|
|
"სარბიელი"
ინტერი იმედს არ კარგავს
გიორგი კაკაბაძე
მიუხედავად იმისა, რომ "ჩელსიმ" "ინტერს" შეუთვალა, ფრენკ ლამპარდთან განშორებას არ ვაპირებთო, მილანელთა პრეზიდენტი მასიმო მორატი მაინც არ კარგავს იმედს, რომ ინგლისელი ნახევარმრცველის ხელში ჩაგდებას შეძლებს. "ლონდონელებმა თქვეს, რომ მოლაპარაკება არ სურთ, რადგან ლამპარდთან განშორებას არ აპირებენ, ეს მართლაც ასეა, მაგრამ სწორი არ არის, თითქოს ჩვენ "ჩელსისთვის" წინადადებით არ მიგვიმართავს. შეთავაზება იყო, მაგრამ ამაზე ბევრი ლაპარაკი არ გვსურს, რათა პრობლემა არ შეიქმნას. ასეა თუ ისე, ამ ტრანსფერთან დაკავშირებით ისევ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვნახოთ, რა მოხდება" - თქვა მორატიმ. მოგვიანებით კი გავრცელდა ცნობა, "ინტერმა" უკვე მიმართა "ჩელსის" ახალი გაუმჯობესებული წინადადებით და ახლა პასუხს ელოდებაო. "ნერაძურის" კაპიტან ხავიერ ძანეტისაც ეიმედება, რომ ლამპარდს "სან სიროზე" იხილავს. ვეტერანი არგენტინელი "ნერაძურიში" თავის თანამემამულეს, "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავს ლიონელ მესისაც ეპატიჟება. "ფრენკის წინააღმდეგ მხოლოდ ეროვნული ნაკრების მაისურით მითამაშია. ის ნამდვილი ჩემპიონია. იცის დაცვა, თავდასხმა, თამაშის წაკითხვა, დარტყმა... მისი დარი ფეხბურთელები ბევრნი არ არიან. რაც შეეხება ლეოს, მას ხშირად ვესაუბრები ხოლმე. მისთვის "ბარსელონადან" წამოსვლა ადვილი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ თუ მესი ესპანეთიდან წავა, ვფიქრობ, რომ სწორედ ჩვენთან გადმოვა. მართალია, მას ბევრი მსურველი ჰყავს, მაგრამ პრეზიდენტი მორატი ყველას აჯობებს" - თქვა ძანეტიმ. "ინტერის" კაპიტანმა დეიან სტანკოვიჩზეც ილაპარაკა, რომელიც შეიძლება "იუვენტუსში" გადაბარგდეს და ადრიანოზეც, ვინც "ნერაძურის" ახლახან დაუბრუნდა ბრაზილიაში გატარებული სარეაბილიტაციო პერიოდის მერე და ეიმედება, ძველებურად ავთამაშდებიო. ხავიერ ძანეტი: "იმედია, სტანკოვიჩი დარჩება, ხოლო თუ წავა, არა "იუვენტუსში". დეიანი ჩვენს ფანებში ძალიან პოპულარულია და მათ მისი მდგომარეობა კარგად ესმით. რაც შეეხება ადრიანოს, მჯერა, ქომაგები ხვდებიან, რომ თავიდან მას დახმარება და მხარში ამოდგომა დასჭირდება. იგი ახლა კარგ გუნებაზეა და შემართება არ აკლია." ჟურნალისტები დიდხანს ელოდნენ, თუ როდის გააკეთებდა კომენტარს "ინტერის" კაპიტანი კლუბის ახალ მწვრთნელ პორტუგალიელ ჟოზე მაურინიუზე და ბოლო ბოლო, ესეც მოხდა... "დაახლოებით ერთ წელიწადში გავიგებთ, თუ რეალურად რა შეუძლია მაურინიუს, მაგრამ ფაქტია, რომ სადაც იმუშავა, ყველგან წარმატებას მიაღწია და დიდი კვალი დატოვა. მასზე პირველი შთაბეჭდილებაც საუკეთესო მაქვს, როცა მისი "ინტერში" მოსვლა გადაწყდა, მყისვე დამირეკა და ვისაუბრეთ" - დასძინა ძანეტიმ "გაძეტა დელო სპორტთან" საუბრისას.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |