|
|
"სარბიელი"
ორმილიარდიანი თაღლითობა
ვაჟა ხუციშვილი
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბი "ფენერბაჰჩე" გახდა, რადგან მოულოდნელად "მანჩესტერს" გაუსწრო. თურქული კლუბის აქციათა საერთო ფასი ორ მილიარდ დოლარს გასცდა, "მანჩესტერის" კი მილიარდ 800 მილიონია. აქამდე "ფენერი" 25 უმდიდრესთა შორისაც კი არ იყო, რომელთა სიაც ჟურნალმა "ფორბსმა" აპრილში გამოაქვეყნა, მაგრამ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე კლუბის აქციები უეცრად გაძვირდა. "ფასის ასეთი ზრდის მიზეზები არ არსებობდა და ინვესტორები ეჭვობენ, რომ აქ რაღაც თაღლითობაა" - წერს თურქული გაზეთი "საბაჰ". ბოლო თვის განმავლობაში "ფენერბაჰჩეს" აქციები თითქმის 84 პროცენტით გაძვირდა და შემოსავლების ოდენობით უდიდეს თურქულ კომპანიებს (მათ შორის "თურქიშ აიარლაინსს") გაასწრო. სტამბოლის საფონდო ბირჟის ექსპერტები და ფინანსური ბაზრის მაკონტროლებლები დაინტერესდნენ ამ უცნაურობით და გამოძიება დაიწყეს. "ფენერის" შემდეგ ყველაზე შემოსავლიანი თურქული კლუბი "ტრაბზონსფორია", რომლის საბაზრო ღირებულება 318 მილიონი დოლარია. მესამეზეა "გალათასარაი" (229), მეოთხეზე კი "ბეშიქთაში" 86 მილიონით. ახლა კი წმინდა საფეხბურთო ამბებზეც ვთქვათ. "ფენერბაჰჩემ" ამ ზაფხულს ნაფდად იყოჩაღა. ევროპის ჩემპიონი მწვრთნელი ლუის არაგონესი წაიყვანა და დანიელ გუისაც ხელს გააყოლა. "მალიორკას" ფორვარდში, რომელმაც ევრო 2008-ზე ორი გოლი შეაგდო, 15 მილიონი ევრო გადაიხადეს. 27 წლის ფეხბურთელმა თურქულ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გუისა წინა სეზონში პრიმერადივიზიონის მთავარმეგოლე (27) გახდა. მისი კარიერა "მალიორკაში" დაიწყო, მერე "უელვა", "მურსია" და "ხეტაფე" მოიარა და ისევ კუნძულზე დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ლუის არაგონესმა ზიკო შეცვალა, "ფენერი" კი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრულ მტკ-ს შეხვდება.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |