|
|
"სარბიელი"
დააბრუნეთ ჯო მიწაზე!
პაპუნა კედია
ისე გამოვიდა, რომ ჯო კოულმა ჟოზე მაურინიუს საყვედური თქვა: ლუიშ ფელიპე სკოლარის გამოჩენამ იმედი ჩამისახა, მგონი, ბოლოს და ბოლოს, ჩემს ფეხბურთს ვითამაშებო, უთქვამს "ჩელსისა" და ინგლისის ნაკრების ფლანგელს. მაინც რა არის კოულის ფეხბურთი. 90-იან წლებში, ასაკობრივ ნაკრებებში და საყმაწვილო დონეზე თამაშისას ჯო კოულმა სახელი გაითქვა, როგორც ეფექტური ფინტების მქონე გარემარბმა, თუმცა, შედგა თუ არა ფეხი პროფესიულ სარბიელზე, ფინტები სადღაც გაქრა და ოდესღაც ეფექტური ბიჭუნას თამაშიდან წინ და უკან სასარგებლო სწრაფი სირბილიღა დარჩა - არც მაურინიუსა და არც გრანტს მისი ცრუმოძრაობები და დრიბლინგი არ დასჭირვებიათ. და აი, "ჩელსის" სათავეში ბრაზილიელი კაცი მივიდა, მწვრთნელი, რომელმაც 2002 წელს თავისი ქვეყნის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახადა, შემდეგ კი პორტუგალიის ნაკრები ათამაშა ძალიან კარგად და... რაც მთავარია, კოულის აზრით, ლამაზად. "სკოლარისგან დამაიმედებელი სიგნალები მივიღე - განაცხადა ვარსკვლავმა - რასაკვირველია, ჯერ ჩვენი ნაცნობობის პირველი დღეებია, მაგრამ ის ძალიან იოლად საურთიერთო კაცი ჩანს და ფეხბურთში დიდი წონაც აქვს. ერთი სიტყვით, ვიმედოვნებ, რომ მისი ხელმძღვანელობით კარგ ფეხბურთს ვითამაშებ და თითებს ვაჯვარედინებ, ნეტავ ტრავმამ არ შემიშალოს ხელი. მალე 27 წლის გავხდები და როგორც იქნა, გამოჩნდა მწვრთნელი, რომლის ნაირსაც მთელი კარიერის განმავლობაში ველოდი. სკოლარი ერთი კვირის მოსულიც არ არის და ბიჭების პატივისცემა უკვე დაიმსახურა. ის ჩვენთან უკვე შინაურივითაა". კოულმა ჟურნალისტებს უამბო, რომ ის უკვე ელაპარაკა პაულუ ფერეირას, მცველს, რომელიც სკოლარის ხელმძღვანელობით პორტუგალიის ნაკრებში ევრო 2008-ზე გამოდიოდა. "იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებ, რაც პაულუმ მიამბო და რაც ჩემი საკუთარი თვალით ვნახე, როგორც პორტუგალიის ასევე ბრაზილიის ნაკრებში მას აჰყავდა მოთამაშეები, რომელთაც ბურთის მოედანზე გორება უყვართ და მეც სწორედ ამას ვარ დანატრებული. პაულუმ მითხრა, რომ ის ჩინებული მწვრთნელია და, როგორც წესი, მისით ფეხბურთელები კმაყოფილები არიან. ეს ძალიან კარგის ნიშანია, რადგან, ჩვეულებრივ, როდესაც ხალხს მწვრთნელზე ელაპარაკები, ზოგი ერთს გეუბნება და ზოგი მეორეს".
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |