"სარბიელი"
# 157
პარასკევი, 11 ივლისი, 2008 წელი

იები კარგად ხარობენ

კოკი კანდელაკი

ფლორენციის "ფიორენტინას" მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ უარყო ინფორმაცია, თითქოს კლუბს თავის ლიდერ ადრიან მუტუსთან პრობლემები ჰქონდეს.

საქმე ის აის, რომ ვრცელდებოდა ცნობები, რუმინელმა ხელფასის მომატება ითხოვა, რაზეც უარი უთხრეს და ამიტომ წასვლაზე დაიწყო ფიქრიო. მით უმეტეს, რომ მუტუს მსურვლები არ აკლია, გემანული "ბაიერნისა" და "შალკეს" თამადობით.

"ადრიანს რამდენიმე დღის წინ ველაპარაკე. ის ძალიან შემართული და მოტივირებულია. ერთი სული აქვს, როდის დაიწყება მოსამზადებელი პერიოდი და მთლიანად მომავალი სეზონი. მასთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ეს საკითხი დახურულია" - თქვა პრანდელიმ.

შეგახსენებთ, რომ "იებმა" გასულ სეზონში სერია ფ-ში მეოთხე ადგილი მოიპოვეს და ახლა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ. კლუბმა მუტუსა და მეკარე სებასტიან ფრეის შენარჩუნებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. გარდა ამისა, "ფიორენტინა" უკვე გაძლიერდა ალბერტო ჯილარდინოთი, ჯანლუკა კომოტოთი, სტევან იოვეტიჩით, ფელიპე მელოთი, ხუან მანუელ ვარგასითა და ჟეფერსონით. გამორიცხული არ არის, ფლორენციელებმა აგვისტოს ბოლომდე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატონ.

"დირექტორატმა და მთლიანად კლუბის ხელმძღვანელობამ ძალიან კარგად იმუშავა. ახლა გაცილებით უფრო ძლიერი გუნდი გვყავს და მართლაც ერთი სული გვაქვს, როდის დაიწყება სეზონი. ვერ გეტყვით, იტალიაში დიდ ოთხეულსა და შედარებით პატარა კლუბებს შორის სხვაობა შემცირდა თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ უშუალოდ ჩვენ საგრძნობლად მოვუმატეთ. ახლა თავდაუზოგავი შრომა გვმართებს, რათა წინსვლა გავაგრძელოთ. აგვისტოში ხომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩები ანუ ჩვენთვის სეზონის უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გველის" - დასძინა პრანდელიმ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com