"სარბიელი"
# 156
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2008 წელი

ახალი ბრენდი: ფილადელფია ბრენდით

ირაკლი ფირაშვილი

გუშინწინ გვარიანი ძვრები მოხდა ნბა-ში - ერთბაშად რამდენიმე დიდმა კალათბურთელმა შეიცვალა კლუბი.

"კლიპერსს" ჩაეშალა აღორძინების გეგმა. ამ კლუბმა ერთი კვირის წინ "გოლდენ სტეიტს" გამოსტაცა სუპერვარსკვლავი ბაირონ დევისი იმ იმედით, რომ საკუთარ თავისუფალ აგენტებსაც შეინარჩუნებდა და მომავალ სეზონს მძლავრი გუნდით შეხვდებოდა, მაგრამ ვერ მოახერხა და ხეირიანი მოთამაშეებიდან ერთადერთი კრის კამანიღა შერჩა, თუ ახალწვეულ დევისს არ ჩავთვლით.

გადაწყდა, რომ "კლიპერსს" დატოვებენ ელტონ ბრენდიც და კორი მაგეტიც. ეს უკანასკნელი უკვე შეუთანხმდა "გოლდენ სტეიტ უორიორზს" 5-წლიან და 50-მილიონიან კონტრაქტზე. ამგვარად, გამოვიდა, რომ დევისმა და მაგეტმა კლუბები გაცვალეს. ისე, ამ "გოლდენ სტეიტის" გაგვკვირვებია.: ეს გუნდი ისედაც სავსე იყო უკანახაზელებით, მისი მწვრთნელი დონ ნელსონი ხუთეულში ოთხ დაბალ კალათბურთელს აყენებდა, მაგრამ ერთადერთი ნამდვილი გამთამაშებელი ჰყავდა დევისის სახით, ახლა კი მისი ადგილი 198-სანტიმეტრიანმა მსროლელმა მაგეტმა უნდა შეავსოს. ნელსონის ხელში ხომ ისედაც ორი კარგი მსროლელია - მონტა ელისი და სტივენ ჯეკსონი...

სამშაბათის მთავარი მოვლენა კი მაინც ელტონ ბრენდის "კლიპერსიდან" გაქცევა იყო. ნბა-ს ერთ-ერთმა უძლიერესმა მძიმე ფორვარდმა თითქოს ძველ გუნდში დარჩენის და დევისთან ერთად თამაშის სურვილი გამოთქვა, მაგრამ აი, გადათქვა და "ფილადელფიას" მიაშურა. კლუბს და მოთამაშეს ოფიციალური კონტრაქტი არ გაუფორმებიათ, ჯერ პირობებიც არ შეუთანხმებიათ და უცნობია, რამდენს მიიღებს ბრენდი ახალ გუნდში, მაგრამ "ფილადელფიამ" ყველაფერი გააკეთა 203-სანტიმეტრიანი მოზვერა მეფარის ხელში ჩავაგდებად, რომელიც მატჩში საშუალოდ 20 ქულა და 10 მოხსნა ღირს. "სიქსერზის" შეფებმა რამდენიმე ცვლილება მოახდინეს გუნდის შემადგენლობაში, რათა კლიპერსელისთვის ადგილი და სახელფასი მილიონები გაეთავისუფლებინათ. ასე მოუყარეს თავი დაახლოებით ყოველწლიურ 14 მილიონ დოლარს, თანაც მოთამაშეც ყოველმხრივ დააჯერეს "ფილადელფიის" პერსპექტიულობაში.

"ფილადელფია" ისედაც აპირებდა კარგი მძიმე ფორვარდის აყვანას და ატლანტელ ჯოშ სმიტსაც ეკურკურებოდა. ამ გუნდს ჰყავს კარგი გამთამაშებელი, ანდრე მილერი, ასევე მზარდი ვარსკვლავი ანდრე იგუდალა, რომელიც მსროლელადაც ვარგა და მსუბუქ ფორვარდადაც, თანაც ის უკვე 20-ქულიანი ვარსკვლავია. მაგრამ გუნდს აშკარად სჭირდებოდა კარგი მეფარე, რადგან ახმახ ცენტრ სამუელ დალემბერტს დაცვაში არა უშავს, ხსნის და აფარებს, თუმც შეტევაში მისი შესაძლებლობები საგრძნობლად შეზღუდულია და მხოლოდ "საფრთხობელას" როლის შესრულება თუ შეუძლია.

სმიტი რაღად უნდოდათ, როცა ფილადელფიელებმა აგერ, ამხელა ვარსკვლავი მოწყვიტეს. "სიქსერზი" ისედაც რიგიანი გუნდი იყო, პლეი ოფშიც კი გავიდა, ბრენდთან ერთად კი ფილადელფიელებს საერთოდ აღმოსავლეთის დაპყრობის ამბიციაც კი გაუჩნდებათ, თანაც პროგნოზებით, ერთ-ერთი აღმოსავლელი გრანდი "დეტროიტი" დასუსტდება.

ამგვარად, "კლიპერსი" დასუსტდა, "ფილადელფია" კი გაძლიერდა. რაც შეეხება "გოლდენ სტეიტს", ამ გუნდმა ბოლო სეზონში 47 თამაში მოიგო და მაინც ვერ მოხვდა პლეი ოფში, ახლა კი დევისის წასვლით და მაგეტის მიყვანით ალბათ ნაკლებ გამარჯვებას დააგროვებს. ასე რომ, ალბათ ეს გუნდიც სუსტებში უნდა "გავანაწილოთ".

სათქმელია ისიც, რომ "გოლდენ სტეიტს" გაექცა სათადარიგო მსუბუქი ფორვარდი, ფრანგი მიშელ პიეტრუსი, ვინაც კარიერის გაგრძელება აღმოსავლურ "ორლანდოში" ინება რაშარდ ლუისისა და ჰიდაიეთ თურქოღლუს თადარიგში ყოფნით.

ამასობაში რამდენიმე კლუბმა კონტრაქტი გაუფორმა დრაფტზე სულ ახლახან აყვანილ ახალბედებს. "მემფისმა" სამი წლით "დაატყვევა" დრაფტის მესამე ნომერი ოჯეი მაიო, რომელიც თავიდანვე ისე სურდა, რომ როცა დრაფტზე მისი აყვანა "მინესოტამ" დაასწრო, მემფისმა მის ხელში ჩასაგდებად 8-კაციანი გაცვლა გაჩარხა.

"ნიუ იორკმა" სტანდარტული სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა დრაფტზე მეექვსე ნომრად აყვანილ იტალიელ ფორვარდ, დანილო გალინარის - ეს ბიჭი შტატების არაოფიციალური დედაქალაქის გუნდში სამი წლით დარჩება და თითო სეზონში 2,6 მილიონს მიიღებს. გავიხსენოთ, რომ 2002 წლის დრაფტზე "დენვერ ნაგიტსმა" მეხუთე ნომრად აყვანილ ნიკა ცქიტიშვილსაც ასეთი კონტრაქტი გაუფორმა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com