|
|
"სარბიელი"
აი, ნამდვილი დემოკრატია! ლაპორტა შეცდომებს აღიარებს, ოპოზიცია მარცხითაც კმაყოფილია
გიორგი კაკაბაძე
მოგეხსენებათ, კვირას "ბარსელონაში" ყრილობა ჩატარდა, რომლის მიზანიც ამჟამინდელი პრეზიდენტის ხუან ლაპორტასთვის უნდობლობის გამოცხადება და შემდეგ ვადამდელი არჩევნების ჩატარება იყო. ის, რომ კატალონიური კლუბის წევრების უმეტესი ნაწილი უკმაყოფილოა ლაპორტასა და მისი ჯუფის მუშაობით, ნათლად გამოჩნდა, რადგან 60-მა პროცენტმა პრეზიდენტს უნდობლობა გამოუცხადა. თუმცა ოპოზიციურმა ძალებმა მიზანს ბოლომდე ვერ მიაღწიეს, რადგან ვადამდელი არჩვენებისთვის ხმების 66,6 პროცენტია საჭირო. ამის თაობაზე აქამდეც გვეწერა. ახლა კი ხუან ლაპორტა ამბობს: "მესმის, რომ რაც მოხდა, ბოლო ორ წელიწადში ჩვენი მუშაობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტია. ვეცდებით, სათანადოდ ვიმოქმედოთ და ვითარება გამოვასწოროთ. გუნდმა სტაბილურობა უნდა დაიბრუნოს, კლუბის წევრებსა და ფანებს კი ჩვენდამი ნდობა უნდა აღუდგეთ. ამ ყველაფრის მისაღწევად მე და ჩემს ჯგუფს თავდაუზოგავად შორმა მოგვიწევს და ამას ვაპირებთ კიდეც. მჯერა, მიზანს მივაღწევთ". ის, რომ "ბარსელონაში" ცვლილებებია საჭირო და საქმე კარგად აღარ მიდის, ბოლო ორმა სეზონმა მართლაც დაადასტურა. თუმცა ლაპორტა უშუალოდ კლუბის ხელმძღვანელობაში არაფრის შეცვლას არ აპირებს, იგი დირექტორებს სრულად ენდობა. "ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა და ეს მახარებს. კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ "ბარსელონა" საოცრად დემოკრატიული კლუბია. მინდა, დიდი პატივისცემა გამოვხატო იმ 24 ათასი ადამიანისადმი, რომლებმაც ჩვენ დაგვიჭირა მხარი. მადლობა მათაც, ვინც წინააღმდეგ მისცეს ხმა და იმ 80 ათასსაც, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ თავი უნდა შეეკავებინათ არჩევანის გაკეთებისგან. ასევე მსურს, ჩემი პატივისცემა დავაფიქსირო ოპოზიციის ლიდერის ორიოლ ჟირალტის მიმართ. იგი ღირსეულად შეხვდა შედეგებს და საერთოდაც, ყველას საქციელი სამაგალითო გახლდათ. მართალია გამოერია რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ხმაურისა და აურზაურის ატეხვის სურვილი ჰქონდათ, მაგრამ ისინი აბსოლუტურ უმცირესობაში იყვნენ. ფაქტი ერთია, ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს "ბარსელონა" და კლუბისთვის კარგი გვინდა, წინ ერთობლივი ძალებით უნდა წავიდეთ. მე და "ბარსას" ამჟამინდელი ხელმძღვანელები მზად ვართ, ყველას ხელი გავუწოდოთ" - თქვა ლაპორტამ. პრესას გაესაუბრა ჟირალტიც, რომელიც მართლაც მშვიდად გამოიყურება და ამბობს, რომ შედეგებით მაინც კმაყოფილია და ამ ყველაფრით "ბარსელონამ" გაიმარჯვა. ჟირალტმა ისიც თქვა, რადიკალური ნაბიჯების გადადგმას არ ვაპირებ, მოვლენების განვითარებას მშვიდად დაველოდებიო. "ძალიან კმაყოფილი ვარ. სრულად რომ გაგვემარჯვა, ნაკლებ სავარაუდო იყო, რადგან წესები მკაცრი და მთლად სამართლიანი არ არის. 66,6 პროცენტის მოპოვება რთულია. თუმცა გამოჩნდა, რომ კლუბის წევრების უმეტესობა უკმაყოფილოა და ჩვენც სწორედ ამის ჩვენება გვინდოდა, ეს დემოკრატიული პროცესია, რომელმაც არანაირი უთანხმოება და დამატებითი პრობლემები არ უნდა შექმნას. ოღონდ, ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ კარგად უნდა გააანალიზოს შედეგები და სწორი დასკვნები გამოიტანოს. ყველაფერმა მშვიდად, მშვენივრად და ეფექტურად ჩაიარა, რისთვისაც მადლობას ვუხდი გუნდის წევრებს. ორგანიზატორებმა ჩინებული ზეიმი მოაწყვეს, ეს დღე ბევრ ბავშვს სამუდამოდ დაამახსოვრდება, რადგან მათ "კამპ ნოუზე" დადგეს ფეხი. ახლა გარკვეული პერიოდი დასვენებას ვაპირებ და დავაკვირდები მოვლენების განვითარებას" - განაცხადა ჟირალტმა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |