|
|
"სარბიელი"
მანჩესტერი მონათმფლობელია: ბლატერმა ფერგიუსონს შეუტია
პაპუნა კედია
მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა, ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა, კრიშტიანუ რონალდუს ისტორიაში, არც მეტი არც ნაკლები, ალექს ფერგიუსონი დაადანაშაულა. საფეხბურთო მთავარგამგებლის თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა თავის პორტუგალიელ ვარსკვლავს, მიუხედავად რამდენიმე თვის წინ ხელმოწერილი ოთხწლიანი კონტრაქტისა, მადრიდის "რეალში" გადასვლა არ უნდა აუკრძალოს. "რაღაც, ფეხბურთში თანამედროვე მონათმფლობელობა მოხშირდა - გაბრაზებით განაცხადა ბლატერმა - ასეთ პირობებში მე ყოველთვის მოთამაშის მხარეს ვიჭერ. კაცს წასვლა უნდა. გაუშვი! თუ რონალუს არ სურს კონკრეტულ კლუბში დარჩენა, რადგან იქ თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, მისი ძალად დატოვება ცუდი იქნება როგორც ფეხბურთელისთვის ასევე კლუბისთვის. დიახ, ფეხბურთელი აუცილებლად უნდა დავიცვათ. თუ მოთამაშეებს სადღაც სხვაგან მიუწევთ გული, გამოსავალი აუცილებლად უნდა ინახოს". ეს ინტერვიუ ფიფას პრეზიდენტმა თლნ ტუცთ-ს მისცა. მანვე დასძინა: "პერიოდულად, ფეხბურთელების ტრანსფერთან დაკავშირებულ საქმეებში მონათმფლობელობის თანამედროვე ნაირსახეობებს ვაწყდებით და გადავწყვიტეთ, ასეთ ისტორიებს აღარ წავუყრუოთ. შევეცდებით ჩავერიოთ და ფეხბურთელების ინტერესი დავიცვათ. ბოსმანის წესმა მოიტანა ის, რომ კლუბები ფეხბურთელების შესანარჩუნებლად მათთან ხანგრძივ კონტრაქტებს აფორმებენ, მაგრამ როდესაც ამ ფეხბურთელებს სხვაგან გადასვლა მოუნდებათ, მათ საკუთარი თავის გამოსყიდვაში ხელი აღარ უნდა შეუშალონ". ბლატერის განცხადებაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" მხარეს პირველი, ოღონდ არაოფიციალური რეაქცია ასეთი ჰქონდა: "კონტრაქტი მასში მონაწილე ორი მხარის ნებაყოფლობითი შეთანხმებაა, რის გამოც ვფიქრობთ, რომ ჩვენი პოზიცია მართალია და მისი დაცვა ნებისმიერ ინსტანციაში თავისუფლად შეიძლება". ჩვენი მხრივ, თუ სწორად ვხვდებით, დავძენთ, რომ ბატონი ბლატერი კონტრაქტის ძალით გაფორმებას არც არავის აბრალებს, ის უბრალოდ, ამბობს, რომ ადამიანს ამა თუ იმ კლუბში (ან სამსახურში) საკუთარი ნებით მისვლის შემდეგაც შეიძლება გაუჩნდეს სხვა აზრი და კლუბის (ან სამსახურის) გამოცვლა მოუნდეს. რა უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში....
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |