"სარბიელი"
# 156
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2008 წელი

ფეხბურთი 8 000 კილომეტრს იქით: იგრძენით საკუთარი ღვიძლით: შირაკა სტრანა მაია რადნაია

ვანო კობიაშვილი

კიდევ კარგი, დაიშალა და გამოვერიდეთ, მაგრამ მაინც რამხელა დარჩა ეს ოხერი.! რუსეთზე მოგახსენებთ. ამ გველეშაპივით გაწოლილ ქვეყნის კუდიდან თავში რომ მოექცე, ბარე სამ-ოთხ ქალაქში უნდა დასვა თვითმფრინავი და საწვავით გაავსო.

ო, რა მძიმე მგზავრობა ელით კალინინგრადის "ბალტიკას" და ვლადივოსტოკის "ლუჩ-ენერგიას"! გუშინწინ გამართულმა კენჭისყრამ რუსეთის თასზე შემორჩენილი 32 გუნდიდან მაინცდამაინც უკიდურესი დასავლეთისა და შორეული აღმოსავლეთის საფეხბურთო კლუბები შეაჯახა ერთმანეთს. კენჭისყრის დამსწრეებმა გვარიანად იხალისეს, მაგრამ კალინინგრადელებსა და ვლადივოსტოკელებს სასაცილოდ ნამდვილად არ აქვთ საქმე. მათ რიგრიგობით უნდა მოიტოვონ 8 ათასი კილომეტრი, რათა ერთმანეთს ფეხბურთი ეთამაშონ და თან, 10-10-საათიანი ფრენისას გალაყებული გულ-ღვიძლით ახალი ძალით შეიგრძნონ "შირაკა სტრანა მაია რადნაიას" "მაგიური" აზრი.

ამბობენ, რუსეთში და, მით უმეტეს ციმბირში, "კაი ფული იშოვებაო". მშოვნელებიც ნაშოვნით ფეხბურთელებს ყიდულობენ და შორეულ აღმოსავლეთშიც, აგერ, სამი კარგი გუნდი შეიკრა და სამივე გავიდა რუსეთის თასის მეთექვსმეტედფინალში - ვლადივოსტოკის "ლუჩ-ენერგია", ხაბაროვსკის "სკა-ენერგია" და კომსომოლსკ ნა ამურეს (არის ასეთი ქალაქიც) "სმენა". ვლადივოსტოკელთა ამბავი ზემოთ წერია. ხაბაროვსკლებს და კომსომოლსკელებს კი გეოგრაფიულ ამბავში შედარებით გაუმართლათ და მთლად დედამიწის მეორე გვერდზე გაშენებული ქალაქები არ შეხვდათ. ხაბაროვსკელები ურალისპირა პერმის "ამკარს" ეთამაშებიან, კომსომოლსკელები კი - ვოლგისპირა ყაზანის "რუბინს". მართალია, "რუბინი" და "ამკარი" უფრო ძლიერი მეტოქეები არიან, ვიდრე კალინინგრადის "ბალტიკა", მაგრამ მათთან შესახვედრად ერთი-ორი ათასი კილომეტრით ნაკლების გაფრენა მოუწევთ და ესეც ხომ საქმეა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com