"სარბიელი"
# 157
პარასკევი, 11 ივლისი, 2008 წელი

ოლიმპი დილა-საღამოს

ნუკრი ლოლაძე

გუშინ რუსთავის "ოლიმპმა" ორი ტესტ-მატჩი გამართა აზერბაიჯანელებთან. დილით რუსთაველები "ოლიმპიკს" გაეჯიბრნენ და 3:0 სძლიეს. "ოლიმპიკში" სამმა ქართველმა ითამაშა - რომან ახალკაცმა, მიხეილ ხუციშვილმა და გრიგოლ დოლიძემ, რომელიც აზერბაიჯანულ გუნდში გასინჯვაზეა.

მთელი მატჩის განმავლობაში თუ რამე შექმნა "ოლიმპიკმა", ყველაფერში ქართველების ფეხი ერია. ხუციშვილი პირველ ნახევარში თავდამსხმელი იყო, მის უკან დოლიძემ ითამაშა. მეორე ნახევარში ხუციშვილი მარცხენა ნახევარმცველად გაისარჯა, ახალკაცი კი მარჯვენა ნახევარმცველი იყო.

ხუციშვილი 62-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველ ლევან მელქაძეს, მან "ოლიმპიკში" ბოლნისის "სიონთან" ითამაშა და გოლიც გაიტანა, თუმცა გუშინ აღარ გამოჩენილა.

რუსთაველებმა თავიდანვე შეუტიეს. მე-3 წუთზე კოკა მიკუჩაძემ ქუსლით ხელსაყრელ პოზიციაზე დატოვა რევაზ გეწაძე, მაგრამ მან დარტყმა დაახანა და მომენტიც განიავდა. მალევე გიორგი მეგრელაძეს შეეძლო გატანა, თუმცა მისი თავური აზერბაიჯანელთა მეკარემ მოიგერია.

მე-6 წუთზე მეგრელაძემ მაინც გაიტანა - შოთა ბაბუნაშვილის კარგი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გავიდა და ერთი შეხებით გაიტანა - 1:0.

აზერბაიჯანელმა ქართველებმა იაქტიურეს - ხუციშვილმა რუსთაველ მცველებს შეცდომა დააშვებინა და დოლიძესაც შეეძლო, ეხეირა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.

"ოლიმპი" დაწყობილად თამაშობდა და გასაქანს არ აძლევდა მეტოქეს.

მეორე 45 წუთში ხვიჩა ქასრაშვილის შეგირდებმა კიდევ ორჯერ იხეირეს. 52-ე წუთზე გიორგი გაბიდაურმა შორიდან დააქუხა და ეფექტური გოლი გაიტანა, 67-ე წუთზე კი გიორგი ფეიქრიშვილმაც იყოჩაღა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

რუსთაველთა შემადგენლობა ასეთი იყო: მერლანი, მაჭავარიანი, ჭიჭვეიშვილი, თ. ღონღაძე, გ. ონიანი, გაბიდაური, ფეიქრიშვილი, გეწაძე (46 სებისკვერაძე), ბაბუნაშვილი, მიკუჩაძე, მეგრელაძე.

"ოლიმპი" საღამოს "ფოლადზე" "სიმურგს" ახალწვეულებით ეთამაშა და 0:2 წააგო. სხვათა შორის, მატჩს მხარის გუბერნატორი დავით კირკიტაძეც ესწრებოდა.

ქასრაშვილმა ყველა უცხოელი ნახა საქმეში, თუმცა რა შთაბეჭდილება შეექმნა, ვერ გეტყვით. პირველ ნახევარში ბრაზილიელი მორაიში და გაბონელი როდრიგ მუნდუნგა იდგნენ დაცვის ცენტრში, მეორე ტაიმში კი მუნდუნგამ მარჯვენა ნახევარმცველად გადაინაცვლა და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ კარგად გაისარჯა, მისი ადგილი კი დაცვის ცენტრში ჰოლანდიელმა იოჰან ველსიუსმა დაიკავა. ბრაზილიელები, მენდეში და იზბერნერი შემტევები იყვნენ, თუმცა ბევრი არაფერი გამოსვლიათ, უნგრელი სალკაი კი მარჯვენა მცველად მოგვევლინა...

რაც შეეხება სიმურგელ ქართველებს, სწორედ მათ გაიტანეს გოლები. მე-20 წუთზე კახა ჩხეტიანის ნაკურთხურალს მიხეილ მახვილაძემ დაახვედრა ფეხი საგოლედ, მეორე გოლი კი თავად ჩხეტიანმა გაიტანა საჯარიმოთი. ეს 27-ე წუთზე მოხდა.

დავით ბოლქვაძემ და მახვილაძემ ნახევარდაცვის ცენტრში ითამაშეს, კახა ჩხეტიანი კი მარცხენა მცველი გახლდათ. რაც შეეხება კახას ძმას, ზვიადს, რომელიც "სიმურგში" გასინჯვაზეა, ამ თამაშში არ გამოჩენილა.

"ოლიმპის" შემადგენლობა ასეთი იყო: სტურუა, მორაიში, მუნდუნგა, სალკაი, რეხვიაშვილი, სებისკვერაძე, კ. მახარაძე, დობროვოლსკი, გ. ჩხეტიანი (კალანდაძე 35), მენდეში (ველსიუსი 46), იზბერნერი.

ნამატჩევს "ოლიმპის" მწვრთნელ ხვიჩა ქასრაშვილს გავესაუბრეთ...

- დღეს უცხოელი ფეხბურთელები გასინჯეთ და რომელს დაიტოვებთ.

- ჯერ ვერაფერს გეტყვით, ხვალ გადავწყვეტ, დავიტოვებთ თუ არა.

- როგორც შევიტყვეთ, გუნდიდან წასულა დავით გიგაური...

- დიახ, გიგაური ჩვენთან არ არის.

- გვითხარით, თქვენი უახლოესი გეგმები...

- სავარაუდოდ, 12 ივლისს თბილისის "დინამო 2"-ს გავეჯიბრებით, 15-ში ცხინვალის "სპარტაკთან" ვგეგმავთ ტესტ-მატჩს, 18-ში კი ურეკში წავალთ შეკრებაზე.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com