|
|
"სარბიელი"
საპეკინო ბორჯომცხელება
ლექსო მაისურაძე
ძიუდოისტებს ფეხბურთიც გამოსდითბორჯომში, სპორტულ კომპლექს "ოლიმპში" საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრებმა 10-დღიანი შეკრება გაიარა და დღეს თბილისში ბრუნდება. "ანტიკოსები" რამდენიმე დღეს თბილისში გაჩერდებიან და მერე ბელარუსს მიაშურებენ, სადაც 13-27 ივლისს პეკინის ოლიმპიადის წინ დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს გაივლიან. ბორჯომში, "ოლიმპშივე" არიან ძიუდოისტებიც და ისინიც გამალებით ემზადებიან საპეკინოდ. სპორტულ კომპლექსში საკმაოდ ხალისიანი განწყობაა შექმნილი. მოჭიდავეები ფეხბურთითაც ერთობიან. რაც მთავარია, ტრავმას არავინ უჩივის და ყველა უკვე ოლიმპიადის მოლოდინშია. "ანტიკოსების" 10-დღიანი შეკრება ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას დაეთმო. ნაკრების წევრებიც ნელ-ნელა ჩვეულ ფორმაში შედიან. კლასიკოსთა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბედინაძემ ბორჯომულ შეკრებასთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა: წონა მაქვს მომატებული, მაგრამ ეს არაფერია, მალე ჩემს წონაზე დავდგები. ვარჯიშებმა საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. აქცენტი ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე გადავიტანეთ. ახლა ცოტა ხანს თბილისში ვიქნებით და მერე ბელარუსში მივდივართ, სადაც ბოლომდე უნდა დავიხვეწოთ. ოლიმპიადამდე ბევრიც აღარ დარჩა და ეს დრო მაქსიმალურად კარგადაა გამოსაყენებელი. "ანტიკოსები" კი დატოვებენ სპორტულ კომპლექსს, მაგრამ მათ მალევე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაენაცვლებიან. ზაზა თურმანიძის ფალავნები ბორჯომს 16 ივლისს ჩააკითხავენ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |