|
|
"სარბიელი"
მე უკვე ვემზადები: პეტარ სეგრტი, როგორც ყოველთვის: ძალიან მინდა ეს საქართველო!
ირაკლი პერტაია
ახლოვდება უელსთან ამხანაგური მატჩი, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიც აღარ არის შორს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი კი კვლავ ვაკანტურია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას რიგიანი კანდიდატები კი შეურჩევია, მაგრამ ჯერჯერობით შეთანხმებას ვერც ერთთან ვერ ახერხებს, დრო კი მიდის...
და ეს დრო მუშაობს ჩვენთვის უკვე შინაურად ქცეულ პეტარ სეგრტზე. ხორვატი სპეციალისტი აგერ უკვე ორი წელია, საქართველოშია, ახალგაზრდულ ნაკრებს თავკაცობს და ქართული ფეხბურთის ჭირ-ვარამიც კარგად მოეხსენება. სეგრტს უკვე აქვს ეროვნული ნაკრების მესაჭეობის გამოცდილებაც: ბოლო ამხანაგურ მატჩებში - ესტონეთთან და პორტუგალიასთან - სწორედ ხორვატი მოძღვრავდა ჩვენებს და მის ორკვირიან სანაკრებო მუშაობაზე აუგი მაინცდამაინც არ ითქმის. ასეა თუ ისე, სეგრტი იმედიანადაა და ნაკრების მთავარმწვრთნელობისთვის ემზადება, მასთან გუშინდელი საუბარი კი ზემოთხსენებული ტესტ-მატჩებით დავიწყეთ...
- პორტუგალიასთან მატჩიდან უკვე საკმარისი დრო გავიდა და ამ გადმოსახედიდან როგორ აფასებთ თქვენს ხანმოკლე სანაკრებო მუშაობას. - საკუთარი საქმიანობის შეფასება უხერხულია, ეს ფედერაციისა და ჟურნალისტების საქმეა, მათგან კი, მგონი, უარყოფითი შეფასება არ დამიმსახურებია. იმ ხანმოკლე დროში, რაც ნაკრებში ვიმუშავე, მეტის გაკეთება ნამდვილად შეუძლებელი იყო. ამაში, ცხადია, შედეგს ვგულისხმობ, თორემ რაც შეეხება უშუალოდ ვარჯიშებს და სხვა შიდა ამბებს, ამ მხრივ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. - ფედერაციისგან უარყოფითი შეფასება არ დამიმსახურებიაო, თქვით და, კონკრეტულად რა გითხრეს. - ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი, ისევე, როგორც მე და ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგი, პორტუგალიასთან მატჩის მეორე ტაიმით კმაყოფილი დარჩა. ახალკაცს მოეწონა ჩვენი ბიჭების თამაში, მათ პირადადაც გაესაუბრა და გარჯა შეუქო. ვიმეორებ, ეს პორტუგალიასთან მატჩის მეორე ტაიმს ეხება, როცა მოედანზე თითქმის ახალი და რაც მთავარია, ახალგაზრდა შემადგენლობა გავიყვანე. - ეს განზრახ გააკეთეთ. - რა თქმა უნდა. რომ ვნახე, პირველ ტაიმში არაფერი გამოგვივიდა, მეტოქეს სივრცეებს ვუთმობდით და შეტევას ვერ ვახერხებდით, მოედანზე ახალგაზრდული ნაკრების წევრები შევუშვი, რომლებსაც ერთად წარმატებით თამაშის გამოცდილება ჰქონდათ და შედეგიც გამოჩნდა. სხვათა შორის, პორტუგალიელთა მწვრთნელმაც მკითხა ამ ახალგაზრდებზე, მატჩის შემდეგ რომ ვისაუბრეთ. - ლუიშ ფილიპე სკოლარის ნამატჩევს რომ გაესაუბრეთ, ვიცით და მერეც შეხვდით. - დიახ, თამაშის შემდეგ 5-10 წუთი ვისაუბრეთ. სკოლარი გაკვირვებული იყო, ეს ახალგაზრდა ბიჭები როგორი სწრაფები და ჭკვიანები იყვნენ, ძალიან კარგი თაობა გეზრდებათო. მე ვუთხარი, რომ ისინი ახალგზარდული ნაკრების წევრები არიან და მათთან ერთად ბოლო მატჩებში მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ. სკოლარი კი არა, სხვა უცხოელებიც კითხულობდნენ ამ ახალბედებზე, ყველა აღნიშნავდა მათ კარგ თამაშს. - გამოდის, ახალგაზრდებით უფრო კარგი შედეგის მიღწევა შეიძლება, ვიდრე ნაკრების სტაჟიანი ფეხბურთელებით. - რა თქმა უნდა, არა, მაგრამ... ახალგაზრდობა რომ ჩვენი ნაკრების მომავალია, ამას კამათი არ უნდა. მეორე ტაიმში ჩვენ უფრო თანამედროვე ფეხბურთი ვითამაშეთ. პრესინგსაც არ ვერიდებოდით და სწრაფადაც ვმოძრაობდით დაცვასა თუ შეტევაში. ესაა შრომის ნაყოფი, ამ ბიჭებს ხომ ერთად გაცილებით მეტი უვარჯიშიათ და უთამაშიათ, ვიდრე ეროვნული ნაკრების წამყვან ლეგიონერებს. ხან ვინ აკლდათ, ხან ვინ და ამიტომაც ვერ მიაღწია შედეგს ეროვნული ნაკრების წინა მწვრთნელმა. დამერწმუნეთ, ჩვენს ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს: კალაძე, კობიაშვილი, კანკავა, ასათიანი, მუჯირი, სირაძე, ხიზანიშვილი... რომელი ერთი ჩამოვთვალო. ამათ რომ ემატებათ ყენია, მჭედლიძე და სხვა მართლაც ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდები, შესანიშნავი შემადგენლობა გამოდის, რითაც სერიოზული შედეგის მიღწევა სავსებით რეალურია. - მაშ რატომ ვერ ვაღწევთ. - დრო და მენტალიტეტი: აი, რაშია საქმე. მე ძალიან კარგად ჩავწვდი ქართველების ხასიათს და თუკი ერთად შეკრების და ხანგრძლივი ვარჯიშების შანსი მოგვეცემა, მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება. - ანუ თქვენ ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა გსურთ, ფედერაცია კი ამ დროს სხვა კანდიდატებს არჩევს... - გასაგებია, რომ ფედერაცია ცდილობს, ნაკრებს სახელიანი თავკაცი მოუძებნოს, მაგრამ ეს მე მწვრთნელობის ამბიციას არ მინელებს. დიახ, მე მინდა, რომ ეროვნულ ნაკრებში ვიმუშავო და ამისთვის, ასე ვთქვათ, უკვე ვემზადები. ამას წინათ მოვინახულე კობიაშვილი, ყენია, იაშვილი, ასათიანი, მუჯირი... გავეცანი მათ საკლუბო ამბებს. ველაპარაკე მათ მწვრთნელებს. ახლა ვაპირებ იტალიაში წასვლას, სადაც კალაძეს და მჭედლიძეს ვნახავ. რუსეთშიც მინდა ჩასვლა და სირაძის, გოგუას და ნაკრების სხვა წევრების ნახვა. - როგორ შეაფასებდით თქვენს შანსებს ეროვნულის მწვრთნელად დანიშვნის მხრივ. - ვერ გეტყვით, ფედერაცია მალე მიიღებს გადაწყვეტილებას. არიან ღირსეული კანდიდატები, თუმცა მეც მაქვს ჩემი პლუსები. მთავარი ის არის, რომ მე კარგად ვიცნობ ქართულ ფეხბურთს. ორი წელია, ფაქტობრივად, საქართველოში ვცხოვრობ და ამ ხნის მანძილზე სრულად შემექმნა აქაურ ფეხბურთზე, მის ყველა ნიუანსზე წარმოდგენა. ახალი მწვრთნელი რომ ჩამოვიდეს, მას ელემენტარულად დრო აღარ ექნება საიმისოდ, რომ ეროვნულ ჩემპიონატს უყუროს, ეს კი, ჩემი აზრით, დიდი მინუსი იქნება. ეროვნული ჩემპიონატი არის ნიჭიერი ახალგაზრდების საბადო. ეს წარსულმა წლებმა დაამტკიცა და ჩემი აზრით, მწვრთნელი აქ მოთამაშე ბიჭებს უფრო უნდა აკვირდებოდეს, ვიდრე ლეგიონერებს. - რაკი ასე აქტიურად მუშაობთ, ეროვნულის თავკაცად თუ არ დაგნიშნავენ, მთავარ მწვრთნელს ალბათ კარგ ასისტენტობას გაუწევთ... - მეორე მწვრთნელობა არ მინდა. მე მაქვს ჩემი საქმე. ვუძღვები ძალიან კარგ და სიმპათიურ ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელიც წინ მიიწევს. ასევე ვარ ასაკობრივ ნაკრებთა ტექნიკური დირექტორი და ამ საქმეში საკეთებელსაც ბევრს ვხედავ. ეროვნული ნაკრები პრიორიტეტია და მას შეძლებისდაგვარად ყველა დავეხმარებით.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |