|
|
"სარბიელი"
ცოტათი განსაკუთრებული: გამარჯობა, მე ჯონ ტერი ვარ!
პაპუნა კედია
ინგლისში ასე ხუმრობენ: მართალია, ლუიშ ფელიპე სკოლარი დახვეწილ ჯინ ჰეკმანს (ამერიკელი მსახიობია) ჰგავს, მაგრამ გარეგნობამ არ უნდა მოგვატყუოს - ბრაზილიელი ნამდვილი მებრძოლიაო. ასე და ამგვარად, "ჩელსიმ" დიდი ფილის პრეზენტაცია მოაწყო. ბრაზილიელმა მწვრთნელმა ხანგრძლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა ცნობისმოყვარეობა სრულად დააკმაყოფილა. საინტერესოა, რომ პრესკონფერენციაზე წამოჭრილ თემათაგან ერთ-ერთი მთავარი მისი ხასიათი გახლდათ. "სარბიელმა" ამ დღეებში სკოლარის ბიოგრაფია სრულად წარმოგიდგინათ, ასე რომ, მკითხველისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ევრო 2008-ის შესარჩევ შეხვედრაში, იმხანად პორტუგალიელთა სათავეში მდგომი ბრაზილიელი სერბ ფეხბურთელს საჩხუბრად მოედანზე შეუვარდა, რის გამოც უეფასგან სამთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. და როდესაც ჟურნალისტებმა "ჩელსის" ახალ თავკაცს უთხრეს, რომ რამდენიმე წლის წინ, პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიუმ ზუსტად ასე ისკუპა "ცხელი წყლით სავსე ვედროში", მას არ შეშინებია: მაინც და მაინც კარგი ქცევის პირობას ვერ დაგიდებთო, განუცხადა აუდიტორიას."ადამიანს, რომელსაც ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობის გამოცდილება აქვს, ზეწოლის ამბავი კარგად მოეხსენება - განმარტა სკოლარიმ - ასე რომ, მე "ჩელსის" გაძღოლისთვის მზად ვარ. და გთხოვთ, ნუ დაივიწყებთ, მე ბუნებით მებრძოლი კაცი ვარ და ამ ცხოვრებაში საკუთარი პრინციპების დასაცავად ვიბრძვი. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს გუნდზე. შესაძლოა, ბევრი რთული დროება გადაგვხდეს, მაგრამ, ბრძოლისა და თავდადების გარანტიას ამთავითვე გაძლევთ. დღემდე, ყველაფრისთვის, რაც კი მიზნად დამისახავს, მიმიღწევია. ამ სეზონში, შესაძლოა, სიძნელეებს გადავაწყდეთ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საბოლოოდ ჩანაფიქრს ავასრულებთ. ყველგან, სადაც კი მიმუშავია: საუდის არაბეთში, "გრემიოსა" თუ "პალმეირასში", ერთი და იგივე ისტორია მეორდებოდა. საბოლოოდ ჩვენ ავდიოდით იმ მწვერვალზე, რომლის დალაშქვრასაც თავიდანვე ვისახავდით მიზნად". ინგლისური პრესა წერს, რომ მებრძოლი სული სკოლარის "ჩელსის" გაძღოლაში ფრიად წაადგება და იხსენებს ბრაზილიელის წინამორბედ ავრაამ გრანტს, რომელიც თანამდებობიდან მხოლოდ იმიტომ მოხსნეს, რომ სამ შეჯიბრებაში მხოლოდ და მხოლოდ მეორე ადგილი მოიპოვა. საინტერესოა, თუ რით იწყებს დიდი ფილი "ჩელსიში" მუშაობას. აი, რით: ლონდონელთა გუნდში დღეისთვის 32 ფეხბურთელი ირიცხება, სკოლარი კი ამ ხალხის 24-მდე შემცირებას აპირებს და ამასთან საჯაროდ აცხადებს, რომ მილიონერი ფეხბურთელების ჩივილი და პროტესტი მის გულს არ მიეკარება. "დღეისთვის ჩემს განკარგულებაში 32 ფეხბურთელია, მაგრამ ვფიქრობ, დროა შემადგენლობა შეიცვალოს. ვიღაც წავა და ვიღაც მოვა. სამ კაცს სულაც სხვა გუნდები გვთხოვენ. მოკლედ, მინდა 23-24-25 ფეხბურთელთან ვიმუშავო. ეს არის მოთამაშეთა მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც მე გუნდში მჭირდება. დანარჩენებისა და მათი კონტრაქტების ამბავს კი მე ნუ მკითხავთ, ეს სფერო არ მაინტერესებს. კონტრაქტები მე არ მაღელვებს, ეს ფეხბურთელების საქმეა". ასე და ამგვარად, "ჩელსიში" სკოლარის რეჟიმი ძალაში შედის, თუმცა სიმკაცრესთან ერთად "ლურჯების" ახალმა მწვრთნელმა საკმაოდ გულკეთილი კაცის შთაბეჭდილებაც დატოვა. მან პრესკონფერენციაზე სიცილით მოყვა კაპიტანთან, ჯონ ტერისთან პირველი შეხვედრის ამბავი: "გუშინ ის ჩემს ოთახში შემოვიდა და მითხრა: გამარჯობათ, მე ჯონ ტერი ვარ... მე ვუპასუხე: ვიცი. ახლა ასეა: ჩვენი კაპიტანი ტერია, ვიცე-კაპიტანი კი ლამპარდი, მაგრამ ფეხბურთელებს შორის მეტი კაპიტნები გვჭირდება. თუმცა, როგორც ლიდერი და როგორც ფეხბურთელი, ჯონი ძალიან მომწონს". მოგეხსენებათ, ბოლოხანს ევროპულ პრესაში დიდი მითქმა-მოთქმაა "ჩელსის" კოტდივუარელი თავდამსხმელის დიდიე დროგბას "მილანში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, სკოლარის ამ საკითხზეც ჰკითხეს. მან უპასუხა: "დროგბა 100 პროცენტით შედის ჩემს გეგმებში. მეტიც, 200 პროცენტით. მე მისი თამაშის სტილი ძალიან მომწონს. შარშან თუ შარშანწინ, ფიფას გამოკითხვაში, მე ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში დავასახელე. თუ არ ვცდები, რამდენიმე წლის წინ ასევე დავასახელე ჯონ ტერი და ძალიან მიხარია, რომ ახლა ორივე ჩემთანაა. მინდა გითხრათ, რომ დროგბა ვარჯიშზე ჩვეულებრივ მოვიდა, მე მას ველაპარაკე და ჩვენ ყველაფერი გავარკვიეთ. სხვათა შორის, ადრე მას მუხლზე ჰქონდა პრობლემა, ახლა კი აღარ აქვს. მოკლედ, მან საკმაოდ კმაყოფილი კაცის შთაბეჭდილება დატოვა". და რა მიზანი დაუსახა სკოლარის "ჩელსის" მაპატრონემ, ჩუკოტკის ყოფილმა გუბერნატორმა რომან აბრამოვიჩმა. ამაზე ბრაზილიელი მწვრთნელი არაფერს ამბობს, თუმცა ინგლისური პრესის აზრით, აქ ყველაფერი ნათელია - სკოლარის, მაურინიუს მსგავსად, ყველაფერი უნდა! "ნამდვილად ვერ გეტყვით, გავხდებით თუ არა ჩემპიონები, მაგრამ მე შეჯიბრებებს ვერ დავანაწილებ. ვერ ვეტყვი ჩემს მოთამაშეებს, რომ ახლა ეს შეჯიბრება უნდა მოვიგოთ, მერე სხვა და ასე შემდეგ. მეც განსაკუთრებული ვარ. ჰო, რა თქმა უნდა, ოღონდ ჩემი მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისა და ქვეყნისთვის. ვარ თუ არა განსაკუთრებული როგორც მწვრთელი... დავიცადოთ და ვნახოთ. ალბათ, ცოტათი ვარ".
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |