"სარბიელი"
# 156
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2008 წელი

ფეხბურთის ლეგენდები

ლეგენდა #45

დერეკ დული

მან 63 მატჩში 64 გოლი გაიტანა და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ...

1929 წლის 13 დეკემბერს დაბადებულმა დერეკ დულიმ პროფესიული კარიერა "ლინკოლნ სიტიში" 1946 წელს დაიწყო. თუმცა ამ გუნდის შემადგენლობაში მან მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა, მერე კი თავისი ქალაქის კლუბ "შეფილდ უენსდეიში" გადაბარგდა, რომლის ღირსებაც 61-ჯერ დაიცვა და 62 გოლი შეაგდო. სხვათა შორის, მისი ბავშვობის ერთ-ერთი მწვრთნელი პოპ ბენეტი დულის ცენტრალურ ნახევარმცველად უპირებდა გამწესებას, მაგრამ დერეკმა დაიჟინა, ცენტრფორვარდი უნდა ვიყოო და თავისი გაიტანა კიდეც.

დულის კარიერა სამწუხარო ინციდენტის გამო 1953 წლის 14 თებერვალს დასრულდა. "პრესტონთან" მატჩისას, მეტოქის მეკარე ჯორჯ ტომპსონთან შეჯახებისას დულიმ ფეხი მოიტეხა. გაშუქების მერე გამოჩნდა, რომ მას ორმაგი მოტეხილობა ჰქონდა. რამდენიმე დღეში, როცა იგი ჰოსპიტალის დატოვებას აპირებდა, ექთანმა შენიშნა, რომ ფეხის თითებზე შეხებისას დულის რეაქცია არ ჰქონდა. თაბაშირის მოხსნის შემდეგ, გაირკვა, რომ მას ინფექცია შეეჭრა, განგრენა განუვითარდა და სამწუხაროდ, ფეხის ამპუტაცია გარდაუვალი გახდა.

1971 წლის იანვარში იგი "უენსდის" მწვრთნელად დანიშნეს, მაგრამ ეს საქმე დულის ისევე კარგად არ გამოუვიდა, როგორც თამაში. არცთუ წარმატებული სეზონების შემდეგ, 1973 წლის 24 დეკემბერს იგი მოხსნეს. ამან იგი ისე გაანაწყენა, რომ თითქმის 20 წელი "უენსდის" სტადიონ "ჰილსბოროზე" ფეხი აღარ დაუდგამს.

მალევე მან "უენსდის" თანაქალაქელისა და მთავარი მეტოქისგან "შეფილდ იუნაიტედისგან" მიიღო წინადადება, რომელსაც დათანხმდა და კლუბის კომერციული მენეჯერი გახდა. "იუნაიტედში" მან კიდევ არაერთ თანამდებობაზე იმუშავა, მათ შორის, თავმჯდომარედაც.

1992 წელს იგი ბოლოს და ბოლოს დათანხმდა "ჰილსბოროზე" დაბრუნებას და "უენსდისა" და "იუნაიტედის" დერბის დაესწრო. სტადიონზე შეკრებილი ორივე კლუბის ფანები მას ფეხზეწამომდგარნი ოვაციებით შეხვდნენ.

დული 1952 წელს დაქორწინდა, ექვსი თვით ადრე, სანამ ფეხს მოჰკვეთდნენ. მისმა მეუღლემ სილვიამ ორი შვილი გააჩინა, ვაჟი მარტინი და ქალიშვილი სიუზენი. მოგვიანებით მას ოთხი შვილიშვილი გაუჩნდა, რომელთაგან ერთ-ერთს დერეკი დაარქვეს.

იგი 2008 წლის 5 მარტს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ცხოვრებისა და კარიერის მანძილზე, დულის კიდევ არაერთ თანამდებობაზე უმუშავია და მრავალი აღიარება თუ ჯილდო მოუპოვებია, როგორც სათამაშო კარიერის მსვლელობისას, ასევე მის მერე. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, როგორც "შეფილდ უენსდისა" და "შეფილდ იუნაიტედის" ისტორიაში, აგრეთვე ზოგადად ინგლისურ საფეხბურთო სამყაროში.

ლეგენდა #46

ბებერი მაესტრო

1886 წლის 2 მარტს ტურინში დაბადებული ვიტორიო პოცო დღემდე ერთადერთი მწვრთნელია, ვისაც მსოფლიოს ჩემპიონატი ორჯერ მოუგია. მან ეს იტალიასთან ერთად 1934 და 1938 წლებში შეძლო. პოცომ, "სკუადრა აძურასთან" ერთად კიდევ მრავალ წარმატებას მიაღწია, მათ შორის, მან ნაკრებს 1928 წლის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს, ხოლო 1936 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოაგებინა. მის ხელში 1934 წლის დეკემბრიდან 1939 წლამდე იტალიას წაუგებელი სერია ჰქონდა.

"ილ ვეკიო მაესტრო" ანუ "ბებერი მაესტრო", როგორც პოცოს ეძახდნენ, ფეხბურთს თავადაც თამაშობდა და უყვარდა ინგლისი, სადაც საკმაო გამოცდილება მიიღო. მწვრთნელობა მან 1912 წელს დაიწყო, როცა სათამაშო კარიერა დაასრულა და "ტორინოს" თავკაცი გახდა.

ნაკრები მან 1929 წელს ჩაიბარა და პოსტზე 1948 წლამდე დარჩა. მის ხელში "სკუადრა აძურა" ძალიან შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. იტალია პოცომ 93-ჯერ გაიყვანა მინდორზე და აქედან 65 მატჩი მოიგო.

პოცოს სახელს უკავშირდება, არაერთი ტაქტიკური სიახლე და ზოგადად საფეხბურთო ნოვაცია. ამ მხრივ 20-იან და 30-იან წლებში ინგლისელი ჰერბერტ ჩეპმენი, ავსტრიელები უგო მაიზელი და კარლ რაპინი, "ბებერ მაესტროსთან" ერთად გამორჩეული ფიგურები გახლდნენ.

პოცოს იდეა იყო "სკუარა აძურაში" "ორიუნდების" ანუ უცხოეთში დაბადებული იტალიელი ფეხბურთელების მოწვევა და ათამაშება. მან ეს წარმატებით განახორციელა და "ორიუნდები" გვარიანად დაეხმარნენ ტიტულების მოგებაში.

იგი პრინციპულობით, დისციპლინის სიყვარულითა და განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩეოდა. საქმიანობაში მას ბენიტო მუსოლინისთან და გენერალ ჯორჯო ვაკაროსთან კარგი ურთიერთობა ეხმარებოდა. თუმცა, როგორც ამბობენ, თავად პოცო ფაშიზმის დიდი მიმდევარი არ გახლდათ.

ჭკუით, ცბიერებითა და ნიჭით გამორჩეული "ბებერი მაესტრო" წარმატებებითა და აღიარებებით სავსე კარიერის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტი გახდა.

იგი 1968 წლის 21 დეკემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლეგენდა #47

ბილი მშვენიერი

უილიამ არტურ "ბილი" ბონდსი ინგლისურ და მთლიანად მსოფლიო ფეხბურთში საკმაოდ ცნობილი ფიგურაა, როგორც მოთამაშის, ასევე მწვრთნელის რანგში. შესაძლოა, ის სასწაულებს არ ჩადიოდა, მაგრამ თავისი გამორჩეული სტილი ჰქონდა და ფანების სიყვარულით სარგებლობდა.

ბონდსის სახელი, პირველ რიგში, ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კლუბ "ვესტ ჰემს" უკავშირდება, რომელშიც მოთამაშის რანგში 21, ხოლო სამწვრთნელო კარიერისას 6 წელი გაატარა. "ჩაქუჩების" ძირითადი გუნდის მაისურა მას 793-ჯერ მოურგია. 1974-1984 წლებში კი, 1946 წლის 17 სექტემბერს ვულვიჩში დაბადებული ბილი ლიდერის თვისებების ქონის გამო, გუნდის კაპიტანიც გახლდათ.

ბონდსი ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელი იყო, უყვარდა ვარდნები, ორთაბრძოლები და ძალის დემონსტრირება. თუმცა როცა ბურთს ფლობდა, ძალიან ჭკვიანურად თამაშობდა და კლუბისთვის დიდი სარგებელი მოჰქონდა. სათამაშო სტილის გამო მას "ბილი მშვენიერი" შეარქვეს. იგი თამაშობდა როგორც დაცვაში, ასევე ნახევარდაცვაში.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com