"სარბიელი"
# 156
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2008 წელი

ქართველი ბიჭების უკრაინული ყოფა: კობახიძე და კანკავა ფეხბურთზეც და სხვაზეც

ილია ნანობაშვილი

ერთი კვირის წინ უკრაინული "დნიპროს" ქართველმა ფეხბურთელებმა სანდრო კობახიძემ და ჯაბა კანკავამ ვარჯიში განაახლეს. მათ მხრის ტრავმა ჰქონდათ და ორივემ ოპერაცია გაიკეთა გერმანიაში. ახალგამოჯანმრთელებული ქართველები უკრაინულმა ტელევიზიამ მიიწვია და ჩვენც ამ ინტერვიუს გთავაზობთ...

- როგორ განწყობაზე ხართ.

კობახიძე: მშვენიერზე.

კანკავა: ყველაფერი კარგადაა!

- რატომ გამოტოვეთ "დნიპროს" შეკრება.

კობახიძე: ორივემ მხრის ოპერაცია გავიკეთეთ და ახლა რეაბილიტაციის პროცესს გავდივართ.

კანკავა: ზუსტად ერთნაირი ტრავმები გვქონდა...

- ერთდროულად გაიკეთეთ ოპერაცია.

კობახიძე: დიახ. სამი საათის ინტერვალში, ჯერ ჯაბამ, მერე - მე.

კანკავა: იმედი გვაქვს, სამ კვირაში, მწყობრში ვიქნებით.

- მოდით, გასული სეზონი გავიხსენოთ. როგორ ფიქრობთ, რა გამოუვიდა "დნიპროს" და რა - არა.

კანკავა: პირველი წრე ფრიადზე ჩავატარეთ, მეორე კი...

კობახიძე: ჩემი აზრით, გუნდში ერთდროულად ექვსი ახალი ფეხბურთელი რომ თამაშობს, უცბად ყველაფრის დალაგება ძნელია. მგონია, რომ მომავალ სეზონში ყველაფერი გამოგვივა.

- ამჟამად გუნდში როგორი განწყობაა.

კობახიძე: მშვენიერი.

კანკავა: ყველა ცდილობს, ბოლომდე დაიხარჯოს და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი.

- ევროპის ჩემპიონატის ყველა თამაში ნახეთ. ყველაზე მეტად რომელი გუნდები მოგეწონათ.

კობახიძე: მე ძალიან დამამახსოვრდა ჰოლანდია - რუსეთი. ისე, მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ესპანეთს ვქომაგობდი და მაინც, რუსეთმა გამაოცა...

კანკავა: ჯგუფურ თამაშებში ძალიან მომეწონა ჰოლანდია.

- და რა დაემართა რუსეთთან მატჩში.

კანკავა: ძალიან გახსნილად ითამაშეს, ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, ზედმეტი მოუვიდათ...

კობახიძე: რუსებს ნამდვილად მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ.

- ვის გამოარჩევთ.

კობახიძე: ჟირკოვს. ასევე არშავინს - ბრწყინვალე თავდამსხმელია.

კანკავა: თურქეთმაც გამაკვირვა.

- იმით, რომ ბოლო წუთებზე გაჰქონდა გოლები.

კანკავა: არა, უბრალოდ, ისინი ბოლო წუთებში განსაკუთრებულად დალაგებულად თამაშობდნენ და სწორედ ეს უნდა ისწავლო მათგან.

კობახიძე: მართლაც, ისინი ყოველთვის ასე თამაშობენ, ბოლო წუთებამდე არ კარგავენ კონცენტრაციას.

- შეგიძლიათ, მოგვიყვეთ თქვენზე. როგორ დაიწყეთ ფეხბურთის თამაში.

კობახიძე: 8 წლის ვიყავი, როცა სერიოზულად დავიწყე ვარჯიში, თუმცა ჩემი მშობლები ყოველთვის წინააღმდეგნი იყვნენ...

- რატომ.

კობახიძე: არ ვიცი. ალბათ, მათ უნდოდათ, სხვა რამე მესწავლა, მაგრამ მერე ამას შეურიგდნენ და ყველანაირად მხარში ამომიდგნენ, განსაკუთრებით მამაჩემი.

- მამას უყვარს ფეხბურთი.

კობახიძე: არ უყვარდა, თუმცა ახლა ალბათ უყვარს.

კანკავა: უკვე 14 წელია, ფეხბურთით ვცხოვრობ. მშობლები არ იყვნენ წინააღმდეგნი, ფეხბურთელი ვყოფილიყავი და ყველაფერში მეხმარებოდნენ, დღემდე ძალიან განიცდიან ჩემს გამო. მყავს უფროსი ძმა, ისიც ფეხბურთელი იყო, მაგრამ მერე თავი დაანება, სასწავლებელი დაამთავრა და მუშაობს.

- და როგორი გოგონები მოგწონთ.

კობახიძე: ყველა ქალი სხვადასხვანაირია, ყველა თავისებურად საინტერესოა.

- ყველაზე მეტად ქალის რა თვისებები მოგწონთ. ერთი სიტყვით, როგორი უნდა იყოს, რომ სანდრო კობახიძეს და ჯაბა კანკავას მოეწონოს.

კობახიძე: არ უნდა იყოს სულელი.

- როგორ გაატარეთ შუასასეზონო პერიოდი.

კობახიძე: უკვე ნახევარი წელია, დნეპროპეტროვსკში ვარ და ძალიან მომენატრა საქართველო, ჩემი მშობლები...

კანკავა: ყველაზე კარგი დასვენება საქართველოშია.

კობახიძე: ასეა, საქართველოში ოჯახთან ერთად ყველაზე უკეთ ვისვენებ.

- თუ გაქვთ საქართველოს გარდა საყვარელი ადგილები დასასვენებლად.

კობახიძე: არაერთხელ ვისვენებდი თურქეთში, იქაც ძალიან კარგია.

კანკავა: ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ სახლს ვერაფერი შეედრება.

- მანქანებში რამე პრიორიტეტი გაქვთ.

კობახიძე: რა თქმა უნდა.

კანკავა: "მერსედესი"!

კობახიძე: ვეთანხმები ჯაბას, გერმანელებს საუკეთესო მანქანები ჰყავთ, უმაღლესი ხარისხის.

კანკავა: ახლა "მერსედესი" მყავს, თუმც მანამდე მეგონა, რომ იქც სჯობდა ყველას. მაგრამ რაც "მერსედესზე" გადავედი, აზრი შემეცვალა.

- დნეპროპეტროვსკში საყვარელი ადგილები გაგაჩნიათ.

კობახიძე: ქართული რესტორნები, ოღონდ სერიოზული მხოლოდ ორია. ეს ქალაქი ძალიან მოგვწონს, ევროპულია, ლამაზია.

კანკავა: ოღონდ ქართული ადგილები ცოტაა.

- ცხადია, საყვარელი კერძიც ქართული გექნებათ...

კანკავა: ხინკალი!

კობახიძე: ხინკალი და მწვადი, მხოლოდ ნამდვილი ქართული.

- დნეპროპეტროვსკში ასეთი ქართული მწვადი გაგისინჯავთ.

კობახიძე: სამწუხაროდ, არა. აქაც არ არის ცუდი, თუმცა ქართულს ვერ შეედრება. ალბათ ქართულად გაკეთება არ იციან.

- როგორი დამოკიდებულება გაქვთ კინემატოგრაფიასთან, როგორი ფილმები გიყვართ.

კანკავა: "მიმინო". იცით ასეთი ფილმი.

- რა თქმა უნდა, ვახტანგ კიკაბიძე.

კობახიძე: საერთოდ, ძველი საბჭოური ფილმები კარგია. ძალიან მომწონს "კავკასიელი ტყვე ქალი".

- დაბოლოს, რას ეტყვით თქვენს გულშემატკივრებს.

კობახიძე: ჩვენ ყოველთვის მადლიერნი ვართ იმ გულშემატკივრების, რომლებიც სტადიონზე მოდიან და მხარს გვიჭერენ. დაგვიჯერეთ, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მოვიგოთ.

კანკავა: ეს ფეხბურთია, ჩვენ მუდამ ვცდილობთ, კარგად ვითამაშოთ და მოვიგოთ, მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოგვდის. მაგრამ ძალას არასოდეს დავიშურებთ. ახალი სეზონისთვის "დნიპროს" ყველა ფეხბურთელი შეეცდება, მაქსიმუმს მიაღწიოს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com