"სარბიელი"
# 156
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2008 წელი

ერთ დროს დიდი ბობო

კოკი კანდელაკი

იტალიურ "ატალანტაში" მესამედ მისული კრისტიან ვიერი ბერგამოში ჩავიდა და პირველი პრესკონფერენციაც მოაწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, ბობოს ფანები ძალიან ცუდად დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ რთულ მდგომარეობაში მყოფი ვეტერანი ფორვარდი "ატალანტამ" შეიფარა. გასულ ზაფხულს კი მოგზაურობის მოყვარულმა ბობომ "ფიორენტინას" მიაშურა, რამაც "ბერგამასკის" ფანები ძალიან გააბრაზა და მათ ვიერის მოღალატე უწოდეს.

ამ ზაფხულს კი ბობოს "იებთან" კონტრაქტი ამოეწურა და, "ატალანტას" ულტრასების რადიკალური პროტესტის მიუხედავად, კლუბის ხელმძღვანელობამ იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით მაინც დაიმატა.

ბერგამოელთა ოფისში ვიერი პოლიციელების თანხლებით მივიდა, რომლებიც მას გაბრაზებული ფანებისგან იცავდნენ. იქ ბობოს მრავალი ტრანსპარანტი დახვდა, რომელთა შინაარსიც მისი და "ატალანტას" ხელმძღვანელობისთვის შეურაცხმყოფელი იყო.

ვიერის მართლაც თავდაუზოგავი შრომა და ძალიან კარგად თამაში დასჭირდება, რათა ქომაგების სიბრაზე დააცხროს და მათი გულები დაიბრუნოს.

ჩემს ტრანსფერთან დაკავშირებული პროტესტი არ მაწუხებს. ყველას შეუძლია ის იფიქროს, რაც უნდა, არანაირი პრობლემა არ არის. ვეცდები, კლუბს მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო" - თქვა ბობომ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com