|
|
"სარბიელი"
მთები, მთები ვნახოთ: ევანსს შუმახერი გაუკვირდა
ვანო კობიაშვილი
შოლეს მიდამოებში გამართულმა 29,5-კილომეტრიანმა ინდივიდუალურმა რბოლამ რაღაც კითხვებზე კი გასცა პასუხი, მაგრამ უფრო მეტი უპასუხოდ დატოვა და, რაც ყველაზე მთავარია, ახალი კითხვები დაბადა. დავიწყოთ იმით, რომ 29,5 კილომეტრი "ტურ დე ფრანსისთვის", ზოგადად, ძალზე ცოტაა. ანუ იმის თქმა გვინდა, რომ "ტურზე" ინდივიდუალური რბოლის დისტანცია, ტრადიციულად, 50 კილომეტრს აღემატება ხოლმე და სწორედ ასეთი იქნება წლევანდელი "ტურის" მეორე ინდივიდუალური რბოლა, რომელსაც ბოლოსწინა ეტაპი დაეთმობა. ასე რომ, ამ 29,5 კილომეტრით ძნელია ზუსტი დასკვნების გამოტანა და მაინც, გამოჩნდა, რომ კედელ ევანსი დიდებულ ფორმაშია და ამ წუთისთვის სწორედ ის გახლავთ წლევანდელი "დიდი მარყუჟის" უმთავრესი ფავორიტი. ევანსმა შოლეში მეოთხე შედეგი აჩვენა, მხოლოდ 21 წამი წააგო გამარჯვებულ შტეფან შუმახერთან, აჯობა ინდივიდუალური რბოლის აღიარებულ სპეციალისტს, ამ სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონ ფაბიენ კანცელარას და რაც მთავარია, უკან მოიტოვა თავისი მთავარი კონკურენტები - დენის მენშოვი, დამიანო კუნეგო, ალეხანდრო ვალვერდე, კარლოს სასტრე... ევანსი რბოლის შემდეგ ამბობდა, ასეთი შუმახერი არასოდეს მინახავს, აი, კანცელარასგან კი გაცილებით მეტს ველოდი, ხოლო საკუთარი თავით კმაყოფილი ვარო. რატომაც არ იქნება კმაყოფილი, ვალვერდეს ის ამ წუთისთვის წუთსა და 6 წამს უგებს და შეგახსენებთ, რომ წლევანდელი "ტურის" უმთავრეს ფავორიტებად, სწორედ ვალვერდეს და ევანსს მიიჩნევენ. "კაის დეპარნის" ბასკმა გუშინწინდელი რბოლა აშკარად ჩააგდო. ესპანური ველოგუნდის თავკაცები იმედოვნებდნენ, რომ ვალვერდე შოლეში ევანსთან ბევრს არ წააგებდა და სხვა კონკურენტებს იქით აჯობებდა. ასეთი ვარაუდიც კი ჰქონიათ - ჩვენი ლიდერი ევანსთან თითოეულ კილომეტრზე, საშუალოდ, წამ-წამ-ნახევარზე მეტს არ წააგებს, ანუ საბოლოო ჯამში, სადღაც 40 წამით ჩამორჩებაო. იმის გათვალისწინებით, რომ ავსტრალიელი ინდივიდუალურ რბოლაში ესპანელზე ძლიერია, 40 წამი მართლაც მისაღები იქნებოდა ვალვერდესთვის, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მან თითოეულ კილომეტრზე ორ წამზე მეტი წააგო ავსტრალიელთან და ახლა ამ დანაკარგის ანაზღაურება მთებში მოუწევს. დავანებოთ თავი ვალვერდეს და უკვე ნათელია, რომ პირველობისთვის ვეღარ იბრძოლებენ რიკარდო რიკო და კრისტოფ მორო. როგორც მოსალოდნელი იყო, ახალგაზრდა იტალიელმა ვერ გაუძლო ზედიზედ მეორე სუპერრბოლას და "ჯირო დიტალიას" მეორეადგილოსანი უკვე ოთხ წუთზე მეტს აგებს ყვითელ მაისურასთან და ეს სხვაობა ალაბთ უფრო გაიზრდება. მოროს ველოსიპედმა კი, როგორც ჩანს, საბოლოოდ ჩაიარა. ვეტერანი ფრანგის ჩამორჩენა ხუთ წუთს აღემატება და ძნელად, მთებში რომ რამე შეიცვალოს. შუმახერმა კი მართლაც ყველა გააოცა, თუმც ნაკლებად სავარაუდოა, "გეროლშტაინერის" მრბოლმა ყვითელი მაისურა დიდხანს შეინარჩუნოს. ლიდერის ცვლილება, უკვე დღეს შეიძლება მოხდეს, როდესაც მეექვსე ეტაპის ბოლოსკენ ველოქარავანს ორი მეორე კატეგორიის მთა ექნება დასალაშქრი. თავისთავად, ეს, ზღვის დონიდან 1401 და 1289 მეტრზე აღმართული მთები ნამდვილად არ არის დიდი საშინელება, მაგრამ ეტაპის ფინიში აღმართშია და იქ კი რაღაც მართლა შეიძლება მოხდეს. შუმახერს მხოლოდ 12 წამით ჩამორჩებიან კიმ კირხენი და დევიდ მილარი. მილარი დიდი ვერაფერი მთიელია, აი, კირხენს კი მთებში სიარული არ ესწავლება და ის ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება, მით უმეტეს, რომ გვერდით ჯორჯ ჰინკეიპის დარი მრავალნაცადი მრბოლი ეყოლება. ჰინკეიპი თავად, მხოლოდ 41 წამს აგებს შუმახერთან და მეშვიდე ადგილზეა. წუთისა და 12 წამის ჩამორჩენით მეთერთმეტეა დენის მენშოვი. წუთსა და 22 წამს აგებს ვალვერდეს თანაგუნდელი და თანამემამულე ოსკარ პერეირო სიო და, თუ ვალვერდემ პირველივე მთებში არ დაიწყო მდგომარეობის გამოსწორება, გუნდმა შეიძლება, აქცენტიც შეცვალოს. სხვა ფავორიტებიდან დამიანო კუნეგო წუთსა და 26 წამს აგებს ლიდერთან, ხოლო კარლოს სასტრე - წუთსა და 43 წამს, მაგრამ ისინი ინდივიდუალური რბოლის შემდეგ ასეთ ჩამორჩენას, ალბათ, ვარაუდობდნენ კიდეც. კუნეგოცა და სასტრეც მთებში შეუტევენ და ვნახოთ, პირინეებამდე ბევრიც აღარაფერი დარჩა. გუშინდელი, მეხუთე ეტაპი, რომელიც შოლესა და ჟერარ დეპარდიეს მშობლიურ შატორუს შორის 232 კმ-ზე იყო გაჭიმული, სპრინტერული საქმის გარჩევით და ბრიტანელი მარკ კავენდიშის გამარჯვებით დასრულდა. საერთო ჩათვლაში სურათი არ შეცვლილა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |