"სარბიელი"
# 156
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2008 წელი

პოულსენი და იუვე გადაწყდა?

კოკი კანდელაკი

"იუვენტუსი" ნახევარმცველის ძიებას აგრძელებს და შესაძლოა, არჩევანი სევილიელ კრისტიან პოულსენზე შეაჩეროს. აგრესიული თამაშით და ძირითადად ჩაშლაზე ორიენტირებული დანიელი "ბებერი ქალბატონის" ფანებს შორის პოპულარობით არ სარგებლობს და იტალიური პრესის აზრით, კლუბის პრეზიდენტი ჯოვანი კობოლი ჯილი ქომაგებს ამ ტრანსფერისთვის ნელ-ნელა ამზადებს. მით უმეტეს, რომ "ბიანკონერის" უფროსობას პოულსენი სხვებთან შედარებით იაფი დაუჯდება.

"7-10 დღეში მივიღებთ გადაწყვეტილებას. არ ვიცი, პოულსენს დავიმატებთ თუ არა, მაგრამ მჯერა, საუკეთესო გამოსავალს ვიპოვით და ზუსტად იმ ფეხბურთელს ავირჩევთ, რომელიც ყველაზე მეტად გამოგვადგება. იაფიან ფეხბურთელს არ ვეძებთ, მაგრამ ცხადია, ფასსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ" - თქვა კობოლი ჯოლიმ.

აქამდე, "იუვეში" გადასვლის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი ხაბი ალონსო იყო, რომელსაც ტურინელები დიდი ხანია უტრიალებენ, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, ეს ვარიანტი საბოლოოდ გამოირიცხა. თავად ესპანელმა ფეხბურთელმა განაცხადა "ლივერპულში" დარჩენა მინდაო.

"წასვლას არ ვაპირებ. ყოველთვის ვამბობდი, რომ "ენფილდი" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონია. იქ საოცარი ატმოსფეროა და ფანები არნახულ მხარდაჭერას გიწევენ. მინდა, "ლივერპულთან" ერთად პრემიერლიგა მოვიგო, რადგან ეს ერთადერთი ტიტულია, რაც მაკლია".

"ბიანკონერის" კი ახლა ნახევარდაცვის პრობლემა კიდევ უფრო აღელვებს, რადგან "ლივერპულში" ალონსოს ექსთანაგუნდელმა მალელმა მოჰამედ სისოკომ ეროვნულ ნაკრებში ყოფნისას მიიღო ტრავმა და შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების გამოტოვება მოუხდეს.

"ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მაგრამ მომოს ტრავმის მოშუშებას გარკვეული დრო სჭირდება. იგი ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშებს და მომავალი სეზონის მოსამზადებელი პერიოდის დიდ ნაწილს გამოტოვებს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს, ეს რანიერის გადასაწყვეტია, შეუშვებს თუ არა მას მინდორზე. თუმცა ამაზე საუბარო ცოტა ადრეა, წინ მთელი თვეა" - თქვა "იუვენტუსის" ექიმმა რიკარდო აგრიკოლამ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com