|
|
"სარბიელი"
ფინკე თბილისშია!
კობა ინასარიძე
საქართველოს ნაკრების შესაძლო მწვრთნელთა სია შეთხელდა და სულ სამი კანდიდატი დარჩა - გერმანელი ფოლკერ ფინკე, ებრაელი ავრაამ გრანტი, ბრაზილიელი ზიკო - ამათი შანსებიც, ჩაიბარონ ჩვენი ეროვნული გუნდი, ზუსტად ასეთივე თანამიმდევრობით შეიძლება განისაზღვროს. ყველაზე რეალური სწორედ ფოლკერ ფინკეს კანდიდატურა არის და აკი ის უკვე თბილისშია! ფინკე გამთენიისას მიუნხენიდან გვესტუმრა და დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდს დაიწყებს. ფინკეს თბილისური ვიზიტი ხანმოკლეა, გერმანელი სპეციალისტი დაათვალიერებს ეროვნულ სტადიონს, საგურამოში მშენებარე სანაკრებო ბაზას და უკვე აშენებულ ტექნიკურ ცენტრ "ბასას". მოლაპარაკებებიც ამის შემდეგ დაიწყება და ღამით ის უკანვე წავა. ფინკესთან შედარებით საქართველოში მუშაობის ნაკლები შანსი აქვს ავრაამ გრანტს. ფეხბურთის ფედერაციას ამ მწვრთნელთან უკვე ინტენსიური კავშირი აქვს. ფედერაციამ გრანტს თბილისში ჩამოსვლა და აქაურობის გაცნობა 16 ივლისისთვის შესთავაზა. იმ დღეს თბილისის "დინამო" ფარერულ "რუნავიკს" უმასპინძლებს და ფედერაციამაც ამიტომ შეარჩია გრანტისთვის ეს თარიღი. მწვრთნელი თუ წამოვიდა, ცხადია, "დინამოს" თამაშსაც დაესწრება. და ზიკო, ვისთვისაც ქართული მხარის პირობები უკვე ცნობილია და წინადადებაზე თუ ყაბულსაა, დღე-დღეზე უნდა თქვას. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ზიკოც ჩამოვა, ფინკესა და ალბათ გრანტის გზას გაივლის და მოლაპარაკებებს თბილისში გააგრძელებს. მოკლედ, კითხვაზე პასუხი, როდის და ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, ახლოვდება და ეს ამბავი უახლოეს ორ კვირაში (ეგებ იქამდეც) გაირკვევა. ერთიც საინტერესოა: შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ფეხბურთის ფედერაციამ მეტი საჯაროობისთვის თავის აღმასკომს სამივე ამ მწვრთნელის კანდიდატურა ერთად წარუდგინოს და ხმათა უმრავლესობით გადაწყდეს კიდეც ახალი თავკაცის საქმე. ყოველ შემთხვევაში, როგორც ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა უჩა უგულავამ გვითხრა, ჯერ სამივე მწვრთნელის საბოლოო პასუხს დაელოდებიან და გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ გამოცხადდება. აქ კი უკვე თბილისში მყოფ გერმანელი ფოლკერ ფინკეზე გეტყვით ორიოდ სიტყვას: ფინკე 1948 წლის 24 მარტს გერმანულ ნინბურგში დაიბადა. თამაში სამოყვარულო დონეზე "ჰაველზეში" დაიწყო და 1969-დან 1975 წლამდე "ჰანოვერშენში" გააგრძელა, სადაც დაასრულა კიდეც ფეხბურთელის კარიერა. სამწვრთნელო საქმესაც მაშინვე, "სტელინგენში" შეუდგა, 1986 წლიდან 1990-მდე იმავ "ჰაველზეს" თავკაცობდა, ერთი სეზონი "ნორდერშტედდში" იყო და შემდეგ 16 წელიწადი უკვე "ფრაიბურგში" გაატარა. ფინკეს ხელმძღვანელობით "ფრაიბურგი" ბუნდესლიგასა და მეორე ბუნდესლიგას შორის იყო გამოკიდებული, ერთხელ კი გუნდმა უეფას თასზე ითამაშა. ფინკეს სახელი საქართველოში მას შემდეგ გაისმა, რაც მან "ფრაიბურგში" ჯერ ალექსანდრე იაშვილი, მერე კი ლევან კობიაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გიორგი კიკნაძე, ზაზა ზამთარაძე და ოთარ ხიზანეიშვილი მიიღო. იაშვილი და კობიაშვილი ახლა უმაღლეს დონეზე თამაშობენ და თავის დროზე ხომ ლევან ცქიტიშვილიც ამათ სიმაღლეზე იყო... დღეს ფოლკერ ფინკე უკვე თავად არის საქართველოში...
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |