|
|
"სარბიელი"
საკონტრაქტო დავიდარაბა: ლამპარდის ფასი იზრდება, მანსინი კი უკვე ინტერშია
გიორგი კაკაბაძე
გაურკვევლობა ფრენკ ლამპარდის გარშემო გრძელდება. "ინტერი" ყველანაირად ცდილობს მის გადაბირებას, "ჩელსი" კი შენარჩუნებას. ლონდონელთა ხელმძღვანელები იმასაც კი ამბობენ, თუ ახალ კონტრაქტზე ვერ მოვრიგდებით, მოქმედი შეთანხმებით, ლამპარდი ჩვენთან კიდევ ერთი სეზონი უნდა დარჩეს და არსად გავუშვებთო, ანუ ისინი მზად არიან, მომავალ ზაფხულს ფეხბურთელი უფასოდ დაკარგონ, ოღონდ ახლა არ გაუშვან. შეგახსენებთ, რომ "ნეაძური" "ჩელსის" 6 მილიონ გირვანქას სთავაზობდა, ბოლო ინფორმაციით კი ეს თანხა 8 მილიონამდე გაზარდა. "ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შეთანხმებას შევძლებთ. მოლაპარაკება გრძელდება. ყოველთვის ვამბობდით, რომ ფრენკის შენარჩუნება გვინდა და ჩვენი წინადადება ძალაშია. ასეა თუ ისე, მოქმედი კონტრაქტით, ლამპარდი კიდევ ერთი წელი "ჩელსის" საკუთრებაა" - თქვა ლონდონელთა აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ კინიონმა. ლამპარდის აგენტი სტივ კატნერი: "ფრენკი კლუბის ახალ მწვრთნელ ლუიშ ფელიპე სკოლარის ჯერ ტელეფონით, მერე კი პირადად ელაპარაკა. ბრაზილიელ სპეციალისტს სურს, რომ ჩემი კლიენტი გუნდში დარჩეს. მას ფრენკმაც განუმარტა, რომ ძალიან უნდა კარიერის "ჩელსიში" დასრულება, მაგრამ იმ კონტრაქტით, რომელსაც კლუბი ახლა გვთავაზობს, ეს შეუძლებელია. შესაძლოა, რაღაც გაუგებრობა მოხდა და ფრენკის სიტყვები გადააკეთეს, არ ვიცი, მისი პოზიცია კარგად რატომ არ აუხსნეს სკოლარის. მწვრთნელს ეგონა, რომ ლამპარდს წასვლა სურდა. "ჩელსიმ" ლამპარდი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა, ის კარიერის "სტემფორდ ბრიჯზე" დასრულებაზე ოცნებობდა, მაგრამ ბევრად უკეთეს კონტრაქტს იმსახურებს". ამასობაში, "ინტერის" ბანაკში კვლავ ომპტიმიზმი სუფევს. "ჩელსის" ექსმწვრთნელს ჟოზე მაურინიუსა და კომპანიას სჯერათ, რომ "ნერაძური" ლამპარდს ხელში ჩაიგდებს. "ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და კვლავ დიდი იმედი გვაქვს, რომ ლამპარდის შეძენას შევძლებთ. მწვრთნელმა მითხრა, რომ კლუბი ყველაფერს აკეთებს, რათა ეს ტრანსფერი გამოვიდეს" - განაცხადა მაურინიუს ასისტენტმა ბეპე ბარეზიმ. ამასობაში, ამანტინო მანსინი როგორც მოსალოდნელი იყო, ოფიციალურად გახდა "ინტერის" ფეხბურთელი. "რომას" უკვე ყოფილი ბრაზილიელი გარემარბი "ნერაძურის" დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაუჯდა. გავრცელებული ცნობით, "ინტერი" მა სეზონში 3,5-4 მილიონ ევროს გადაუხდის. კონტრაქტი ოთხწლიანია. "ორივე მხარე კმაყოფილია. იმედია, მანსინი ისევე კარგად ითამაშებს, როგორც მეორე ექსრომაელი კრისტიან კივუ" - თქვა "ინტერის" დირექტორმა გაბრიელე ორიალიმ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |