"სარბიელი"
# 156
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2008 წელი

როგორ უსტვენდა არაყი

ვაჟა ხუციშვილი

ნიჭიერად გალეშილმა ფიფას არბიტრმა სერგეი შმოლიკმა "ვიტებსკი" - "ნაფტანის" მატჩი გმირულად იმსაჯა და მოედნიდან მხარზე გადაკიდებული ხურჯინივით გაიტანეს.

ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციამ მსაჯთა კომიტეტს მოსთხოვა, რომ ნაქეიფარი და გმირულად დაცემული კაცის ამბავი გამოიძიოს.

ფეხბურთის და არყის გულშემატკივრებმა უმალ იყნოსეს, რომ შმოლიკის სასტვენიდან "პშენიჩნაიას" შეუდარებელი, ორმოცგრადუსიანი არომატი იფრქვეოდა.

გალეშილი მსაჯი მოედანზე მოწამლული თაგვივით დაბორიალებდა, თამაშის დასრულებისთანავე კი ხელით გაიტანეს.

"პრესბოლის" ცნობით, სერგეი შმოლიკი შესამოწმებლად ექიმთან შეიყვანეს, სისხლში ალკოჰოლის ოდენობა დაუდგინეს და 2,6 პრომილი აჩვენა (2,5-ის ზემოთ კაცი უკვე ქანაობს).

გაირკვა, რომ თამაშამდე ორი დღით ადრე შმოლიკს წელი ასტკივებია და მატჩზე უარის თქმას აპირებდა, მაგრამ მაინც იმსაჯა.

ექიმმა დაადასტურა, რომ მას მართლაც ჰქონდა წელის კუნთთან დაკავშირებული პრობლემა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com