთხრა, რა აწუხებს, ვერ მორჩება. ამიტომ ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ. სათქმელი ვთქვათ და ეს ხარვეზები აღმოვფხვრათ. აქვე მინდა გითხრათ, რომ ფულთან შეხება აღარავის ექნება - მშობელი გადასახადს ბანკში შეიტანს და ქვითარსაც მიიღებს. გადავწყვიტეთ, რომ ლიცენზირებული სკოლების ჩემპიონატი ცალკე ჩავატაროთ. მას "ელიტ-ლიგა" დაერქმევა. 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას - 13 თბილისიდან, 3 რეგიონებიდან. ჩემპიონატი სექტემბერში დაიწყება და ივლისში დამთავრდება. ივლისამდე იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ დროს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დასრულებული იქნება და სელექციონერებსაც საშუალება ექნებათ, თვალყური მიადევნონ "ელიტ-ლიგის" მატჩებს. არალიცენზირებული სკოლების ჩემპიონატი როგორც ტარდებოდა, ისევ ისე გაგრძელდება. სხვადასხვა ასაკის ბავშვები სხვადასხვა ზომის მოედნებზე ითამაშებენ და ფეხბურთელთა რაოდენობაც ასეთი იქნება - 9 წლის ბავშვები მინი-მოედანზე ხუთი ხუთზე ითამაშებენ. 10 წლისანები - შვიდი შვიდზე, თორმეტ-ცამეტი წლ-ისანები - ცხრა ცხრაზე. გასულ წლებში ბავშვთა ფეხბურთში მსაჯობა დიდი პრობლემა იყო. ახლა კი უმაღლესი ლიგის მსაჯებისთვის აუცილებელი გახდება "ელიტ-ლიგაში" გარკვეული რაოდენობის თამაში იმსაჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უმაღლეს ლიგაში მსაჯობის უფლებას ვერ მიიღებს. მსაჯებს ანაზღაურება ასი პროცენტით გაეზრდებათ".
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |