"სარბიელი"
# 156
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2008 წელი

ორმოცგრადუსიანი ანტიტერორისტული ინტერვიუ ბუდას რაღა უნდა?

ვანო კობიაშვილი

ერთი კვირის წინ ლოთარ მათეუსმა ისრაელის პირველი ლიგის გუნდი ათანიის "მაკაბი" ჩაიბარა. "ბაიერნის" ყოფილი კაპიტანი მიუნხენურ გაზეთ "ტაგეს ცაიტუნგთან" ახალ სამსახურზე, ლუკაშ პოდოლსკისა და განსაკუთრებულ მეგობარზე იურგენ კლინსმანზე საუბრობს

- ერთი კვირაა, რაც ისრაელში ხართ. როგორია პირველი შთაბეჭდილება.

- ვერ ვიტყვი, რომ დიდად სასიამოვნო, რადგან დღეში ორჯერ ვვარჯიშობთ და მეც ვიღლები, ისე კი ყველაფერი კარგად დაიწყო.

- როგორ მიგიღეს და გიჭირთ თუ არა ახალ გარემოსთან შეგუება.

- შეგუებაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევი მგონია. გამთანგველი სიცხის გამო დილაადრიან და გვიან ღამე მიწევს ვარჯიშის ჩატარება. საღამოს 33 გრადუსია, მაგრამ 40-ზე მეტს ჰგავს.

- რა უნდა შეცვალოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

- გერმანიაში და მთელ ევროპაში პრობლემა ისაა, რომ ძალიან ცოტა რამ იციან ისრაელზე. ამ ცოდნით კი ქვეყანას ვერ შეაფასებ. ძალიან დიდი გასხვავება "იქ" და "აქ" შორის არაა. ისრაელში ძალიან ბევრი დიდებული რესტორანია, ზღვაც აქვეა, ქუჩებში კი ლამაზი მანქანები დადიან. ისევე კარგად შეიძლება ცხოვრება, როგორც გერმანიაში. მედიაში ძალიან ბევრი რამ იწერებოდა ამ ქვეყანაზე ისეთი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

- ტერაქტების შიში არ იგრძნობა.

- მოდით, არ გვინდა ამაზე საუბარი. ეს უკვე ზედმეტია. ახლა ევროპაში უფრო ბევრი ტერაქტი ხდება, ვიდრე ისრაელში.

- არავითარი შიში.

- ამაზე მხოლოდ ის ხალხი ლაპარაკობს, ვინც აქ არასოდეს ყოფილა და ისრაელს არ იცნობს. არ შეიძლება ასე ხელაღებით მიაკერო ვინმეს იარლიყი და განაჩენი გამოუტანო.

- ნათანიაში როგორი სავარჯიშო პირობებია. გერმანულისგან არ განსხვავდება.

- რა თქმა უნდა, განსხვავდება და ამიტომ მაღალ პროფესიონალიზმზე ვერ ვისაუბრებთ. "მაკაბი" ის გუნდია, რომელიც სულ რაღაც ორი წლის წინ "გაცოცხლდა". დიდი ტრადიციების კლუბია, მაგრამ ქვედა ლიგებში ხეტიალისას ეს ტრადიციები დაეკარგა. მომავალი წლის გაზაფხულისთვის ახალი სტადიონი გვექნება. ინფრასტრუქტურით და ორგანიზაციის მხრივ, ისრაელის ელიტურ კლუბებს ჯერ ვერ დავეტოლებით. საამისოდ წლები დაგვჭირდება. საქმეები "ბაიერნივით" აწყობილი არ გვაქვს, მაგრამ არც გვინდა! მთავარია, რომ კარგი სავარჯიშო მოედნებია და მეტი ფუფუნება აუცილებელი არაა.

- სამშობლო არ მოგენატრებათ.

- ამ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი მაქვს და საქმე პატიოსნად უნდა შევასრულო. ამიტომაც ვეძებ აქ სახლს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელში დიდხანს დარჩენას ვაპირებ.

- ევროპის ჩემპიონატზე ექსპერტად მუშაობდით. გერმანიის ნაკრების თამაშს როგორ შეაფასებთ.

- მეორე ადგილი კარგია, მაგრამ მათგან უფრო მაღალი დონის ფეხბურთს ველოდი.

- "ბაიერნიდან" წასვლის მსურველ ლუკაშ პოდოლსკის რას ურჩევდით.

- მას ფეხბურთის თამაში სურს. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი "ბაიერნი" ამის საშუალებას არ აძლევდა. ძირითად შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ მწვრთენლს, იურგენ კლინსმანს აქვს გარანტირებული და არ მგონია, რომ ასეთივე გარანტია ლუკაშ პოდოლსკისაც ჰქონდეს. ბუნებრივია, ამის გამო კლუბის გამოცვლას ლამობს.

ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ასეთ ვითარებაში თვითონ ფეხბურთელმა უნდა გააკეთოს არჩევანი და სხვათა რჩევა-დარიგებას ნაკლებად უგდოს ყური.

"კიოლნი" კრისტოფ დაუმით ბუნდესლიგაში დაბრუნდა, ამბიცია არ აკლია და პოდოლსკიც მათგან უფრო მეტ სითბოს გრძნობს, ვიდრე "ბაიერნისგან". ახალგაზრდა ფეხბურთელს და მით უმეტეს ისეთს, როგორიც პოდოლსკია, სითბო და ყურადღება ძალიან სჭირდება.

- კლუბის გამოცვლას ურჩევთ.

- გადაჭრით მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იქნება. "ბაიერნი" დიდი გუნდია, მაგრამ პოდოლსკი ორ წელიწადში დარწმუნდა, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს კლუბში, მას იშვიათად ათამაშებენ. თვითონ უნდა განსაზღვროს, "ბაიერნი" სამართლიანად ექცევა თუ არა.

- იურგენ კლინსმანს პოდოლსკის გაშვება არ სურს. როგორ შეხვდით მის გამწვრთნელებას "ბაიერნში".

- განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. კლუბს ჯილდოების მოგებას ვუსურვებ, მაგრამ მე მუდამ ხომ არ უნდა ვინერვიულო და ვიფიქრო იმაზე, თუ რა ხდება ჩემს ყოფილ გუნდში.

- ანუ იმის თაობაზე, რომ "ბაიერნში" რევოლუციაა, სათქმელი არაფერი გაქვთ.

- ფეხბურთში სიახლეების მომხრე მეც ვარ და ვფიქრობ, რომ კლინსმანი კლუბის შეფებისგან ასპროცენტიან მხარდაჭერას მიიღებს.

- გჯერათ, რომ მას ყველაფერი კარგად გამოუვა.

- ჩემი აზრით, "ბაიერნით" ნებისმიერი მიაღწევს წარმატებას. საუკეთესო ფეხბურთელებით და ფანტასტიკური ქომაგებით ადრეც ყველა მწვრთნელი რაღაცას იგებდა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ეხმარება კლუბის პატრონი გუნდის მწვრთნელს. მე კი ვხედავ, რომ კლინსმანის სურვილებს უსიტყვოდ ასრულებენ.

- მაგრამ მისი მეთოდები უცნაურად არ გეჩვენებათ. "ბაიერნის" ბაზაზე ბუდას ქანდაკება დგას...

- არა მგონია, რომ ფეხბურთელობისას ჩემი უკეთესად თუ უარესად თამაში, ბუდას ყოფნა-არყოფნაზე იყო დამოკიდებული.

- ბუდათი თუ ბუდას გარეშე "ბაიერნი" ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

- გუნდი უკვე აწყობილია და არ სჭირდება კიდევ ერთი წელი შესათამაშებლად. ამიტომ ვფიქრობ, რომ ნახევარფინალში მაინც უნდა გააღწიოს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com