|
|
"სარბიელი"
გაზაევის დასასრული
მოსკოვის ცსკა-ს პრეზიდენტი ევგენი გინერი და მწვრთნელი ვალერი გაზაევი შეთანხმდნენ, რომ მომავალი სეზონიდან გუნდს ახალი თავკაცი ეყოლება. ვალერ გაზაევი, ვინაც სამჯერ ჩემპიონატი, ოთხჯერ თასი, ორჯერ სუპერთასი და ერთხელ უეფას თასი (2005) მოიგო, ამ სეზონის ბოლოს საკუთარი ნებით წავა. "ახლავე უნდა ვთქვა - განაცხადა გინერმა პრესკონფერენციაზე - ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ წინა ტურში მოსკოვის "დინამოსთან" წავაგეთ, გაზაევს მანამდე ჰქონდა წასვლა გადაწყვეტილი. ასეთი ვითარება ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეექმნას, ვინც ერთ საქმეს რამდენიმე წელიწადს ემსახურება. ვალერი ვასილიჩი დაიღალა და ამაში განსაკურთებული არაფერია. ექვს წელიწადში ერთად ბევრი ჯილდო მოვიგეთ. ამასთანავე გეტყვით, რომ მწვრთნელს სეზონის ბოლომდე დარჩენაზე მოვურიგდით. ჯერ ჩემპიონატში მხოლოდ ათი ტური მიილია და კიდევ 20 დარჩა. ეს კი ნიშნავს, რომ ვითარების გამოსწორება შესაძლებელია. როგორც იტყვიან, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. ევროპაში მსგავსი რამ ხშირად ხდება. მაგალითად, "ბაიერნმა" გერმანიაში წინა სეზონში ყველა ჯილდო მოიგო, მაგრამ გუნდმა იანვარშივე იცოდა, რომ ზაფხულში მწვრთნელი შეეცვლებოდა. ჩვენი ფეხბურთელები გინერისა და გაზაევისთვის არ თამაშობენ. ისინი ცსკა-ს ღირსებისთვის იბრძვიან და მერწმუნეთ, რომ ღირსება მთავარია." თავის მხრივ, ვალერი გაზაევმა თქვა: "ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი მარტივია - დავიღალე. ცსკა-მ ამ შემადგენლობით მოიგო ყველაფერი, რაც შეეძლო და დადგა მწვრთნელის შეცვლის დრო. კლუბის პრეზიდენტს სამი დღის წინ მივმართე, არგუმენტები დავულაგე და ვუთხარი, რომ წასვლა მსურდა. პრეზიდენტმა მთხოვა, სეზონი დამესრულებინა. ადამიანს, რომელთანაც ექვსი წლის განმავლობაში კარგი ურთიერთობა მქონდა, უარს ვერ ვეტყოდი. დიდი გზა ერთად გავიარეთ და ევგენი გინერის მადლობელი ვარ. გარდა ამისა, ჩემი გადაწყვეტილება უცვლელია, თუნდაც რუსეთის ჩემპიონები გავხდეთ. კონტრაქტი 2011 წლამდე მქონდა, თუმც სეზონის ბოლოს მივდივარ".
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |