"სარბიელი"
# 156
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2008 წელი

ყურმოკრული, მაგრამ საინტერესო ამბები

პაპუნა კედია

"უიმბლდონის" გამარჯვებულ რაფაელ ნადალს მისთვის ერთი სასიამოვნო ამბავიც სცოდნია. საქმე ის არის, რომ ნადალი, რომლის ბიძა, მიგელ ანხელი 1991-1999 წლებში "ბარსელონას" ფეხბურთელი გახლდათ და კატალონიელთა შემადგენლობაში 208 მატჩი აქვს ჩატარებული, "რეალის" თავგადაკლული ფანია და ერთი სული აქვს, "სამეფო თეთრების" შემადგენლობაში პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ იხილოს. ჰოდა, როგორც ნადალმა თქვა, მადრიდული კლუბის პრეზიდენტ ხუან რამონ კალდერონს მისთვის უთქვამს, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" რონალდუს გადმოყვანა კარგა ხნის მოგვარებული ამბავია, შენ ამაზე ნუ ნერვიულობო. ცნობისთვის: 22 წლის რაფაელ ნადალი და კალდერონი ერთმანეთს ლონდონში, ნადალის მიერ "უიმბლდონის" ფინალში როჯერ ფედერერის ძლევიდან 2 საათის შემდეგ შეხვდნენ და, როგორც ინგლისურმა ტაბლოიდებმა შეიტყვეს, მათი საუბრისთვის ესპანურის კარგად მცოდნე ადამიანსაც უსმენია.

ჰოდა, ინგლისური ტაბლოიდების ამბავი მოგეხსენებათ, მიდგნენ-მოდგნენ, იმ კაცის გზა-კვალს მიაკვლიეს და რა მოისმინა, მოაყოლეს:

"პრეზიდენტო, სად არის ის კრიშტინუ რონალდუ, რომლის "რეალში" გადმოყვანასაც ასე ველოდით." - უკიხავს ნადალს კალდერონისთვის.

"დაწყნარდი, რაფა, ყველაფერი კარგადაა. ეს საქმე კარგა ხნის მოგვარებული და მტვერმიყრილიც კია" - უპასუხია სენიორ კალდერონს.

ოფიციალურად კი, ვინ ვინ და, "სარბიელის" მკითხველმა კარგად იცის, რაც ხდება. ცნობილია, რომ მადრიდელები პორტუგალიელი ვარსკვლავის სანაცვლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს" 70 მილიონ გირვანქას სთავაზობენ, ინგლისის ჩემპიონი კი კატეგორიულად აცხადებს, რომ რონალდუ არ იყიდება.

თუმცა, ამ ეტაპზე არ არის გამორიცხული, ოფიციალურზე მეტად ყურმოკრულმა ამბებმა უფრო დაგვაინტერესოს. მაგალითად, "სარბიელი" გუშინ წერდა, რომ რონალდუმ ამსტერდამში კოჭის ოპერაცია გაიკეთა, კლინიკასთან ჩასაფრებულმა ინგლისელმა რეპორტიორებმა კი აი, რა დასტყუეს მავან დევიდ ჯოლის, რომელსაც მამა ჰყავს პორტუგალიელი და რომელიც მამასთან ერთად რონალდუს პალატაში შეიპარა:

"იმედი მაქვს, ესპანეთშიც ისე კარგად ვითამაშებ, როგორც ინგლისში ვთამაშობდი" - ასე უთქვამს ვარსკვლავს 23 წლის ქომაგისა და მამამისისთვის. პალატაში შეპარულ მამა-შვილს ფეხბურთელი მოუკითხავთ, გაუმხნევებიათ და ასე გამომშვიდობებიან: "აბა, მადრიდში წარმატებებს გისურვებთ."

ჯოლი: "ეს რომ ვუთხრით, კრიშტიანუმ ფართოდ გაიღიმა და ისე გვიპასუხა, რომ ჩვენზე ამ საქმემ გადაწყვეტილის შთაბეჭდილება დატოვა".

კრიშტიანუ რონალდუმ უკვე დატოვა ამსტერდამი და ლისაბონს გაეშურა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com