"სარბიელი"
# 156
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2008 წელი

დინამომ გერმანიაში აღარ ითამაშა და უკან წამოვიდა

კობა ინასარიძე

თბილისის "დინამოს" გუშინ გერმანული შეკრების ბოლო მატჩი იქაური რეგიონალლიგის "ბაინჰოფთან" უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ჩვენების თხოვნით, შეხვედრა არ შედგა.

"დინამო" გერმანიაში ლამის ლაზარეთად იქცა და სწორედ იმიტომ, რომ ნახევარი გუნდი ტრავმირებულია, თბილისელები გართულებებს მოერიდნენ და აღარ ითამაშეს.

ჩამოვთვალოთ: ილია სპასოევიჩს სიცხე აქვს; დავით დიღმელაშვილს, ლევან ხმალაძეს, შოთა კაშიას და გიორგი ლოსაბერიძეს მიკროტრავმები აწუხებთ; ინდივიდუალურად ვარჯიშობს გიორგი მერებაშვილი, ხოლო მათე ვაწაძე და ნიკა ფირცხალავა გუნდთან ერთად კი არიან, მაგრამ დატვირთვებს ერიდებიან.

"დინამოს" გერმანულ შეკრებაზე არ ჰყავდა არც გაბონელი მეკარე დიდიე ოვონო და არც თავდამსხმელი ჟორჟ აკირემი - ესენი, როგორც ვწერდით, "დინამოს" თბილისში დახვდებიან.

მოკლედ ჩვენებმა გერმანული შეკრება დაამთავრეს, თბილისში ხვალ დილით დაბრუნდებიან და ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერულ "რუნავიკთან" მატჩისთვის მზადებას მშობლიურ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გააგრძელებენ, იქამდე კი, იმედია, ყველა ფეხბურთელი გამოჯანმრთელდება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com