|
|
"სარბიელი"
ეს ხომ უიმბლდონია?! რაფაელ ნადალს ბალახი ძროხებისთვის არ ემეტება
რაფაელ ნადალი მხოლოდ "გრუნტის მეფე" აღარ არის. ესპანელმა კვირას ეპიკურ ფინალში როჯერ ფედერერის დამარცხებით უიმბლდონის ტიტული მოიგო და ყველა კრიტიკოსს დაუმტკიცა, რომ ტყუილად ეძახდნენ ერთი საფარის ჩოგბურთელს. ყველაფერთან ერთად ნადალი მეორე ესპანელია, რომელმაც "სრულიად ინგლისის ბალახის ჩოგბურთის" კორტებზე გაჩემპიონება მოახერხა. აქამდე ეს მხოლოდ მანუელ სანტანას გაეკეთებინა 1966 წელს. ქვემოთ მოცემულ ინტერვიუში რაფა სწორედ იმაზე საუბრობს, თუ რამდენს ნიშნავს მისთვის და მთლიანად ესპანური ჩოგბურთისთვის მსოფლიოს უპრესტიჟულესი ტურნირის მოგება - მეოთხე სეტში ორი მატჩ-პოინტი ვერ გამოიყენეთ. ამან არ აგანერვიულათ. თავი კოშმარში ხომ არ გეგონათ. - ვფიქრობ, არასწორი ფორმულირებაა. ვერ გამოვიყენე-მეთქი არ ვიტყოდი, რადგანაც ისე გამოდის, რომ ჩემით გავაფუჭე რამე. არადა, ორივე შემთხვევაში ჩემზე ცოტა იყო დამოკიდებული. პირველად როჯერმა მოაწოდა ძალიან კარგად - ისე, მთელი შეხვედრა შესანიშნავად აწოდებდა - და ამას ფაქტობრივად ვერაფერ ხეირიანს ვერ დავუპირისპირებდი. მეორე მატჩ-პოინტზე კი მან იდეალურად ითამაშა. იმ მომენტში ბურთი მისგან მარცხნივ სპეციალურად გადავაგდე, რადგანაც მანამდე ბექჰენდზე ხშირად ცდებოდა. თუმც სწორედ აქ იმდენად ზუსტად და ძლიერად დაარტყა, რომ ფაქტობრივად უშანსოდ დამტოვა. ასე რომ, როცა მეოთხე სეტი წავაგე და სკამზე ვიჯექი, ვფიქრობდი, კარგად ვთამაშობ, ყველაფერი კარგად გამომდის, ასე რომ, საჭიროა პოზიტიური განწყობის შენარჩუნება-მეთქი. მთავარი იყო ისევე გამეგრძელებინა, როგორც მანამდე ვთამაშობდი, რადგანაც საკუთარ თავთან არანიარი პრეტენზია არ მქონდა. მთლიანობაში საკმაოდ თვითდაჯერებული ვიყავი და ამიტომ მეხუთე სეტსაც კარგი განწყობით შევხვდი. სიმართლე გითხრათ, ახლა უზომოდ ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთ ხასიათზე დარჩენა მოვახერხე, მორალურად არ გავტყდი და ეს გასაოცარი თამაში მოვიგე. - კარგად გვახსოვს შარშანდელი მარცხის შემდეგ რამდენად დათრგუნილი იყავით. ახლა რას განიცდით. - აღწერაც კი გამიჭირდება. უბრალოდ, ბედნიერი ვარ. ჩემთვის ნამდვილი საოცრებაა, სასწაულია უიმბლდონის ტიტულის მოგება. ბავშვობის ოცნების ასრულებასაც ძნელად დავარქმევ, რადგანაც პატარაობაში მხოლოდ აქ თამაშზე ვოცნებობდი, მაგრამ მაშინ აზრადაც კი არ გამივლია, რომ როდისმე ჩემპიონებასაც შევძლებდი. ნებისმიერი ესპანელი ჩოგბურთელისთვის აქ მოგება ნამდვილი სასწაულია. რა თქმა უნდა, ყველა სპორტსმენისთვის დიდი პატივია, მაგრამ განსაკუთრებით მაინც ესპანელებისთვის, რადგანაც ჩვენ აქ არცთუ ბევრი ტიტული მოგვიგია. ასე რომ, ეს მართლაც ფანტასტიკაა. - მეოთხე სეტის წაგება, რომელშიც ორი მატჩ-პოინტი გქონდათ, ბევრ სხვა ჩოგბურთელს წელში გატეხდა. თქვენ როგორღა შეძელით ამ ზეწოლის გაძლება და შემდეგ მეხუთე სეტში უმაღლესი დონის ჩოგბურთის ჩვენება. - ეს ხომ უიმბლდონის ფინალი იყო. ისედაც ვიცოდი, რომ იოლად არაფერი მერგებოდა და ამიტომ თავიდანვე მზად ვიყავი ბოლომდე საბრძოლველად. ვიცოდი, რომ ჩემი სათამაშო გეგმისთვის არ უნდა გადამეხვია, რადგანაც საკმარისი იყო, ჩვეულ რიტმზე უარი მეთქვა და ყველაფერი მორჩებოდა. ამიტომ ვცდილობდი, არ მეფიქრა უკვე წაგებულ სეტებზე. მე ხომ ძალიან მაღალი დონის ჩოგბურთს ვაჩვენებდი და რატომ უნდა გავტეხილიყავი ფსიქოლოგიურად. ორი სეტი მოგებული მქონდა და მართალია, ორი ტაიბრეიკი წავაგე, მაგრამ იქაც ბევრი შეცდომა არ დამიშვია. კი, მეოთხე სეტში ტაიბრეიკზე 5:2 მიმყავდა და შემდეგ ორი ძალიან ცუდი გათამაშება ჩავატარე, მაგრამ აქ ცოტა არ გამიმართლა კიდეც. ჰოდა, ვეცადე, ეს გამეცნობიერებინა, რომ შემდეგ ამ მომენტებზე ზედმეტი აღარ მეფიქრა და ისინი წარსულში დამეტოვებინა. ამას ხომ ვეღარ შევცვლიდი. სამაგიეროდ, მეხუთე სეტში შემეძლო ყველაფრის გამოსწორება და კონცენტრაციაც ამაზე უნდა მომეხდინა. - ცოტათი მაინც არ გადაიღალეთ. - რა თქმა უნდა. ძალიან მძიმე დღე იყო, გრძელი და მძიმე. თანაც როცა ასეთ მნიშვნელოვან მატჩს ატარებ, არ შეიძლება, არ დაიღალო, რადგანაც მხოლოდ ფიზიკურად არ იღლები. მით უმეტეს, ეს შეხვედრა ძალიან გაიწელა. - კარიერის საუკეთესო მატჩი იყო. - ემოციების კუთხით, უეჭვლად საუკეთესი იყო. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ საუკეთესო იყო ჩემს მიერ ნაჩვენები თამაშის მიხედვით. თუმც არა, ალბათ ამ მხრივაც საუკეთესო იყო. - უიმბლდონზე ჩემპიონობა "როლან გაროსის" მოგებაზე დიდი მიღწევაა თუ არა - როგორც უკვე ახსენეთ, ესპანელებს აქ არცთუ ხშირად გაგიმარჯვიათ. - "როლან გაროსის" პირველად მოგებაც გასაოცარი შეგრძნება იყო. სიმართლე გითხრათ, არ მინდა, მოგებული სლემების შედარება იმ კუთხით, რომელი უფრო მეტს ნიშნავს ჩემთვის. მაგრამ ისე, უიმბლდონზე ჩემპიონობა ყველასთვის განსაკუთრებით საპატიოა აქაური ტრადიციებისა და ატმოსფეროს გამო, არა. თანაც უიმბლდონის მოგება ჩემთვის მართლაც მოულოდნელობაა, რასაც საფრანგეთის ღია პირველობაზე ვერ ვიტყვი. - ბევრ ესპანელ ჩოგბურთელს არ მოსწონს აქ თამაში და არაერთს უთქვამს, ბალახი მხოლოდ ძროხებისთვის უნდა იყოსო. თქვენ კი ამდაგვარი არაფერი დაგცდენიათ... - ასეთი ნამდვილად არაფერი მითქვამს, მე მიყვარს ამ საფარზე თამაში. 2005-ში ჟილ მიულერთან წაგების შემდეგაც ვთქვი, რომ ბალახზე ჩოგნაობა მსიამოვნებს-მეთქი. აქ ძალიან კარგი და ლამაზი შეხვედრები იმართება, რადგანაც წარმატების მისაღწევად ტაქტიკურად მრავალფეროვანი ჩოგბურთი უნდა ითამაშო. მართალია, წმინდა წყლის დაცვითი თამაშით, როგორსაც ესპანელები ვართ ჩვეულნი, ფონს ვერ გახვალ, მაგრამ უკანა ხაზიდან ჩოგნაობითაც შესაძლებელია ნებისმიერის დამარცხება. უბრალოდ, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეგეძლოს ბადესთან კარგად თამაში, ეს უიმბლდონის აუცილებელი კომპონენტია. - შეგიძლიათ გაგვანდოთ, რა უთხარით ერთმანეთს თქვენ და როჯერმა მატჩის ბოლოს. - მე ვუთხარი, კარგი ტურნირი ჩაატარე-მეთქი და მერე მოვუბოდიშე, რადგან ვიცი, რამდენად ძნელი იყო მისთვის ეს მარცხი. მაგრამ ის დიდი ჩემპიონი და კიდევ უფრო დიდი პიროვნებაა. ერთნაირად, მისთვის ჩვეული თავმდაბლობით ხვდება ყველა მარცხსა თუ გამარჯვებას. ახლო მეგობრები არასოდეს ვყოფილვართ, რადგანაც სხვადახვა ქვეყნიდან ვართ, მაგრამ მე მას ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი და ვფიქრობ, ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი გამარჯვებით, მაგრამ ვწუხვარ როჯერის გამო, რადგან ტიტული მანაც დაიმსახურა. - მეხუთე სეტში რამდენად ახლოს იყავით მარცხთან. - საკმაოდ, რადგან მას ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და რომ აეღო, გამიჭირდებოდა გათანაბრება. თუმც იმ მომენტში ძალიან კარგად ვითამაშე - ჯერ ძლიერი ფორჰენდი დავარტყი, შემდეგ კი იდეალური სმეში შევასრულე. ისე, გამარჯვებასთან მეც არაერთხელ ვიყავი ახლოს, ვინაიდან რამდენიმე ბრეიკ-პოინტი მქონდა. - როგორ შეეგუეთ იმას, რომ წვიმის გამო მატჩი ორჯერ შეწყდა. - არ გამჭირვებია. შარშან ამის საკმარისი გამოცდილება მივიღე. - ამ დროს გასახდელში რას აკეთებდით. - განსაკუთრებულს არაფერს. ფორმა გამოვიცვალე, ცოტა მუსიკას მოვუსმინე. - რამდენად გაღელვებდათ ის, რომ ბინდის გამო მატჩი შეიძლებოდა გადადებულიყო. - ვგრძნობდი, რომ ეს დრო ახლოვდებოდა. ბოლო გეიმში უკვე ვეღარაფერს ვხედავდი. მაშინ ვიფიქრე, რომ თუ როჯერი ჩემი მოწოდების აღებასა და ანგარიშის გათანაბრებას შეძლებდა, მატჩს უდავოდ ორშაბათისთვის გადაიტანდნენ. - პირველი ჩოგბურთელი ხართ, რომელიც სამეფო ლოჟაში აძვრა. რამდენად კარგად იცნობთ ესპანეთის პრინცს. - მის აღმატებულობას რამდენჯერმე შევხვედრივარ. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, რომ მან ჩემი მატჩის საყურებლად აქ ჩამოსვლა იკადრა. ეს მართლაც ბევრს ნიშნავს ჩემთვის. - როჯერი უკვე დაამარცხეთ გრუნტზე და ბალახზე. ჰარდის ჯერია. - იგი ჰარდზეც მყავს დამარცხებული, შარშან დუბაის ფინალში. - სლემტურნირს ვგულისხმობდით... - შორს ყურება არ მიყვარს. თუმც თუ როჯერთან ჰარდზე მომიწევს შეხვედრა, ეს ჩემთვის უკვე ისედაც კარგი ამბავი იქნება, არა. მას ხომ ფინალამდე ვერსად გადავაწყდები. - შეგიძლიათ გადმოცეთ ის ემოციები, რაც მატჩის მიმდინარეობისას გქონდათ, როცა ნელ-ნელა უპირატესობა დაკარგეთ და ყველაფერი მეხუთე სეტისკენ წავიდა. - ძალიან გამიჭირდება რამის გახსენება. თანაც ამ დროს ბევრ რამეზე არ ვფიქრობ ხოლმე, რადგანაც ეს კონცენტრაცაში ხელს მიშლის. ჩემი მთავარი საზრუნავი ყოველთვის ყოველი მორიგი გათამაშებაა და მეტი არაფერი. ვცდილობ, მხოლოდ უახლოეს გათამაშებაზე ვიფიქრო და არა იმაზე, რაც მოხდა, ან მომავალში რა იქნება. ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე, რომ ამ დროს ტიტულზე დაიწყო ოცნება - ბოლო წამამდე ამაზე ფიქრი თავში არც კი გამივლია.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |