"სარბიელი"
# 157
პარასკევი, 11 ივლისი, 2008 წელი

გლების გაქცევა ფსიქოლოგისგან

პაპუნა კედია

ამ უქმეებზე ბელარუსი ფეხბურთელი, ალექსანდრ გლები ოცნებას აიხდენს და "ბარსელონას" წევრი გახდება - "არსენალში" თამაშით სახელგანთქმულმა ფეხბურთელმა კატალონიელებთან უკვე შეათანხმა ოთხწლიანი კონტრაქტის პირობები.

მასთან ერთად "არსენალიდან" ჟილბერტო სილვაც მიდის. სილვას ახალი კლუბი ბერძნული "პანათინაიკოსი" იქნება.

მაგრამ, ერთია გლებისა და "ბარსელონას" მოლაპარაკება და მეორე, "ბარსელონასა" და "არსენალის" ვაჭრობა - ესპანური კლუბი გლებში 15 მილიონი გირვანქის გადახდას აპირებს: 15 მილიონი გირვანქა 29, 71 მილიონი დოლარი გახლავთ. თან, "ბარსელონას" გეგმის თანახმად, "არსენალი" ამ თანხას ერთბაშად არ მიიღებს. ერთბაშად კატალონიელები ლონდონელთა ანგარიშზე 12,5 მილიონი გირვანქის გადარიცხვას აპირებენ, დანარჩენ ორნახევარს კი ორი წლის მანძილზე გაუსტუმრებენ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსი თავს გამოიჩენს და გუნდი მისი დახმარებით ტიტულებს მოიპოვებს.

დათანხმდება ამ ვარიანტს "არსენალი". სავარაუდოდ არა, რადგან 15 მილიონ გირვანქას, ყოველგვარი კომბინაციის გარეშე "ბაიერნი" იხდის.

ინგლისური გაზეთები წერენ, რომ ოფიციალურად, "ბარსელონამ" უეფას დებულება დაარღვია და მოლაპარაკებები გაუმართა კაცს, რომელსაც თავის კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი ჯერ კიდევ აკავშირებდა, მაგრამ "არსენალი" ამის გამო ხმაურის ატეხვას არ აპირებს და საქმიანად აგრძელებს მოლაპარაკებებს, რომელთაც საფუძველი სამი თვის წინ ჩაეყარა.

რამდენადაც ცნობილია, "არსენალის" თავკაც არსენ ვენგერს გლების შენარჩუნების იმედი იმთავითვე აღარც ჰქონდა, თუმცა ეგონა, რომ ბელარუსი მილანის "ინტერისკენ" აიღებდა გეზს - "ინტერში" ხომ მწვრთნელად ჟოზე მაურინიუ მივიდა, მაურინიუს კი გლების თამაში ყოველთვის მოსწონდა.

"მე არსენ ვენგერს შევხვდი და ველაპარაკე - განუცხადა ინგლისელ ჟურნალისტებს გლებმა - მინდა განვაცხადო, რომ კარიერაში ასეთი მწვრთნელი არ მყოლია და განა მხოლოდ მწვრთნელი. ის ძალიან კარგი კაცია, ნამდვილი ფსიქოლოგი. ფეხბურთელებისადმი მის მიდგომას ყოველთვის ვეთაყვანებოდი".

გლების გაყიდვით მიღებულ თანხას "არსენალი" ფრანგი სამირ ნასრის საყიდლად მოიხმარს. ნასრის "მარსელი" 11,5 მილიონ გირვანქას აფასებს. ზემოხსენებულ ჟილბერტოში კი ლონდონელები დამატებით 2 მილიონსაც მიიღებენ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com